3 გაკვეთილი ამბიციური მიზნების მისაღწევად – სტივ ჯობსის, ილონ მასკის და პოლ გრაჰამის რჩევები

საინტერესო ფაქტები

სტარტაპინდუსტრიაში გვყავს ადამიანები, რომელთა ისტორიები და გამონათქვამები ყველგან გვხვდება. მათი სახელები ყველამ იცის, მათ პროდუქტებს ყველა ცნობს. ასეთი შედეგი მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომით არ მიიღწევა. ამ ადამიანებმა შეიმუშავეს და შემდეგ გაავრცელეს ხრიკები და ახალი თუ აქამდე უყურადღებოდ დატოვებული მეთოდები, რომლებიც მათი წარმატების საწინდარი გახდა. ეს ზოგადი პრინციპები ნებისმიერ სფეროს, ნებისმიერ საქმეს, ნებისმიერ გასართობს შეგიძლია მოარგო, თუ შენი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას ისახავ მიზნად.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

სტივ ჯობსი – რა განასხვავებს მეოცნებეს გამკეთებლისგან

კომპიუტერების მასობრივ ბაზარზე გამოჩენის დღიდან ეფლი აქტუალურობას არ კარგავს და ამას თავისი მიზეზიც აქვს – მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქცია. სტივ ჯობსის განსხვავებულმა ხედვამ ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე სამუდამო კვალი დატოვა.

ტექნოლოგიის მწარმოებელი რამდენი კომპანიის დამფუძნებელს იცნობ სახელით? პირველი, ალბათ, სწორედ სტივ ჯობსი გახსენდება. დღესაც კი, ხშირად გვხვდება მისი გამოთქმები, მაგრამ ყველაზე ცნობილი მის ცხოვრებისეულ გაკვეთილს უკავშირდება.

სტივი 12 წლის იყო, როცა სიხშირის დეტექტორის აწყობით დაინტერესდა. ნაწილების არქონის გამო, ამ სურვილს ვერასდროს აისრულებდა, სხვებივით რომ ეფიქრა. იდეის მივიწყების მაგივრად სტივი ადგა და ნომრების წიგნში ტექნიკის მწარმოებელი გიგანტის, HP-ის დამფუძნებლის, ბილ ჰიულეტის საკონტაქტო მოძებნა და დარეკა კიდეც. უპასუხეს. ცოტა იცინეს. შემდეგ ადგნენ და სიხშირის დეტექტორის საჭირო ნაწილები მისცეს. მეტიც, იმ ზაფხულს სტივი სამსახურშიც კი აიყვანეს, სადაც ჭანჭიკების მოჭერა და ნივთების აწყობა ევალებოდა. როცა ამ ისტორიას ყვება, სტივ ჯობსი აღნიშნავს:

“ადამიანების უმეტესობა არასდროს რეკავს საკითხავად. ზოგჯერ, სწორედ ეს განასხვავებს მათ, ვინც რაღაცებს აკეთებენ მათგან, ვინც უბრალოდ ოცნებობს. უნდა იმოქმედო. მზად უნდა იყო დამარცხებისთვის. ტელეფონზე საუბრისას თუ კომპანიის დაწყებისას, თუ დამარცხების გეშინია, შორს ვერ წახვალ.”

პოლ გრაჰამი – გაკვეთილი, რომელიც უნდა დაივიწყო

Y Combinator-ი ყველაზე სახელგანთქმული აქსელერატორია მსოფლიოში, რომელიც 2005 წლიდან ოპერირებს. AirBnB-ი, Dropbox-ი, Reddit-ი და სხვები სწორედ მისი წყალობით მოგვევლინა. პოლ გრაჰამი ამ აქსელერატორის თანადამფუძნებელია – ადამიანი, რომელმაც სტარტაპერებში სახელი არა როგორც სტარტაპერმა, არამედ როგორც ვენჩურ კაპიტალისტმა გაითქვა. მას 200-მდე ესსე აქვს გამოქვეყნებული და გირჩევთ, შენც გაეცნო მის ნაწერებს. სწორ იდეებამდე მისვლის მეთოდებზე საუბრისას სწორედ პოლის რჩევები გაგიზიარეთ.

