„ველი ახალ თავგადასავლებს და სულ სხვანაირ სტუდენტურ ცხოვრებას“ – თსუ-ში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა

განათლება

დღეიდან, 2 მაისიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სააუდიტორიო სწავლება დაიწყო. ლექციებზე დასასწრებად მოსულმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში დილიდანვე მოიყარეს თავი. სადაც ყველაზე მხიარულები და აქტიურები კი პირველკურსელები იყვნენ, ისინი განსაკუთრებით გახარებულები ჩანდნენ აუდიტორიებში სასწავლო პროცესის დაწყებით. STUDINFO.GE რამდენიმე სტუდენტს გაესაუბრა.

როგორც სტუდენტების უმეტესობა ამბობს, მათთვის სააუდიტორიო რეჟიმში სწავლის განახლება კარგი ამბავი იყო. ასე ფიქრობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ანა ამანათაშვილიც. მისი თქმით, იგი სააუდიტორიო სწავლებისგან უფრო ნაყოფიერ და კარგ სასწავლო პროცესს მოელის.

„სააუდიტორიო რეჟიმში სწავლება გამიხარდა, რადგან იმ მეგობრებს ვნახავ, რომლებსაც აქამდე მხოლოდ ვირტუალურ რეჟიმში ვიცნობდი. ასევე მგონია, რომ აუდიტორიებში სწავლა უფრო ნაყოფიერი და კარგი იქნება. მოკლედ რომ ვთქვა, უნივერსიტეტისგან ველი ახალ თავგადასავლებს, ახალ ამბებსა და სულ სხვანაირ სტუდენტობას“, – აღნიშნავს ანა STUDINFO.GE-სთან საუბრისას.

ანა აქვე ამბობს, რომ იგი სოლიდარობას უცხადებს სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში მოსვლას ვერ ახერხებენ და სრულიად ეთანხმება მათ პროტესტს.

„მე მესმის პროტესტის მონაწილე სტუდენტების და სოლიდარობას ვუცხადებ მათ. რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა ჰიბრიდულ რეჟიმში სწავლის დაწყება“, – ამბობს იგი.

სტუდენტები ონლაინ სწავლებიდან სააუდიტორიო ფორმატზე გადმოსვლის პრობლემაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ სალექციო წესრიგზე გადმოწყობა მარტივი არ იქნება. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კიდევ ერთი პირველკურსელის, გიორგი ალხაზაშვილის თქმით, ახალი რეჟიმისთვის შეჩვევა რთულია, რადგან სწავლების ონლაინ ფორმატი საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ პირველ კურსელი ვარ, ფაქტობრივად სემესტრ-ნახევარი ონლაინ რეჟიმში გავატარე. ამ ფორმატს კი უკვე მივეჩვიე და მგონია, რომ ახალ წესრიგზე გადასვლა მარტივი ვერ იქნება. თუმცა, ყველა სირთულე დაძლევადია“, – აღნიშნავს გიორგი.

STUDINFO.GE შეეცდება გაიგოს, როგორი იქნება სააუდიტორიო სასწავლო ფორმატში მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელი.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. თებერვლის შუა რიცხვებში სტუდენტებისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 2 მაისიდან, სასწავლო პროცესი აუდიტორიულ რეჟიმში გაგრძელდებოდა. უნივერსიტეტის ამ გადაწყვეტილებამ სტუდენტების აზრი ორად გაყო, მათი ნაწილი აუდიტორიულ სწავლებას ემხრობა, ხოლო მეორე ნაწილი კი ეწინააღმდეგება და სანაცვლოდ ჰიბრიდული რეჟიმის დანერგვას ითხოვს. ამ მოთხოვნით სტუდენტების ნაწილმა რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართეს. უკმაყოფილო სტუდენტები კიდევ ერთი აქციის გამართვას დღეს 13:00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსთან აპირებენ.

ასევე იხილეთ:

„არა 2 მაისს“ – თსუ-ის სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში სწავლის გაგრძელებას აპროტესტებს 

რას პასუხობს თსუ სტუდენტებს, რომლებიც 2 მაისიდან სწავლის სრულად აუდიტორიებში განახლებას აპროტესტებენ – დეტალები | Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები