„2 მაისიდან სრულად სააუდიტორიო სწავლების განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სტუდენტებს მიეწოდათ 18 თებერვალს. შესაბამისად, 2 თვეზე მეტი დრო მიეცათ სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებლად“, – ასე პასუხობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იმ სტუდენტებს, რომლებიც 2 მაისს აუდიტორიებში სწავლების დაწყებას აპროტესტებენ და დისტანციური ლექციების არჩევანის უფლებას ითხოვენ.
როგორც თსუ-ის მიერ 14 აპრილს, STUDINFO.GE-ს კითხვებზე პასუხად გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 7 მარტიდან ჰიბრიდული რეჟიმით განახლდა, სრულად სააუდიტორიო სწავლებაზე გადასვლა კი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა.
საგანმანათლებლო დაწესებულება განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყო არამხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ასევე ის ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, რაც თან ახლდა სტუდენტების გადაწყობას სააუდიტორიო ფორმატზე, ორწლიანი პაუზის შემდეგ.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თქმით, გამონაკლისი შეიძლება შეეხოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, რომელთაც გადაადგილების ფიზიკური საფრთხე ექმნებათ და თსუ-ის ინფორმაციით, ამ საკითხზე იმსჯელებენ ფაკულტეტები, თუ რა რესურსით შეიძლება ასეთი სტუდენტების პრობლემის მოგვარება. ამ კონტექსტში უნივერსიტეტი არ აკონკრეტებს რამდენ სტუდენტზეა საუბარი.
„უკმაყოფილო სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი და ფაკულტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე კანცლერმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაწყებულია რეგისტრაციის პროცესი თსუ-ის საერთო საცხოვრებელში ლისის ტბაზე და ბაგებში, სადაც 65 თავისუფალი ადგილია ამ ეტაპზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ლისის საერთო საცხოვრებელში კიდევ ერთი კორპუსის აღჭურვაზე, რაც დამატებით 85-მდე სტუდენტის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ეს ნიშნავს რომ 150-მდე სტუდენტის საცხოვრებლის საკითხი დადებითად გადაწყდება“, – ვკითხულობთ უნივერსიტეტის საპასუხო წერილში.
მათი ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ გადაიხედება კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ხდება სტუდენტური საერთო საცხოვრებლით დაკმაყოფილება და უპირატესობა სოციალურად დაუცველ და ფინანსური შესაძლებლობის არმქონე სტუდენტებს მიენიჭებათ.
„თუკი ეს ძალისხმევაც საკმარისი არ იქნება, რექტორმა წამოაყენა ინიციატივა, რომ უნივერსიტეტელებმა და ბიზნესის სექტორმა აღმოუჩინონ სტუდენტებს დახმარება, რაშიც თავადაც ჩაერთვება, როგორც თსუ კურსდამთავრებული“, – წერს STUDINFO.GE-ს თსუ-ის ადმინისტრაცია.
ცნობისთვის, სტუდენტები სწავლების სააუდიტორიო რეჟიმზე გადასვლას უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ. მათ პირველი საპროტესტო აქცია 11 აპრილს გამართეს, თუმცა მანამდე Facebook ჯგუფი „არა 2 მაისს“ შექმნეს, სადაც 4,000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.
შემდეგი საპროტესტო აქცია 16 აპრილს არის დაგეგმილი, სადაც, როგორც დღეს STUDINFO.GE-ს პროტესტის ერთერთმა მონაწილემ უთხრა, სტუდენტების ნაწილი კვლავ მოითხოვს სწავლის ჰიბრიდული რეჟიმით გაგრძელებას.
ასევე იხილეთ:
„არა 2 მაისს“ – თსუ-ის სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში სწავლის გაგრძელებას აპროტესტებს