ამ ესსეებიდან კიდევ ერთი საინტერესო ნაშრომის სახელია “გაკვეთილი, რომელიც უნდა დაივიწყო”, სადაც ის სკოლიდან გამოყოლილ ძალიან მავნე ჩვევაზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას: ტესტების დაჰაკვაზე კონცენტრირება.

სკოლებში ძალიან ცოტა თუ სწავლობს სწავლისთვის. ჩვენი ყურადღება შეფასებებზეა მიმართული, რომელთა მიღების გზაც ტესტირებებსა და გამოცდებზე გადის. გემახსოვრება, როგორ ვმეცადინეობდით ‘ბეჯითად’ გამოცდების წინ, რამდენიმე დღეში კი ნასწავლის დიდი ნაწილი დავიწყებას ეცემოდა ხოლმე. ჩვენ ვსწავლობდით იმას, რაც გამოცდაზე გამოგვადგებოდა. ვეძებდით ხერხებს, რომ გვესწავლა რაც შეიძლება ცოტა. ფაქტობრივად, ჩვენი ამოცანა ტესტების დაჰაკვა იყო და არა – სწავლა:

“ნუთუ ასეთი ცუდია, რომ სწავლა ნიშნებით ფასდება? კი, ცუდია. რამდენად ცუდია, ამას კოლეჯის დამთავრებიდან ათწლეულების შემდეგ მივხვდი, როცა Y Combinator-ს ვმართავდი.”

ამბობს პოლი და ესსეს იმაზე საუბრით აგრძელებს, როგორ ცდილობდნენ აქსელერატორში მოსული სტარტაპები ვენჩურ კაპიტალისტების დაჰაკვას ისე, რომ ამას ვერც კი აცნობიერებდნენ.

“ისინი მეკითხებოდნენ, როგორ უნდა მიეღოთ დაფინანსება. რა ხრიკები არსებობს ვენჩურ კაპიტალისტების ფულის მოსაზიდად? ვუხსნიდი, რომ ამისთვის საჭირო იყო, მართლა კარგი ინვესტიცია ყოფილიყავი… ისეთ რაღაცას ვეუბნებოდი, რაც აშკარა გეგონება: რომ კარგი კომპანიის შესაქმნელად კარგი პროდუქტის შექმნაა საჭირო. და მაინც, მათი რეაქცია იმ ფიზიკოსებისას გავდა, [აინშტაინის] ფარდობითობის თეორია რომ მოისმინეს პირველად: აშკარა გენიალურობისგან აღტაცებისა და ეჭვის ნარევი, რომ ასეთი უცნაური რაღაც შეიძლება მართალი ყოფილიყო.”

Y Combinator-ში მოხვედრილი სტარტაპერებისთვისაც კი, დაფინანსების მოძიება დასაჰაკი ტესტივით იყო. ისინი ვერც კი ხედავდნენ, რომ კითხვაზე პასუხი ცხვირწინ ჰქონდათ: შექმენი ღირებული პროდუქტი და ‘ტესტის დაჰაკვა’ არაფერში დაგჭირდება. მითუმეტეს, როცა შენივე დროსა და ენერგიას დებ პროექტში.

რა სჯობს, უცებ გაიარო ტესტირება, აიღო დაფინანსება და შემდეგ აღმოაჩინო, რომ არასწორად მოძრაობდი, თუ რეალური პროდუქტის შექმნისკენ მიმართო მთელი რესურსი?

