მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტების დაფინანსება იწყება – მერიაში წარსადგენი დოკუმენტები და ვადები

უნივერსიტეტების სიახლეები

თბილისის მერიის მიერ დაანონსებული პროექტისთვის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დაფინანსებისთვის განცხადებების მიღება იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ 18 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერია.

როგორც უწყების მიერ STUDINFO.GE-სთვის გამოგზავნილ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, განცხადებების მიღება 2022 წლის 18 მაისიდან იწყება და ამავე წლის 10 ივნისამდე გაგრძელდება.

დაფინანსების მიღების მსურველმა სტუდენტებმა თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ.N7) შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ:

  • პირადი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან მრავალშვილიანი ოჯახის – სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.
  • თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა, (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს რეგისტრაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

„სტუდენტებს განცხადებების შემოტანა ასევე შეუძლიათ, თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: my.municipal.gov.ge, (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში)“, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ პირების დაფინანსების შესახებ განცხადება, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 4 მაისს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კალაძემ აღნიშნა, რომ დაფინანსებით სარგებლობა იმ სტუდენტებს შეეძლებათ, რომლებიც ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისში არიან რეგისტრირებულები. სტუდენტების დახმარების გაცემა წელიწადში ორჯერ, სემესტრულად მოხდება და მისი მიღება დამოკიდებული იქნება განმცხადებლის მიერ, წინა სემესტრში მიღებულ ქულებზე:

  • 90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათლით – სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის;
  • 70-ზე მეტი – 90 ქულის ჩათვლით  – სემესტრული თანხის 100%, (1 125 ლარი) მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787,50 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის;
  • ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე – სემესტრული თანხის   არაუმეტეს 70% (787.50 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტისთვის, ხოლო თანხის არაუმეტეს 50%, (562,50 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და  ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის.

სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე, ბაკლავრიატზე, მაგისტრატურაზე და დოქტურანტურაზე. დაფინანსების ოდენობა შეადგეს წლიურად არაუმეტეს 2,250 ლარს და სემესტრულად არაუმეტეს 1,125 ლარს.

ასევე იხილეთ: 

თბილისის მერია სწავლას დაუფინანსებს მრავალშვილიანი ოჯახების წევრ სტუდენტებსა და შშმ სტატუსის მქონე ახალგაზრდებს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები