ნიკა კრაწაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. მას საზღვარგარეთ სწავლის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. Erasmus+ პროგრამებით 2019-2020 და 2020-2021 წლების შემოდგომის სემესტრებში ორ უნივერსიტეტში, ჯერ გერმანიაში – Europa-Universität Viadrina-ში სოციალურ და კულტურულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ საფრანგეთში – Université Lumière Lyon 2-ში პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობდა. გარდა ამისა, მონაწილეობდა მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ესტონეთის საგანმანათლებლო პროგრამებში.
საკუთარ გამოცდილებას ნიკა STUDINFO.GE-ის მკითხველს უზიარებს.
– ნიკა რა გზა გაიარეთ საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილების მისაღებად და რამდენად საკმარისი აღმოჩნდა საქართველოში მიღებული განათლება?
თავიდან ძალიან რთულად წარმომედგინა არათუ დიდი ხნით წასვლა, არამედ უცხოეთში ერთკვირიან პროექტებში ჩართვაც კი. დავიწყე მინიმუმიდან: უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად ვმონაწილეობდი სამეცნიერო კონფერენციებში, პროექტებში, ტრენინგებში, სკოლებში, ამერიკული კუთხის ღონისძიებებში. კონფერენციებისა და სტატიების შედეგად, გავხდი სახელმწიფო საუნივერსიტეტო სტიპენდიის რეგულარული მფლობელი. 2018 წელს ჯერ კიდევ პირველ კურსზე ესეების კონკურსების დახმარებით, ერთი მხრივ, ლევან მიქელაძის ფონდის სტიპენდია და მეორე მხრივ, მონტენეგროში მრავალფეროვნების საერთაშორისო სკოლაში ადგილი მოვიპოვე. პროექტის ფარგლებში, ერთმანეთთან დაახლოების იდეით, მონტენეგროში 1 კვირის განმავლობაში ჩაგვიყვანეს ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები და სომხები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან აფხაზები და ოსები.
ჩემი მეორე მივლინება უცხოეთში შედგა 2019 წელს სლოვაკეთში, ბრატისლავაში, რომლის ამოსავალი წერტილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC 2019) დასწრება იყო. საამისოდაც ესეების კონკურსში მივიღე მონაწილეობა და სლოვაკეთის საელჩომ ორი კონკურსანტი აგვარჩია. ბრატისლავამდე იყო ჩემი პირველი Erasmus პროგრამა საქართველოშივე, კერძოდ 1 კვირიანი საერთაშორისო პროექტი რუსთავში, სადაც კონკურსანტები 6 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილნი. ვფიქრობ, აღნიშნულმა პროექტმა ჩაუყარა საფუძველი იმას, რომ მომავალში მიმეღო მონაწილეობა Erasmus-ის სხვა პროგრამებშიც. რუსთავსა და ბრატისლავას მოჰყვა Erasmus+ ესტონეთშიც, რომელიც დაახლოებით 10 დღეს გაგრძელდა და 6 ქვეყნის წარმომადგენელ „კულტურათა მრავალფეროვნებით“ დაინტერესებულ ახალგაზრდებს აერთიანებდა.
სწორედ ამის შემდეგ 2019 წლის შემოდგომაზე 5-6 თვით Erasmus+-ის ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამით წავედი გერმანიაში ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში. წარსულმა გამოცდილებამ შეკრა წრედი და თითქოს შესაფერის კანდიდატად ჩამომაყალიბა მათ თვალში, ვინც კონკურსანტებს ირჩევს. ერთი წლის თავზე კი თსუ-ს წარდგინებით 5 თვით საფრანგეთში ლუმიერის უნივერსიტეტ ლიონ 2-ში დავიწყე სწავლა.
– ბიუროკრატიული თვალსაზრისით რა პროცესები გაიარე და რა რჩევას მისცემდი სტუდენტებს გასაუბრების ეტაპის წარმატებით გადასალახად
პროცესები სამად შეიძლება დავყოთ:
- როგორც ვიადრინასთვის, ისე ლიონ 2-ისთვის თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის სპეციალურ ვებ-გვერდზე (mobility.tsu.ge) ავტვირთე CV, სამოტივაციო წერილი, პასპორტი, ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, ნიშნების ფურცელი, ინგლისურის სერტიფიკატი (თსუ იძლევა საშუალებას სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში თსუ-ში გავლილი ტესტირების შედეგით გაიარო კონკურსი). ამას ემატება სასწავლო ხელშეკრულება, რომელიც ყველაზე რთულად მოსამზადებელია. გიწევს, თავად მოძებნო უცხოეთის უნივერსიტეტის საიტზე, თუ რა საგნების გავლა გსურს და შეუსაბამო შენი მიმართულების საგნებს თსუ-ში, რადგან ამას ეყრდნობა კრედიტების აღიარებაც. ამის შემდეგ ხარისხის სამსახურის უფროსი აწერს ამ დოკუმენტზე ხელს, არტყამს ბეჭედს და ტვირთავ შესაბამის პლატფორმაზე სხვა დოკუმენტებთან ერთად. შეგიძლია ერთდროულად მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე შეიტანო განაცხადი.
