საქართველოს ისტორიაში პირველად – თსუ-ს სტუდენტები იაპონისტიკას და სინოლოგიას სურვილის შემთხვევაში ძირითად სპეციალობად აირჩევენ

უნივერსიტეტების სიახლეები

პირველად საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები იაპონისტიკისა და სინოლოგიის ძირითად სპეციალობად არჩევას შეძლებენ. ინფორმაცია უნივერსიტეტის საინფორმაციო ვებსაიტზე ვრცელდება.

ვინც არ იცით, აქვე გეტყვით, რომ სინოლოგია ჩინეთმცოდნეობაა, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის და იკვლევს ჩინურ ენასა და ლიტერატურას, ხოლო რაც შეეხება იაპონისტიკას, ანუ იაპონოლოგიას – ამ დარგის სპეციალისტები იაპონური ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლით არიან დაკავებულნი.

საქართველოში მრავალი ადამიანია, რომელსაც აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია, ენები და კულტურა აინტერესებთ, მაგრამ ქვეყანაში აქამდე არ არსებობდა აკრედიტებული სასწავლო დაწესებულება, რომელსაც აღნიშნული სპეციალობების საბაკალავრო საგანმანათლებლო კურსი გააჩნდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კი ამიერიდან შეძლებენ, რომ სინოლოგიისა და იაპონისტიკის მიმართულებით კომპლექსურად, აკადემიურ დონეზე მიიღონ განათლება.

საგულისხმოა ისიც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში უკვე სტუდენტებს შეუძლიათ, რომ ჩინურ და იაპონურ კაბინეტს ესტუმრონ, რომლებიც სათანადო ლიტერატურით და თანამედროვე ტექნიკით სისტემატურად მარაგდება.

პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გელაშვილი ამბობს, რომ საქართველოში შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და კულტურის მიმართ სტუდენტების მხრიდან დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება და სწორედ ამიტომ, აკრედიტაციას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან ასევე საუბარში ხაზი გაუსვა ამ საქმეში იაპონური და ჩინური საელჩოების მნიშვნელობას და მათ მიმართ მადლიერება გამოხატა.

„მადლიერება გვინდა გამოვხატოთ საელჩოების მიმართ, რომლებმაც დიდი ყურადღება და კეთილი ნება გამოიჩინეს. სწორედ მათი თანადგომით გაიხსნა იაპონური და ჩინური კაბინეტები, ასევე გადმოგვცეს სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა სხვადასხვა ენაზე, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ბიბლიოთეკაში ინახება.“, – განაცხადა ნანა გელაშვილმა.

პროფესორმა სამომავლოდ უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა დააანონსა და მისივე ინფორმაციით, წარმატებულ სტუდენტებს შანსი ეძლევათ, რომ ჩინეთსა და იაპონიაში სწავლის გასაგრძელებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა პროგრამით წავიდნენ.

ავტორი: ბაჩანა ტყემალაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები