5 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ სტუდენტი ხარ

განათლება

გიზიარებთ 5 შესანიშნავ წიგნს, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ სტუდენტი ხართ. მაშ ასე, ესენია:

  • ჯერომ სელინჯერი – თამაში ჭვავის ყანაში

ერთი შეხედვით უდარდელი ჰოლდენ კოფილდი დარდებით სავსეა,რომელსაც ვერავის უზიარებს და ამასთანავე ნიჰილიზმით არის გაჟღენთილი. დიდი ალბათობით დასაწყისში ის თქვენთვის საყვარელი პერსონაჟი არ აღმოჩნდება, თუმცა გაიაზრებთ რა მიზეზით აქვს მსგავსი დამოკიდებულება და იმასაც მიხვდებით თუ რატომ ადარდებს  თუ საით წავლენ იხვები,ზამთარში როცა ტბა იყინება ან რატომ ცდილობს გახდეს დამჭერი ჭვავის ყანაში.

  •  მარიო პიუზო – ნათლია

ალბათ ფრენსის ფორდ კოპოლას ოსკარის მფლობელ ფილმად ბევრად მეტი იცნობს, ვიდრე ერთი ამოსუნთქვით წასაკითხ წიგნად. ნამდვილად,რთულია განსაზღვრო ეკრანიზაცია თუ წიგნი?! თუმცა ფაქტია, ეს წიგნი უნდა წაიკითხო სანამ სტუდენტი ხარ, რადგან კითხვის პროცესში მძაფრად შეიგრძნობ, როგორ შეიძლება იყო განგსტერი და ამავდროულად კეთილშობილი. განგსტერი,რომელიც გარდაცვალებისას მზეს ხედავს, ეპილოგი უბრალოდ ერთი წიგნის ტოლფასია.

  • ირვინგ სტოუნი – წყურვილი სიცოცხლისა

წიგნი მოგვითხრობს მხატვარზე, რომელიც ცნობილი და  გამორჩეულია ხელოვნების მოყვარულთათვის და ასევე დანარჩენი ადამიანებისთვის, რომლებთაც სხვა არც ერთ მხატვარზე ყურიც არ მოუკრავთ. ეს ვან გოგია. პოსტმოდერნისტი, ყველასათვის მისაღები, აღქმადი და სულში ჩამწვდომი. ვინსენტს მძიმე ცხოვრება ჰქონდა, რასაც მისი ნახატები ნაკლებად გამოხატავენ, რადგან უდავოა, ის ხატავდა იმას რისკენაც ისწრფვოდა, რისიც სწამდა და სჯეროდა. ვან გოგის ,,მზესუმზირების’’ და ,,ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის’’ მოყვარულებო, ამ წინგის გაცნობით, გაიცნობთ ვანგოგის  სულის წიაღს, ვინაიდან წიგნი ძირითადად ფაქტობრივ მასალას ემყარება.

  • ემილ ზოლა – აბე მურეს შეცოდება

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პარალელის გავლება შესაძლებელია ილია ჭავჭავაძის განდეგილთან, ვინაიდან რომანი გამოხატავს იმდროინდელ რელიგიურ და საერო ცხოვრების იდეოლოგიების დაპირისპირებას მღვდლის ყოფიერებასა და აზროვნებაში. ასკეტიზმი ანუ მიწიერი სურვილებისგან თავის შეკავება ერთ-ერი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რის გამოც მღვდელმა მურემ საყვარელ ქალზე უარი თქვა და ღვთისმსახურება აირჩია, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა. ნაწარმოების გაცნობით მკაფიო წარმოდგენა შეგექმნებათ რამდენად პრიორეტეტულია გრძნობები და რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა უარყოფამ.

  • და ბოლოს, თავად ოთარ ჭილაძე – ყოველმან ჩემმან მპოვნელმან

ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომელსაც დასასრული არ უჩანს და ყოველი დრამა თითქოს ჯაჭვურ რეაქციაშია. რომანი, რომელიც ნათარგმნია უამრავ ენაზე, რომანი, რომელშიც მართლია ბოროტება ხმამაღალი იყო, მაგრამ ჩუმმა სიკეთემ დიდი ტანჯვის შემდეგ საბოლოოდ გაიმარჯვა.

ავტორი: თინათინ დადუნაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები