როგორ შევქმნათ ხელოვნური ინტელექტით ფოტოები პრეზენტაციებისა და დავალებებისთვის

სასარგებლო რჩევები

ხელოვნურმა ინტელექტმა 2022-23 წლებში პოპულარობა საკმაოდ სწრაფად მოიპოვა, რადგან ის ადამიანებს ეხმარება თითქმის ყველა ტიპის დავალების შესრულებაში.

AI-ს ერთ-ერთი ფუნქცია კი ტექსტის სურათად გარდაქმნაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პრეზენტაციებისთვის განსხვავებული ფოტოების შესაქმნელად, ისე სხვა ნებისმიერი სტუდენტური დავალებისთვის.

იმისათვის, რომ ტექსტით სასურველი ფოტო მიიღოთ, აუცილებელია, რომ ინგლისურ ენაზე, ზუსტად აღწეროთ, თუ რისი შექმნა გსურთ. ამ მომსახურების მიღება მრავალ პლატფორმაზე შეგიძლიათ და ყველა მათგანი განსხვავებული ფუნქციებითაა აღჭურვილი. მაგალითად, ზოგიერთ მათგანზე შეგიძლიათ ისიც კი მიუთითოთ, თუ როგორ და „ვის“ სტილში გინდათ, რომ თქვენი აღწერილი ფოტო შეიქმნას.

DALL-E 2 ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ნახატის გენერატორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილია, რომელსაც შეუძლია, რომ სრულიად უბრალო ტექსტიდან აბსოლუტურად ახალი ნახატები შექმნას. მაგალითად, თუ პრეზენტაციას ნაპოლეონ ბონაპარტზე აკეთებთ და სისტემაში შეგყავთ ტექსტი „ნაპოლეონი ჭამს ნაპოლეონის ნამცხვარს“, DALLE-2 შექმნის ნახატს, სადაც ნაპოლეონი მართლაც ჭამს ნაპოლეონს.

ასევე საკმაოდ გავრცელებული პლატფორმაა Midjourney, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას ტექსტზე დაყრდნობით ნახატის შესაქმნელად იყენებს. ამჟამად აღნიშნული სისტემის Beta ვერსიაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მასზე წვდომის მოსაპოვებლად Discord-ის ანგარიშის შექმნა დაგჭირდებათ. დისქორდში აძლევთ ბოტს ბრძანებას, რომ მან სასურველი ნახატი დააგენერიროს. უფასო ავტორიზაციის გავლა კი დისქორდის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

Midjourney-ს გამოყენების ზუსტი ინსტრუქცია იხილეთ მოცემულ ვიდეოში:

ზემოთ მოყვანილი ორი პლატფორმის გარდა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Craiyon-ი, რომელიც სიმარტივით გამოირჩევა. მართალია, იგი ისეთი დახვეწილი არაა, როგორც Midjourney და DALLE-2, მაგრამ მასთან ერთად მაინც შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები