რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის სტაჟირების გავლა სწავლის პარალელურად

შემეცნება

მართალია, რომ ხშირად სტაჟიორის შრომა მონურს ემსგავსება, ან უბრალოდ სტაჟიორი თითქმის იმდენივეს, ან მეტს აკეთებს კომპანიისა, თუ დამსაქმებლისთვის, რამდენსაც ჩვეულებრივი, შტატში მყოფი თანამშრომელი, მაგრამ ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რატომაა სტაჟირება სტუდენტისა და ნებისმიერი ახალგაზრდა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი სამომავლო პერსპექტივებისა და დასაქმებისთვის.

პირველ რიგში, გეტყვით, რომ სტაჟირება 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დასაქმების ფორმაა, რომელსაც ძირითადად საჭირო გამოცდილების შესაძენად სტუდენტები, ან ახალგაზრდები მიმართავენ.

იმის გამო, რომ თანამედროვე შრომის ბაზარზე დღესდღეობით საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა, დამსაქმებლისთვის პოტენციური თანამშრომლის დიპლომები, სიგელები და სერთიფიკატები პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კანდიდატის გამოცდილებას უკვე ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა.

შესაძლოა, რომ თქვენს სფეროში საკმაოდ ღრმა და საფუძვლიანი თეორიული ცოდნა გქონდეთ, მაგრამ აუცილებლად მოისმენთ ფრაზას, რომ „პრაქტიკაში სულ სხვანაირადაა“. პირველ რიგში, ნებისმიერი სამუშაო პროცესი, როგორადაც არ უნდა გიყვარდეთ თვენი პროფესია, სტრესულია. სტრესში მუშაობის უნარის განვითარებას კი გარკვეული დრო სჭირდება, რომელსაც მხოლოდ რეალურ საქმეებთან გამკლავებით შეიძენთ და სამუშაოს ისეთი კუთხიდან დაინახავთ, რომლიდანაც აქამდე არ უყურებდით.
გამოცდილებასთან ერთად, ნებისმიერ კომპანიაში სტაჟირების გავლა თქვენთვის ახალი კონტაქტების გაჩენას ნიშნავს. ამასთანავე, პროფესიონალებისგან რეკომენდაციების მიღება დიდ სამსახურს გაგიწევთ მომავალში.

Zippia-ს სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ყოველწლიურად სტაჟირებას 300 000 ადამიანი გადის, საიდანაც 70% იმავე კომპანიაში საქმდება, სადაც სტაჟირებას გადიოდა. სტაჟიორთა 60.8% ანაზღაურებას იღებდა, ხოლო დანარჩენი 39.2% არა ანაზღაურებად სტაჟირებაზე იყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მსგავსი სტატისტიკა/კვლევა არ არსებობს, მაგრამ საქართველოს შრომის კოდექსის მესამე თავის მეთვრამეტე მუხლის მიხედვით, ანაზღაურების გარეშე სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა – 1 წელს. პირს უფლება აქვს, რომ ერთსა და იმავე დამსაქმებელთან ანაზღაურების გარეშე სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ, ხოლო სტაჟიორსა და დამსაქმებლის ურთიერთობას აწესრიგებს წერილობითი ხელშეკრულება, სადაც დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაო. აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებებზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.

STUDINFO.GE ესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტს, დიტო მაჭარაძეს, რომელიც არაანაზღაურებად სტაჟირებას ერთ-ერთ კერძო კომპანიაში გადის და განგვიმარტა, თუ რატომაა მისთვის სამუშაო გამოცდილება მნიშვნელოვანი და რამდენად ახერხებს სტაჟირების და სწავლის შეთავსებას.

-ზოგადად, რა აზრის ხარ სწავლის პარალელურად სტაჟირებაზე?

-სწავლის პარალელურად სტაჟირების გავლა აუცილებელია, განურჩევლად იმისა, რა განხრით იღებ განათლებას. უნივერსიტეტების ნაწილს არ აქვს თითქმის არანაირი რესურსი, გარდა თეორიული მასალებით უზრუნველყოფისა, რათა შეძლოს, რომ 4 წლის თავზე მხოლოდ დიპლომით კი არა, პრაქტიკული ცოდნითაც გამოგიშვას სასწავლებლის კედლებიდან.

-როგორ ფიქრობ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია სტაჟირების გავლა?

-პრაქტიკული ცოდნის გარეშე, ძალიან რთულია საკუთარი პროფესიით თავდაჯერებულად იმუშავო და თანამედროვე სტანდარტებს ფეხი აუწყო. მე პირადად, სტაჟირების პროგრამამ დამანახა ის სირთულეები, რაც ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ჩანდა. სტაჟირება იმ ცოდნით უზრუნველყოფს და კისრულობს ვალდებულებებს, რასაც მაგალითად ვერ კისრულობს უნივერსიტეტი.

-სტაჟირების გამო სწავლაში გეშლება თუ არა ხელი და როგორ ახერხებ დროის სწორ განაწილებას?

-როცა სტაჟირება დავიწყე, ორივე მხარე შეთანხმებულები ვიყავით, რომ სასწავლო პროცესში ხელშეშლა არ იქნებოდა და ეს პირობა სრულდება, რაც კიდევ უფრო მეტად მიწყობს ხელს, როგორც განათლების, ისე საჭირო უნარ-ჩვევების მიღების პროცესში. დროის გადანაწილება რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაა. მართალია, მეტად ვიტვირთები კვირის განმავლობაში, თუმცა პარალელურად შენს საყვარელ საქმესაც რომ აკეთებ, ამ დაღლილობასაც ნაკლებ ყურადღებას აქცევ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები