თბილისის მერია სწავლას დაუფინანსებს მრავალშვილიანი ოჯახების წევრ სტუდენტებსა და შშმ სტატუსის მქონე ახალგაზრდებს

უნივერსიტეტების სიახლეები

თბილისის მერია მრავალშვილიანი ოჯახების წევრ სტუდენტებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების სწავლის გადასახადს დაუფინასებს, – ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

როგორც კალაძემ დღეს, 4 მაისს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაფინანსებით სარგებლობა შეეძლებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისში არიან რეგისტრირებული. სტუდენტების დახმარების გაცემა წელიწადში ორჯერ, სემესტრულად მოხდება და მისი მიღება დამოკიდებული იქნება განმცხადებლის მიერ, წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებულ ქულებზე. 

„მინდა მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს საინტერესო პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ წარმატებულ სტუდენტებს აფინანსებს. ჩვენ 2021 წელს გავაორმაგეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი და დაახლოებით 4000-მდე სტუდენტი დაფინანსდა. ამ პროგრამას ვამატებთ კიდევ ერთ საინტერესო მიმართულებას, თბილისის მერია იწყებს ახალ პროგრამას, მრავალშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით. 

„რა თქმა უნდა, დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ, წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებულ საშუალო არითმეტიკულ ქულებზე. აქ იქნება სხვადასხვა სახის დაფინანსება და ეს ყველაფერი დამოკიდებულია ისევ და ისევ სტუდენტების ქულებზე. ჩვენ გვაქვს 100%-აინი და 70%-იანი დაფინანსებები, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

როგორ გამოითვლება რამდენით დაფინანსდება სტუდენტი:

„90-ზე მეტი – 100  ქულის ჩათვლით, სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი);      მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი  და მეტი შვილი) წევრი სტუდენტებისთვის და  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ზომიერად,  მნიშვნელოვანად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა) სტუდენტებისთვის;

70-ზე მეტი –  90   ქულის  ჩათვლით,  სემესტრული თანხის 100%  (1 125 ლარი)   მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის,  ხოლო სემესტრული თანხის 70% (787.5 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

70-ის    ტოლი და  ნაკლები  ქულის  შემთხვევაში, სემესტრული თანხის  70% (787.5 ლარი) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის 50%  (562.5 ლარი) მრავალშვილიანი  ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული   შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის”, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ თბილისის მერიის ბრძანება

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები