მიუხედავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებისა, რომლის მიხედვითაც 13 მაისს თსუ-ში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო, უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციებს კვლავ აგრძელებს და ადმინისტრაციის გამოცხადებული გადაწყვეტილების აღსრულებას მათი მოთხოვნების შესაბამისად მოითხოვს.
როგორც პროტესტის ერთერთმა ორგანიზატორმა, სოფი მოლაშხიამ 14 მაისს, STUDINFO.GE-სთან საუბრისას თქვა, უნივერსიტეტს მათი მოთხოვნები რეალურად არ დაუკმაყოფილებია და ადმინისტრაციამ განცხადება მხოლოდ პროტესტის დასაშოშმინებლად გააკეთა.
„ეს განცხადება თსუ-ის ადმინისტრაციის მხრიდან შუბლზე იარაღმიდებულის გადაწყვეტილება იყო. ეს ბრძანება ჩვენ დასაშოშმინებლად მოგვიგდეს, თითქოს რაღაც მართლა შეცვალეს, რეალურად კი, ყველაფერი ისე გააგრძელეს, როგორც აქამდე იყო“, – მოუყვა სტუდენტი STUDINFO.GE-ს.
მისივე სიტყვებით, პროტესტის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ ჰიბრიდული რეჟიმი უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს შეხებოდა, რათა სტუდენტებს თავად შეძლებოდათ არჩევა, თუ რა რეჟიმში გააგრძელებდნენ ლექციებზე დასწრებას, რეალურად კი, სასწავლო ფორმატის არჩევის საშუალება არა სტუდენტებს, არამედ კონკრეტული ფაკულტეტების დეკანებს მიეცათ, რაც მათ თავდაპირველ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
სოფი აცხადებს იმასაც, რომ აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ, ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარებულიყო საგამოცდო პროცესიც, რაზეც უნივერსიტეტის პასუხი იყო, რომ „ჰიბრიდული გამოცდები შეფასების მხრივ თანასწორი ვერ იქნება“.
„იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი პრობლემა შეიქმნა და უნივერსიტეტი ამბობს, ჰიბრიდული გამოცდა არათანაბარია, ჩვენ ჩვენს მოთხოვნებს დავამატეთ ახალი პუნქტი და ვითხოვთ, რომ უნივერსიტეტმა ან სრულიად ჰიბრიდულად წარმართოს გამოცდები ან სრულიად ონლაინ, რათა ყველა სტუდენტი თანაბარ პირობებში იყოს“, – თქვა სოფი მოლაშხიამ STUDINFO.GE-სთან საუბრისას.
სოფის ინფორმაციით, სტუდენტების პროტესტი კვლავ გაგრძელდება და ის უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს. აქციები შეიძლება ყოველ დღე გაიმართოს, მონაწილეები კი ღამეს უნივერსიტეტშიც გაათენებენ.
„პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს“, – ამბობს პროტესტის ერთერთი ორგანიზატორი.
უნივერსიტეტის საპასუხო პოზიციის გასაგებად, 16 მაისს STUDINFO.GE თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა. უნივერსიტეტს ვკითხეთ, რას ფიქრობენ ისინი უკმაყოფილო სტუდენტების ახლანდელ განცხადებებზე. ასევე დაგვაინტერესა რამდენი სტუდენტი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რამდენი დარჩა აუდიტორულ რეჟიმში და რამდენ პრობლემურ სტუდენტს დაეხმარა უნივერსიტეტი, როგორც მათ გადაწყვეტილების შეცვლამდე განათლების სამინისტრო მოუწოდებდა.
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთოერთობის დეპარტამენტმა 16 მაისის დღოს ბოლოს გვიპასუხა, რომ სტატისტიკური მონაცემები რამდენი სტუდენტი დაესწრება სააუდიტორიო თუ დისტანციურ ფორმატში ლექციებს, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
“საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით ფაკულტეტებმა იმსჯელეს. ლექციები აუდიტორიებში გაიმართება მათთვის, ვისაც სურს სააუდიტორიო სწავლება, ხოლო ვისაც არ აქვს შესაძლებლობა შემოუერთდეს სააუდიტორიო სწავლებას – ლექციები ჩატარდება დისტანციურად. საჭიროების შემთხვევაში, ლექტორები ჩაუტარებენ სტუდენტებს დამატებით დისტანციურ კონსულტაციებს. სტუდენტებს ასევე შეეძლებათ ისარგებლონ ვიდეო-ლექციებით (ე.წ. პოდკასტებით), ელექტრონული სასწავლო მასალებით. იმ პროგრამებზე, რომელთა სპეციფიკა მთლიანად ეყრდნობა პრაქტიკულ კომპონენტს (მაგ. მედიცინის, არქეოლოგიის პროგრამებზე), ლექციები ჩატარდება დასწრებით, სააუდიტორიო ფორმატში, თუმცა, სააუდიტორიო სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე სტუდენტების ყოველი შემთხვევა განიხილება კონკრეტულად და ისინი ინდივიდუალურ შეთავაზებას მიიღებენ. უკვე მიმდინარეობს სტუდენტების განცხადებების მიღება ინდივიდუალურ საჭიროებებთან დაკავშირებით”, – უპასუხა თსუ-მ STUDINFO.GE-ს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სააუდიტორიო რეჟიმში სწავლის განახლებას უკვე თვეზე მეტია აპროტესტებს და მოითხოვს, რომ სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით გაგრძელდეს. უნივერსიტეტი მთელი ამ დროის განმავლობაში მკაცრად საკუთარ აზრზე იყო იქამდე, ვიდრე, 11 მაისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება გავრცელდებოდა. ამავე დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება სადაც ეწერა, რომ 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სასწავლო პროცესი 13 მაისიდან ჰიბრიდული ფორმატით წარიმართებოდა. რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე. აქვე აღნიშნული იყო, რომ გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდები არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში წარიმართება და გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.
კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დღეს, 16 მაისსაც არის დაგეგმილი.
ასევე იხილეთ:
თსუ-ის სტუდენტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად ღამე უნივერსიტეტში გაათენა
„არა 2 მაისს“ – თსუ–ის სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში სწავლის გაგრძელებას აპროტესტებს