- რაც შეეხება გასაუბრებას, სწორედ აქ წყდება, საბოლოოდ შეგარჩევენ თუ არა. ყველა მონაწილე გადადის გასაუბრების ეტაპზე, ვისაც კი საბუთები სრულად აქვს მომზადებული. რაც უფრო კარგად წარმოაჩენ თავს, მით უფრო მეტი შანსია გამართლების. მოწმდება შესაბამისი ენის ცოდნა. გასაუბრებაზე აფასებენ, რამდენად ხარ მზად უცხოეთისთვის, რამდენად გამოგადგება ეს ყველაფერი შენ, რამდენად საჭიროა ეს პროგრამა შენი ზრდისთვის ან რას გააკეთებ ამ პროგრამის გავლის შემდეგ შენს სამშობლოში. გასაუბრებას ყველაზე დიდი წონა აქვს, ახლანდელი სისტემით ჯამში კანდიდატს მაქსიმუმ 24 ქულა შეიძლება მიენიჭოს: 4 ქულა GPA-ზე მოდის, 10 ქულა მოტივაციაზე, 10 ქულა კი ზეპირ პრეზენტაციასა და ენის ცოდნაზე. კონკურსანტთა მცირე რაოდენობა ახერხებს გამარჯვებას, თუმცა მცდელობა ყოველთვის ფასობს.
- თსუ-სგან წარდგენის შემთხვევაში უცხოეთის უნივერსიტეტი, როგორც წესი, მარტივად ადასტურებს კანდიდატურას და აპლიკანტს საბოლოო თანხმობას უგზავნის.
– სემესტრული სწავლის გამოცდილება საფრანგეთსა და გერმანიაში გქონდა, რა მსგავსება და განსხვავება დაინახე საგანმანათლებლო სისტემებს შორის?
ისინი რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შევადაროთ, ჩვენ აკადემიურად უფრო აქტიურები ვართ. მაგალითად, არც ერთ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციების შესახებ ბევრი არ მსმენია. ლიონში გავიგე, რომ ბრიტანელი ლექტორი აწყობდა ხოლმე მას იშვიათად, მაშინ, როდესაც ჩვენთან სხვადასხვა ფაკულტეტი ძალიან ხშირად მართავს კონფერენციებს. სამეცნიერო სტატიები იქაც და ვიადრინაშიც საერთოდ უცხო იყო სტუდენტებისთვის, რაც გამიკვირდა.
სამაგიეროდ, ორივე უნივერსიტეტში სტუდენტური ღონისძიებები აქვთ ძალიან ბევრი. ზრუნავენ იმაზე, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სტუდენტური ცხოვრება, გართობა. სპორტულ წრეებს ლიონში უფრო უწყობდნენ ხელს, ვიდრე ვიადრინაში. ლიონის უნივერსიტეტში სპორტსა თუ ცეკვაში კრედიტებიც კი შეგეძლო მიგეღო, თან ძალიან ბევრი წრე ჰქონდათ. სწავლაც ორივეგან კარგი ხარისხისაა. როგორც ლიონ 2, ისე ვიადრინა საკმაოდ პრესტიჟულ დაწესებულებებად მიიჩნევა.
განსხვავება ქართულ სისტემასთან მიმართებით ისაა, რომ აქცენტს უფრო მეტად სტუდენტზე აკეთებენ და სტუდენტი წყვეტს ბევრ რამეს. მაგალითად, შეიძლება ლექტორმა იკითხოს, რაზე ურჩევნიათ დღეს საუბარი და სტუდენტებმა უთხრან მათი არჩევანი. მკაცრად სილაბუსს მიყოლა ზოგიერთ საგანში არ იყო სავალდებულო, არც ვიადრინაში და არც ლიონში. სწავლება უმეტესწილად ღია დისკუსიებს ეყრდნობოდა და რაც მთავარია, თავისუფალი, სტრესისგან დაცლილი გარემო იყო შექმნილი. გერმანიასა და საფრანგეთში სასწავლო მასალები მრავალფეროვანი და განსხვავებული გვქონდა, გავიარე ძალიან სპეციფიური საკითხები (მაგ. ცენტრალური ევროპის კულტურული თემები, ბრიტანული განათლების სისტემა, ფრანგული ნაციონალიზმი და სხვ.), თანაც უცხოელი ლექტორების აზროვნების პრიზმიდან დავინახე ბევრი რამ.