ილონ მასკი – როგორ ვისწავლოთ ყველაფერი

ილონ მასკი ყველას გაოცებას იწვევს თავისი მიღწევების წყალობით. თუმცა, მას კარიერა რაკეტის მეცნიერად არ დაუწყია. არც მანქანების მექანიკოსად. არც ხელოვნური ინტელექტის ექსპერტად. ილონ მასკი უბრალო სტარტაპერია, რომელმაც ჯერ PayPal-ი შექმნა, შემდეგ კი გაყიდა და აღებული ფულით კაცობრიობის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მის მიერ დაარსებულ კომპანიებს, SpaceX-ს, Tesla-ს და OpenAI-ს მოწინავე ადგილები უკავია შესაბამის ინდუსტრიებში. Reddit-ის ფორუმზე ერთ-ერთმა ფანმა მასკს გასაგები კითხვა დაუსვა: როგორ ახერხებ ამდენი რამის სწავლას? ჩვენც სწორედ ამაზე პასუხი გვაინტერესებს.

“ადამიანების უმეტესობას იმაზე მეტის სწავლა შეუძლია, ვიდრე გონიათ. ისინი საკუთარ თავს ცდის შანსსაც კი არ აძლევენ” – ილონ მასკი

წარმოიდგინე, რომ არაფერი იცი. წარმოიდგინე, რომ დაივიწყე არა მარტო სკოლიდან გამოყოლილი მავნე ჩვევა, არამედ ყველაფერი, რაც კი სკოლის შემდეგ გისწავლია. როგორ დაიწყებდი სწავლას?

ნაბიჯი I: გაზარდე ცოდნის ხე
ნებისმიერი სახის ცოდნა ხედ რომ წარმოვიდგინოთ, პირველი და უმთავრესი საფეხური ფესვებისა და მსხვილი ღეროების კარგად გათავისება იქნება. ფაქტობრივად, მასკის რჩევა ამით შემოიფარგლება: დაიწყე ნულიდან და მხოლოდ შემდეგ გადადი დეტალებზე. თუ რაიმე საკითხის საძირკველს კარგად არ იცნობ, ცალკეული დეტალების დაზეპირება ბევრს ვერაფერს შეგმატებს. მაგრამ, როცა კარგად გესმის ამ საკითხის ძირითადი ელემენტები, შენი ცოდნის ხეს ფოთლებსა და წვრილ-წვრილ ღეროებს მარტივად გამოაბამ და არც მათი დაზეპირება დაგჭირდება – ეს ბუნებრივი პროცესი გახდება.

ნაბიჯი II: დააკავშირე მომიჯნავე ხეების ფოთლები ერთმანეთთან
მეორე მომენტი, რასაც მასკი სწავლაზე საუბრისას აღნიშნავს, არის:

“ვერ დაიმახსოვრებ იმას, რისი დაკავშირებაც არ შეგიძლია.”

მუდმივად უნდა ეძებო კავშირები სხვადასხვა გაკვეთილებს შორის. ასე არა მარტო სწავლის პროცესს გაიმარტივებ, არამედ შეიძლება რაღაც ახალ და საინტერესოსაც წააწყდე, მაგალითად: სტარტაპის იდეას. პოლის თქმის არ იყოს, ილონ მასკის რჩევები იმ სიმართლესავითაა, ცხვირწინ რომ გვიდევს და ვერ ვამჩნევთ: ისწავლე თანმიმდევრულად, რათა მთლიანად აითვისო კონკრეტული საკითხი და მუდმივად ეძებე კავშირები მიღებულ ცოდნაში. აქვე პრაქტიკული ხრიკიც იმალება: ისწავლე მხოლოდ ისეთი რაღაცები, რაც გამოგადგება და/ან უბრალოდ, გაინტერესებს.

ჩვენ გვიყვარს სისწრაფე. განსაკუთრებით კი, მაშინ, როცა ის სწავლის პროცესს ეხება. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ, რაც შეიძლება მალე. ამიტომ ხშირად ვახტებით საძირკველს და ვიწყებთ სადღაც… შუიდან. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს რაღაც, შუიდან ნასწავლი, მართლა ვიცით?

წყარო: medialab.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები