ცოდნის კაფე წნორში – სივრცე განვითარებისთვის

ახალგაზრდული ორგანიზაციები

არაფორმალური განათლება და მისი დახმარებით ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია სამოქალაქო საზოგადოების თვითშეგნების ასამაღლებლად. მოგეხსენებათ, რომ რეგიონები არ არის განებივრებული არაფორმალური განათლების ცენტრებით, ამისათვის კი რამდენიმე აქტიურმა ადგილობრივმა და ინოვაციური იდეებით გაჯერებულმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს შეექმნათ სივრცე, სადაც შეძლებდნენ ცოდნის გაზიარებას, სხვადასხვა საგანმანათლებლო კლუბების შექმნას, ღონისძიებების მოწყობას, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას და სხვა.

დღეს სწორედ ასეთ სივცრეზე გესაუბრებით. ცოდნის კაფე ქალაქ წნორში არსებული სოციალური საწარმოა. გაყიდვებიდან შემოსული მოგება, მთლიანად ხმარდება რეგიონში არაფორმალური განათლების მიღებასა და ,,ცოდნის ფონდის” შექმნას. ცოდნის კაფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი, კაფის  შესახებ სხვა საინტერესო ინფორმაციას STUDINFO.GE-ს მკითხველს უზიარებს.

– ქეთი, პირველ რიგში,რა იყო მთავარი მოტივი,რის გამოც გადაწყვიტეთ შეგექმნათ არაფორმალური განათლების სივრცე ქალაქ წნორში?

– ის, რომ რეგიონში გვქონოდა სივრცე, რომელიც ადამიანებს მოგვცემდა ადგილზე განვითარების შესაძლებლობას და რომ დედაქალაქში წასვლის გარეშე შესაძლებელი ყოფილიყო ცოდნისა და გამოცდილების  ადგილზე შეძენა.

– რომელ მიღწევას გამოყოფდით თქვენი საქმიანობის პროცესში?

– რამდენიმე მიღწევას გამოვყოფდი, ერთი ის, რომ 60+ კლუბი შეიქმნა, რომელიც პოპულარულია და ისწავლეს ადამიანებმა, რომ ცხოვრება 60 წლის შემდეგ საინტერესოდ უნდა გააგრძელონ. ასევე ის, რომ ახალგაზრდებში უზომოდ პოპულარულია ცოდნის კაფე და ყველას უნდა ჩვენს აქტივობებში მონაწილეობა. ამას გარდა მეოთხე წელია ცოდნის კაფეს ვაშენებთ და უკვე 3000-ზე მეტი ინდივიდუალური შემომწირველი გვყავს, რომელთაც მთლიანობაში 140 000 ლარზე მეტი გაიღეს ,,ცოდნის კაფეს” მშენებლობისთვის. 17 დღეში 50-მდე თინეიჯერმა 35 000 ლარის მობილიზება შეძლო ,,ცოდნის კაფეს” ასაშენებლად. 60 წელს გადაცილებულ მარტოხელა პაპა-ბებოებს ტელეფონები და ტელევიზორები შევუძინეთ მოქალაქეთა შემოწირულობებით, რაც ვფიქრობ მოსახლეობის მაღალი ჩართულობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

– იქედან გამომდინარე,რომ ცოდნის კაფის მშენებლობა და გაფართოება მიმდინარეობას, ალბათ მომავლისთვის უფრო მასშტაბური გეგმები გაქვთ. გაგვიზიარეთ დამატებით თუ ფიქრობთ სიახლეების დანერგვას?

– ცოდნის კაფე რომ აშენდება, ეს იქნება ერთგვარი ახალგაზრდებისა და 60 წელს გადაცილებული ადამიანების თავშეყრის ადგილი, სადაც ყველა იდეა, თუ ბოლომდე მიჰყვება ბენეფიციარები, მოხალისეები თუ დაინტერესებული პირები, შესრულებადი იქნება. კიდევ ვგეგმავთ, რომ მინიმუმ კახეთის მასშტაბით გავაკეთოთ განათლების ფონდი, რომლის ფარგლებშიც ჩვენს სტიპენდიანტებს მხარს დავუჭერთ გახდნენ უფრო ძლიერები და მიიღონ მეტი ცოდნა არაფორმალური განათლების საკითხებში.

– და ბოლოს რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ თავიანთი თემი შეცვალონ და მცირე ინიციატივებით რეგიონს ახალი სიცოცხლე მიანიჭონ?

– იცოდნენ, რომ ყველა თემსა და რეგიონში ბევრი რამაა შესაცვლელი, ისიც უნდა იცოდნენ, რომ მარტივი არ იქნება ის, რასაც შეეჭიდებიან, მაგრამ მათი თითოეული ნაბიჯი შეცვლის რეგიონში/თემში მაცხოვრებელი თითოეული ადამიანის ცხოვრებას და მათი 1 მადლობაც კი შეცვლის ცხოვრების რიტმს, რადგან ხედავ, რომ შენი რეალური ქმედებები იწვევს ცვლილებას უკეთესობისკენ. ამიტომ, ვინც რეგიონში თემის განვითარების საქმეებით დაინტერესდება, ექნება ბევრი წინაღობა, თუმცა ყველა წინააღმდეგობის გადალახვა ყოველთვის ერთი დიდი ბედნიერებაა.

ავტორი: თინათინ დადუნაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები