თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, რომლებიც თსუ-ში სწავლის დასწრებულ რეჟიმში განახლებას არ ეთანხმებიან, პროტესტის ნიშნად 10 მაისის ღამე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაათენა. სტუდენტები რექტორთან შეხვედრის მოლოდინში ამ დრომდე იქ რჩებიან.
მანამდე, 10 მაისს, ამავე დარბაზში უკმაყოფილო სტუდენტებს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა, აქციის მონაწილეებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ისინი თსუ-ის რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ მანამ, სანამ რექტორს მათ სანახავად არ მივიდოდა.
როგორც პროტესტის ერთერთმა მონაწილემ, ქეთი ბახტაძემ „არა 2 მაისის“ ჯგუფში დაწერა, რექტორი სტუდენტებს დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე შეხვდება.
„ამ წუთებში ჩვენი მეგობრები ჩემი, თქვენი, ყველას უფლების დასაცავად ღამეს ათენებენ თსუ-ში. ხვალ 2 საათზე ვხვდებით გიორგი შარვაშიძეს. პროტესტი სწორად, ლოგიკურად და კონსტრუქციულად ვითარდება. მინდა გთხოვოთ, მოხვიდეთ ხვალ 2 საათზე უნივერსიტეტში. დავუდგეთ ერთმანეთს მხარში. ერთად მოვითხოვოთ პასუხები და არავის მივცეთ მასხრად აგდების უფლება!” – დაწერა ქეთი ბახტაძემ 10 მაისის ღამეს.
შეგახსენებთ რომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სააუდიტორიო რეჟიმში სწავლის განახლებას უკვე თვეზე მეტია რაც აპროტესტებს. ისინი სასწავლო პროცესის ჰიბრიდული რეჟიმით გაგრძელებას მოითხოვენ.
ამავე თემაზე:
განათლების სამინისტრო თსუ-ს: მაქსიმალურად გაითვალისწინეთ სტუდენტების მდგომარეობა
ასევე იხილეთ:
„არა 2 მაისს“ – თსუ–ის სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში სწავლის გაგრძელებას აპროტესტებს