მსოფლიოში მრავალი ქვეყანა და კულტურა არსებობს, რომლებსაც საკუთარი სამზარეულო და საყვარელი კერძები აქვთ. აღნიშნული ქვეყნების გასტრონომიათა შორის მრავალი მსგავსება და განსხვავება არსებობს, მაგრამ კარტოფილი ფრის მიმართ სიყვარული თითქმის ყველა მათგანს აერთიანებს.
კარტოფილი ფრი თითქმის ყველასთვის კომფორტული საჭმელია – ცხიმიანი, ხრაშუნა და სასიამოვნო, მაგრამ მისმა მიღებამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
CNN-ის ინფორმაციით, ჰანჯოუში, ჩინეთის კვლევითმა ჯგუფმა დაადგინა, რომ შემწვარი საკვების, განსაკუთრებით კი შემწვარი კარტოფილის ხშირი მოხმარება ადამიანებში შფოთვის მაჩვენებელს 12%-ით, ხოლო დეპრესიის შანსს 7%-ით ზრდის. იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც არ მოიხმარენ ცხიმიან, შემწვარ საკვებს.
კვლევა 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 140728 ადამიანმა მიიღო. პირველი ორი წლის განმავლობაში, დაფიქსირდა შფოთვის 8294 და დეპრესიის 12735 შემთხვევა მათში, ვინც შემწვარ საკვებს, კონკრეტულად კი შემწვარ კარტოფილს მიირთმევდა. აქვე გეტყვით, რომ კვლევის მონაწილეთა უმრავლესობას ახალგაზრდები შეადგენდნენ.
მედიკოსის და „ცხოვრების სტილის სპეციალისტის“, ექიმი დევიდ კეცის თქმით, ეს კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ საჭმლის შემწვარ მდგომარეობაში მიღება ზრდის შფოთვისა და დეპრესიის განვითარების რისკს.
„ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს, ერთი ის, რომ ცხიმიანი, შემწვარი საკვების მიღება ზრდის დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების განვითარების რისკს, მაგრამ მეორეს მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც შფოთვით, თუ დეპრესიით იტანჯებიან, ხშირად იკვებებიან შემწვარი თუნდაც კარტოფილი ფრით, რადგან ეს მათთვის კომფორტულ საჭმელს წარმოადგენს, რაც მდგომარეობას რაღაც დონეზე უმსუბუქებს“, – განმარტა დევიდ კეცმა.
ჰარვარდის პროფესორი, ექიმი დოქტორ ვილეტი კი ამბობს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ კონკრეტულად რა ტიპის ცხიმი გამოიყენება საკვების შეწვისას.
ჟეჯიანგის უნივერსიტეტის მკვლევარმა და ზემოთ აღნიშნული კვლევის ავტორმა, იუ ჟანგმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ ცხიმიან საკვებთან, თუ კარტოფილ ფრისთან დაკავშირებით პანიკა არ არის საჭირო, მაგრამ იმის ცოდნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და შემწვარი საკვების მოხმარების შემცირება კარგად იმოქმედებს თქვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, აუცილებელია.