– რამდენი იყო სტიპენდია და რამდენად საკმარისია აღმოჩნდა იგი საცხოვრებლად?
სტიპენდიის ოდენობა ქვეყანაზეა დამოკიდებული, სტიპენდიის რაოდენობა, როგორც ვიცი, 850 ევროს შეადგენს, ხოლო შედარებით ნაკლებად ძვირიან ქვეყნებზე 800 და 750 ევროს. ჩემი ყოფნის პერიოდში როგორც გერმანიაში, ისე საფრანგეთში ყოველთვიურად 850-850 ევროიანი სტიპენდია მქონდა. შიდაევროპული ერასმუსით მყოფ სტუდენტებს 2-3-ჯერ ნაკლები დაფინანსება ეძლევათ.
გერმანიის შემთხვევაში ძირითადი ხარჯები მოდიოდა ბინაზე (200 ევრომდე), ჯანმრთელობის დაზღვევაზე (106 ევრო), სატელეფონო და საბანკო ხარჯებზე (20 ევრომდე). სატრანსპორტო აბონიმენტი (Semesterticket) ერთჯერადად გადახდილ სწავლის საფასურში (250 ევრო) შედიოდა. კვებას რაც შეეხება, ეს ინდივიდუალურია: ზოგს 100-150 ევროც ჰყოფნის, ზოგს – 200. იყო საშუალება პოლონეთში გადავსულიყავით, სადაც შედარებით იაფია ყველაფერი. ჩავთვალოთ, საშუალოდ, 200 ევრო, დანარჩენი თანხა კი შეგიძლია მოგზაურობაში გამოიყენო და სწორედ დაზოგვის შედეგი იყო, რომ გერმანიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, დანიაში, შვედეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში ვიმოგზაურე როგორც ქართველებთან, ისე უცხოელებთან ერთად.
რაც შეეხება საფრანგეთს, ლიონში ბევრად ძვირია კვებაცა და საცხოვრებელიც (საშუალოდ, 300-500 ევრო, თუმცა Crous-ის საცხოვრებლები 200-300 ევროს შორისაც მერყეობს). Crous-ის ბინის თანხას ემატებოდა სატრანსპორტო აბონიმენტი (თვიურად 35 ევრომდე) და სხვა ხარჯები. პროდუქტი ფრანგულ მაღაზიებში ორჯერ ძვირი მაინც ღირს, ვიდრე გერმანიის მარკეტებში, მაგრამ საფრანგეთშიც არის გერმანული მაღაზიები (მაგ. ლიდლი, ალდი), რომლებშიც გერმანული ფასებია და ჩვეულებრივი ფრანგული პროდუქცია იყიდება. ჯანმრთელობის ნაწილობრივი დაზღვევა საფრანგეთში ყველასთვის უფასოა და დარჩენილის შევსებაც არცთუ ძვირია, თუმცა უფასო შევსების შესაძლებლობაც არსებობს.
უნივერსიტეტებში კაფეტერიებიც იყო, მაგალითად ვიადრინაში ერთიანი მენიუ 2-3 ევროს შორის მერყეობდა. ლიონში ერთ მენიუს 3 ევროდ იყიდდი, პანდემიის დროს კი საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა მენიუს ღირებულება 1 ევრომდე დაეყვანა. რაც შეეხება სამოგზაურო ტრანსპორტს, ძირითადად გერმანულ FlixBus-სა და ფრანგულ BlaBlaBus-ს ვჯავშნიდით ხოლმე, RyanAir კი ყველაზე შეღავათიანი ავიაკომპანიაა. საფრანგეთში მატარებლების კომპანია Ouigo-საც გავუწევდი რეკომენდაციას. ფრანგული ერასმუსის დროს ძირითადად ფრანგულ ქალაქებში, შვეიცარიასა და მონაკოში ვიმოგზაურე.
– არის თუ არა დასაქმების შესაძლებლობები Erasmus+ის სტუდენტებისთვის?
