ნამჰუნ ჩანგი 21 წლის სტუდენტია კორეიდან, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას ეუფლება. თავდაპირველად ის კორეაში, საერთაშორისო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი 13 წლის ასაკში გადმოვიდა საქართველოში და ქალაქ მარნეულის მე-6 საჯარო სკოლაში დაიწყო სწავლა. მისი თქმით, ახალი ენის სწავლა არ გასჭირვებია, ვინაიდან პატარა ასაკიდან გამომდინარე, მალევე ადაპტირდა ახალ გარემოსთან. მასწავლებლებმა მას გიორგი დაარქვა, რადგან მისი ნამდვილი სახელის წარმოთქმა უჭირდათ. სკოლა 2019 წელს დაამთავრა, შემდეგ წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ახლა სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე სწავლობს.
რა გზა განვლო გიორგიმ აქამდე მოსასვლელად, რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწია და რა მოსწონს საქართველოში ყველაზე მეტად, ამას ნამჰნი ანუ იგივე გიორგი STUDINFO.GE-ს უყვება.
– რამდენი წელია რაც საქართველოში ცხოვრობთ და რატომ დაინტერესდით ამ ქვეყნით?
– საქართველოში დაახლოებით 7 წელია ვცხოვრობ. საცხოვრებლად მშობლების გამო გამოვედი. ამ ქვეყნით დიდი ხანია რაც დაინტერესებული ვარ, რადგან ძალიან მიზიდავს და მაინტერესებს მისი უძველესი კულტურა, ენა, ასევე ლიტერატურა და ისტორია. ჩემი აზრით, მსგავსი ღირებულებებით მდიდარი ქვეყანა იშვიათია.
– რა იყო ის პირველი განსხვავება, რაც ჩვენსა და თქვენს კულტურებს შორის აღმოაჩინეთ?
– ვხედავ ხოლმე, რომ აქ საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებში ადამიანები წითელი კალმით წერენ, ხშირ შემთხვევაში, შეცდომებზე მისათითებლად. კორეაში აკრძალულია წითელი კალმის გამოყენება, რადგან კორეელები წითელი კალმით მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანის სახელს და გვარს წერენ. შესაბამისად, წითელი კალმის სხვა შემთხვევაში გამოყენება კორეელების და კორეული კულტურის დიდი შეურაცხყოფაა.
– ქართველ სტუდენტებზე რას გვეტყვით. რამდენად განსხვავდებიან ისინი სხვა ქვეყნების სტუდენტებისგან?
– არსებითად დიდი განსხვავება არ არის სტუდენტებს შორის, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა ქართველ სტუდენტებზე – ისინი საკმაოდ ემოციურები და ხშირად არაპუნქტუალურები არიან.
– რამდენად რთული იყო თქვენთვის ქართული ენის შესწავლა?
– საინტერესო ფაქტია, რომ კორეულს და ქართულს ბევრი რამით ვამსგავსებ ერთმანეთს. პირველ რიგში იმით, რომ კორეულ ენას ბევრი თანხმოვანი აქვს, მაგალითად: დ-თ-ტ, ბ-ფ-პ, გ-ქ-კ, ძ-წ-ჭ, ჯ-ჩ-ჭ და ა.შ. გრამატიკაც კი ჰგავს ქართულს, რადგან აქაც შვიდი ბრუნვა და განსხვავება გვაქვს „ის“, „მან“ და „მას“ შორის. ხოლო სხვა ენებში, მაგალითად, ინგლისურში, მათ შორის განსხვავება არ არის. ასევე ორივე ენაში გვაქვს განსხვავება „არ“, „ნუ“ და „ვერ“ შორის, მაშინ, როდესაც რუსულში ეს სამივე სიტყვა ნიშნავს ერთს – „не“. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მსგავსი მახასიათებელი – უძველესი დამწერლობაა, რომლის შექმნასაც ორივე ქვეყანაში მეფეებს მიაწერენ. კორეული ენას თავისებური დამწერლობა აქვს, რომელიც უძველეს პერიოდში მეფე სეჯონგმა შექმნა. როდესაც ქართულს ვსწავლობდი, ამ მსგავსებამ ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია ჩემში.
– საქართველოში საკმაოდ ბევრ ადგილას ხართ ნამყოფი, რომელი იყო მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი?
– ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ჩემთვის სვანეთი და სამეგრელო იყო, რადგან მათი კულტურა და ენები განსხვავდებიან ქართულისაგან. სვანური კოშკების სილამაზემ ცალკე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.
– რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და უკავშირდება თუ არა ისინი საქართველოს?
– ჯერჯერობით არ მაქვს კონკრეტულად განსაზღვრული სამომავლო გეგმები. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, დიდი სურვილი მაქვს კორეის საელჩოში მუშაობის, ან კომპანიაში, რომელსაც კორეასთან აქვს კავშირი.
– რას ურჩევდით თქვენს ქართველ თანატოლებს?
– სხვათა შორის, ძალიან მორწმუნე ადამიანი ვარ და აქედან გამომდინარე ქართველ თანატოლებს ვურჩევდი, რომ გაიცნონ ღმერთი და იცხოვრონ მისი ნებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა, ვხედავ, რომ აქ უამრავი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, მაგრამ არ კითხულობენ ბიბლიას და იშვიათად დადიან ეკლესიებში. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ისინი გახდნენ მეტად მორწმუნეები და სჯეროდეთ ღვთის მიერ მოვლენილი სასწაულების.
ავტორი: მარიამ ქობალია