თანამედროვე სამყაროში სოციალური ქსელის გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია. განსაკუთრებით ფეისბუკისა და ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის. საინტერესოა როგორ მოიქცეოდა შოთა რუსთაველი ამ ეპოქაში, ოდნავ რომ წარმოვიდგინოთ შეგვიძლია დღევანდელ ფეისბუკ-აქტივობებს “ვეფხისტყაოსნიდან” ამონარიდები მივუსადაგოთ.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ფეისბუკის სამსახურში:
- ახალი ადამიანის დაფრენდების მოტივად: “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.
- რეაქცია ინბოქსში მოწერილზე “გავიცნოდ ლამასო” – “რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია”.
- როცა შლი ადამიანს, რომელსაც დაფრენდების დღიდან მოცემულ მომენტამდე არაფერი მოუწონებია და დაუკომენტარებია: “სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა”.
- პასუხი ყბადაღებულ და ისტერიკული ტონალობის კითხვაზე “როგორ ხაარ?” – “ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა”.
- როცა შეყვარებულთან ერთად ფიქსირდები ფოტოზე და არამკითხე მოამბე გიწერს “რამე გამომრჩაა?” – “ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არ ბედითად „ჰაის“ ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს, არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს”.
- ფაშისტურად, მიზოგინურად და ა.შ. ორიენტირებული ფრენდისათვის გამოწერის გაუქმებისას: “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისგან, მამაცისაგან”.
- როცა ადრესატი ინბოქსში მოწერილს დასინავს და ჯიბრით არ გპასუხობს: “თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები!”
- როცა ასტროლოგის ლაივჩართვას მოუსმენ და აღმოაჩენ, რომ იუპიტერი შენს ნიშანში გადავიდა: “ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა”.
- ყველას რომ ყველაფერს ულაიქებ: “უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების”.
- არავის რომ არაფერს ულაიქებ: “ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად”.
- როცა ვინმეს დაბლოკვას გადაწყვეტ დამსახურებულად: “კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად”.
- ფრენდებს საქველმოქმედო აქციაში ჩართვას სთავაზობ: “რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად”.
- როცა ფეისბუკის გაუქმებას გადაწყვეტ და ფრენდებს უბოდიშებ: “აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა, სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!”
ავტორი: მაგდა აბესაძე