დასაქმება რთული საკითხია, ვაკანსიებს მეც ვეძებდი ხოლმე, გერმანიაში მოვახერხე და მერიაში ვიზაზე ბეჭედიც დამირტყეს, რომელიც დასაქმების უფლებას გაძლევს. პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივი ენა თუ არ იცი მაღალ – B2 ან C1 დონეზე, დასაქმების შანსი პრაქტიკულად ნულია. ადგილობრივებიც ბევრნი არიან, ვისაც დასაქმება სურს და შენი მიმართულებით რომ რაიმე სამსახური ასე მოკლე (5-6 თვიან) პერიოდში იპოვო, საკმაოდ რთულია.
– თქვენი აზრით, რა არის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების ყველაზე რთული მხარე?
პირველი – ეს არის ენა, რომელიც კარგად უნდა იცოდე. გერმანიაში ყოფნის დროს, მართალია, ვფლობდი გერმანულს, მაგრამ ადაპტაცია მაინც არ იყო მარტივი, რადგან ადგილობრივების სწრაფი საუბარი და გრძელი სიტყვები არცთუ მარტივად აღსაქმელია. საფრანგეთში კი ფრანგულის საბაზისო უნარებით ვერაფერს გახდები, ინგლისური კი კარგად არ იციან.
განსაკუთრებით რთულია გერმანულ და ფრანგულ ბიუროკრატიასთან შეგუება, მით უმეტეს, იმიტომ, რომ ყველაფერი ადგილობრივ ენაზეა. ინგლისური ენის ცოდნის პრობლემა განსაკუთრებით დგას საფრანგეთის შემთხვევაში, სადაც უცხო ენების მიმართ ღიაობა უნივერსიტეტის გარეთ (და ხშირად უნივერსიტეტშიც) არცთუ დიდია, რაც ინგლისურად სწავლის მსურველებს საქმეს ძალიან ურთულებს. როგორც გერმანიაში, ისე საფრანგეთსა და ნებისმიერ ქვეყანაში ადგილობრივი ენის ცოდნა უმნიშვნელოვანესია.
სწავლის მხრივ, ერასმუსის დროს დისკომფორტს ქმნის ის, რომ ნიშნები განსხვავებულად იწერება და ჩვენს სისტემაში არც ისე კარგად კონვერტირდება. მაგალითად, „ფრიადს“, რაც ჩვენთან 91-100 ქულას გულისხმობს და საფრანგეთში 17-20 ქულას შეესატყვისება, პრაქტიკულად, არ წერენ. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი შედეგები მქონდა. რაც შეეხება ვიადრინას, აქ 5-ქულიანი სისტემა აქვთ, სადაც 1 ქულა უმაღლესია. მაღალ ქულებს ვიადრინაში, ასე თუ ისე, წერენ ხოლმე, თუმცა აქ ძალიან კარგ ნიშნად მიიჩნევა 1,7-იც, რომელიც ქართულ სისტემაში „ფრიადს“ არ ნიშნავს და B-ს შეესატყვისება. მიუხედავად ამისა, კარგი ქულების ჩამოტანა შესაძლებელია.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ Erasmus-ზე, ისევე როგორც მშობლიურ უნივერსიტეტში, უნდა ეცადო, კარგად დააბალანსო პირველ ყოვლისა – სწავლა, შემდეგ ინტეგრაცია ადგილობრივებსა და საერთაშორისო სტუდენტებთან და ბოლოს, თვალთახედვის გაფართოება, რაც ჩემთვის მოგზაურობასთან ასოცირდება.
– რჩევა, რომელიც სტუდენტებისთვის გექნებათ..
მართალია, თავად პროფესიული ფორმირების პროცესში ვარ, მაგრამ სტუდენტებს ვეტყოდი: ეცადეთ მუდმივად იყოთ აქტიურები, ისწავლოთ ბევრი, მაგრამ არ ღირს, ძალიან ინერვიულოთ თითოეულ ქულაზე. მთავარია პრაქტიკული ცოდნა, რომელიც გრჩება და გამოცდილება, რომელსაც შეიძლება უნივერსიტეტზე მეტად არაფორმალური განათლებით, სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობით იღებდე. ამით იქმნება ის ბაზა, რომელიც არა მარტო გაცვლითი პროგრამებისთვის, არამედ დასაქმების ბაზარზეც გაქცევს კარგ კადრად. ზოგჯერ, მხოლოდ ცალკე აღებული სწავლა ან აქტიურობა არ არის ხოლმე საკმარისი, მათი კომბინაცია ყველაზე რთულია, მაგრამ თუკი შეძლებ და არაფორმალურ და ფორმალურ განათლებას ერთმანეთს შეუხამებ, წარმატებაც შენს ხელში იქნება.
ავტორი: თეკლა ადამია