იტალიაში ChatGPT უსაფრთხოების დაცვის მოტივით დაბლოკეს – რა საფრთხეს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებისთვის

შემეცნება

იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ChatGPT-ის მიერ მომხმარებელთა მონაცემების შეგროვების წესების სავარაუდო დარღვევის გამო, ჩატბოტი ქვეყანაში დაბლოკეს.

აპლიკაციის დეველოპერებს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შეგროვების ერთდროულად რამდენიმე წესის დარღვევაში ადანაშაულებენ.

როგორც ირკვევა, კომპანია არ იცავს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ფუნდამენტურ კანონს, არ ამოწმებს მომხმარებელთა ასაკს (იტალიაში მსგავსი პლატფორმის გამოყენება 13 წლის ზემოთაა ნებადართული) და ასევე საუბარია კიბერდამნაშავეების მხრიდან ChatGPT-ის ბოროტად გამოყენებაზეც.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ChatGPT-ის შემქმნელ ორგანიზაცია OpenAI-ს 20 დღე აქვს იმის სათქმელად, თუ როგორ გაუმკლავდება 20 მილიონიანი ევროს ჯარიმის პირობებში დარღვევებით გამოწვეულ შეშფოთებას.

სააგენტომ განაცხადა, რომ ჩატბოტი მხოლოდ დროებით არის დაბლოკილი და იტალიელები მის გამოყენებას მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც ხელოვნური ინტელექტის დარღვევები სრულად იქნება აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მილიარდერი ილონ მასკი და ექსპერტთა ნაწილი მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს მოწოდებით გამოვიდნენ, რომ შეჩერდეს მძლავრი ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება, რათა დრო მოგვეცეს, რომ მათ უსაფრთხოებაში დავრწმუნდეთ.

ChatGPT იტალიის გარდა უკვე დაბლოკილია ჩინეთში, ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ ChatGPT 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა და მან მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან მომხმარებლებს ისეთი რთული დავალებების შესრულებაში ეხმარება, როგორიცაა კომპიუტერული კოდის დაწერა, საგამოცდო დავალებების შესრულება და სხვა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები