ვინ არის სტუდენტი გოგონა, რომელიც ზემო სვანეთში პირველ სოციალურ კაფეს გახსნის

სტუდენტური სახე

,,როგორც სკოლის ოთხ კედელს ვერ შევეგუე, ვერც მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლა ვერ მივუსაჯე საკუთარ თავს და სკოლის დამთავრებისთანავე ძალიან ბევრი საქმით დავკავდი”

– ეს სიტყვები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტს, 18 წლის ანა ნიჟარაძეს ეკუთვნის.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ანა ზემო სვანეთში არსებული პირველი სოციალური კაფის Svanhouse-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, მან და თავისმა სამმა მეგობარმა ბავშვობის ოცნება რეალობად აქციეს და ხაიშის თემში შექმნეს სივრცე, რითაც ბევრ სვან ახალგაზრდას მიეცემა შანსი მეტი წინსვლისა და განვითარებისთვის.

,,ჩვენს სოციალურ კაფეს Svanhouse-ს რომ ახსენებენ, იქვე ყოველთვის ისმის სიტყვები ,,ბავშვობის ოთხი მეგობრის ახდენილი ოცნება”. იდეა ბავშვობიდან არსებობდა, თუმცა ერთმანეთისთვის გამხელა მხოლოდ მაშინ მოვახერხეთ, როდესაც უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ და გავიაზრეთ, რომ სვანეთის დატოვება გვიწევდა. მაშინ მე და ჩემმა მეგობრებმა ლევან ქობალიამ, გიგა უდესიანმა და ლუკა ზუმაძემ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის თუ ვერა, სხვა ახალგაზრდებისთვის მაინც შევქმნიდით ადგილს, სადაც ისინი მიიღებდნენ არაფორმალურ განათლებას”.

როგორც ანამ აღნიშნა, სოციალური კაფის შექმნის იდეა რიგი მიზეზებით იყო გამოწვეული. მათგან უმთავრესი სვანი ახალგაზრდების ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნაა, რის შედეგადაც არაპროდუქტიულად იკარგება მათი შესაძლებლობები.

,,ზემო სვანეთში მცხოვრებ ძალიან ბევრ ახალგაზრდას არ აქვს წვდომა სხვადასხვა სახის პროექტებსა თუ აქტივობებზე. გარდა ამისა, სვანეთში არსებული თემების უმრავლესობა არ არის აღჭურვილი ბიბლიოთეკებით, სტადიონებითა თუ სპორტული დარბაზებით, შესაბამისად საჭირო იყო ადგილი, სადაც სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდები თავიანთ ენერგიასა და პოტენციალს სწორად გამოიყენებდნენ.დიდი ხსნის ფიქრის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სვანეთში ახალგაზრდებს სჭირდებოდათ სწორედ სოციალური კაფე და მალევე დავიწყეთ იმაზე ფიქრი თუ როგორ გვექცია იდეა რეალობად”.

ანას თქნით, თავდაპირველად საკმაოდ რთული აღმოჩნდა საქართველოში ისეთი წყაროს მოძიება, რომელიც ყველა ხარჯს დაფარავდა. თუმცა, მალევე გამოჩნდა ისეთი ორგანიზაცია, რომელმაც ახალგაზრდებს მთლიანი პროექტი დაუფინანსა.

,,იმის გამო, რომ საქართველოში შესაბამისი წყაროები ვერ მოვიძიეთ, იმედიც კი დავკარგეთ, მაგრამ ერთ დღესაც ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა ბრიუსელში არსებული ერთი ორგანიზაცია გვირჩია, რომელიც მსგავსი სახის იდეებსა და პროექტებს აფინანსებდა. ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდით პროექტზე, რომელიც YOOUSD-ის (ზემო სვანეთის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაცია) სახელით წარვადგინეთ. თითოეული ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. რაც შეეხება კონკრეტულად დაფინანსებას, ერთი წლის განმავლობაში ისეთი სახის ხარჯები დაგვიფარეს, როგორიცაა შენობის რემონტი, ტექნიკა, ავეჯი, სამუშაო მასალები, დასაქმებულთა და ტრენერთა ხელფასები”.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური კაფეში ძირითადი აქცენტი ახლგაზრდებზეა აღებული, ის დიდი სიამოვნებით უმასპინძლებს სხვა კატეგორიის ადამიანებს, რომელთაც უბრალოდ სჭირდება წვდომა ინტერნეტზე, ტექნიკაზე ან დროის სასიამოვნოდ გატარება სურთ.

,,საკუთარი გამოცდილებებით ვიცით, თუ რა რთულია შესაძლებლობებისთვის ბრძოლა და ჩვენი მთავარი მიზანია არამარტო ახალგაზრდებს, არამედ სხვებსაც მივცეთ საშუალება გაიმრავალფეროვნონ ყოველდღიურობა და თავისუფალი დრო სწორად გამოიყენონ. ასევე დავასაქმებთ ახალგაზრდებს, მივცემთ საკითხავ მასალაზე წვდომას და რაც მთავარია, შევეცდებით სვანეთში არაფორმალური განათლების საჭიროება და მნიშვნელობა გავაძლიეროთ”.

როგორც ანა გვეუბნება, მას და თავის მეგობრებს უამრავი გეგმა აქვთ სამომავლოდ, თუმცა ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მათი სისრულეში მოყვანა ფერხდება. მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ ონლაინ სივრცეში მაინც განახორციელონ რაიმე სახის აქტივობა.

,,მიუხედავად იმისა, რომ სოციალური კაფე უკვე მზად არის, პანდემიის გამო ვერ ხერხდება ერთ სივრცეში შეკრება და მისი გრანდიოზული გახსნა. თუმცა  გვინდოდა რაიმე აქტივობის განხორციელება და დავიწყეთ ესეების კონკურსი, რაზეც ინფორმაცია Svanhouse-ის პირად გვერდზეა განთავსებული. სამომავლოდ  კი ვაპირებთ ყველა სახის აქტივობას ვუმასპინძლოთ, როგორიცაა ტრენინგი, სემინარი, გასართობი თუ კულტურული ღონისძიებები”.

ესეც Svanhouse:

ავტორი: მარიამ მერლანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები