ყოველდღიური რუტინა ადამიანთა უმეტესობისთვის ტვირთია. ერთი სული გვაქვს, მალე გავიდეს დღე, რათა დამღლელი, არასასურველი ამოცანები მოვიშოროთ და მეორე დილამდე დავისვენოთ. მართლაც, თუ ყოველდღიურ მოვალეობებს დაუძლეველ ბარიერად აღვიქვამთ, დღის ბოლოს განტვირთვა ბევრად რთულ ამოცანად გვექცევა ხოლმე.
ყველას გვიწევს გარკვეული პასუხისმგებლობების აღება და მომაბეზრებელი საქმეების შესრულება, მაგრამ საინტერესოა, ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ისეთი რუტინული ქმედებები, როგორიც საწოლის გასწორება, სახლის დალაგება ან კვირის გეგმების ორგანიზებაა, შეიძლება თქვენს სასარგებლოდ მუშაობდეს?
მთავარია იმ გზის პოვნა, რომელიც მოვალეობებს ჩვევებად აქცევს, შედეგად ტვირთად ქცეული რუტინაც შემსუბუქდება, რაც თქვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება. ამ სტატიაში 15 ყველასთვის კარგად ნაცნობი ყოველდღიური აქტივობის დადებით გავლენაზე მოგიყვებით.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
1. საწოლის გასწორება – გაღვიძებისას ერთ-ერთი პირველი ფიქრი, რომელიც გონებაში გაგვიელვებს ესაა — გავასწოროთ თუ არა საწოლი? ხშირ შემთხვევაში ამ შეკითხვას უარყოფით პასუხს ვცემთ და საწოლსაც არცთუ სახარბიელო ვითარებაში ვტოვებთ. სინამდვილეში, ამ მარტივ ამოცანაზე დახარჯული 1 წუთი ხშირად მთელ დღეს განსაზღვრავს ხოლმე, რადგან დილიდან გვიქმნის ორგანიზების შეგრძნებას და დღეც ბევრად უფრო ჰარმონიულად იწყება. შედეგად, ადამიანი საღამომდე შესასრულებელი გეგმების სწორად გადანაწილებასაც უკეთ ახერხებს.
2. წყლის საჭირო ოდენობით მიღება – წყალი ენერგიის მნიშვნელოვანი რესურსია, რაც დღის განმავლობაში სიმსუბუქის შეგრძნებას შეგინარჩუნებთ და საჭირო ენერგიით უზრუნველგყოფთ.დილის ერთი ჭიქა წყლით დაწყებას ორგანიზმზე გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს და ყოველდღიურად გადასაჭრელ ამოცანებთან უკეთ გამკლავებაში გეხმარებათ.სახლიდან გასვლისას კი სჯობს, წყალი მრავალჯერადი ბოთლით გაიყოლოთ, ამ გზით ეკოლოგიაზეც იზრუნებთ და მთელი დღის განმავლობაში საჭირო სითხის ოდენობითაც აღიჭურვებით.
3. მსუბუქი ვარჯიში და იოგა – რატომღაც, დროს ვერასდროს ვპოულობთ, რათა ვარჯიშს, საკუთარ თავზე ზრუნვას დრო დავუთმოთ. არადა,10-წუთიანი მსუბუქი ვარჯიშები ან მარტივი იოგას მოძრაობები გადატვირთული დღის ენერგიულად და მშვიდად დასაწყებად საუკეთესო გზაა.10 წუთი — ეს ის დროა, რომელიც ემოციურ და ფიზიკურ კომფორტს უზრუნველყოფს და სამუშაო დღეც ნაკლებ დამღლელია. ეს საღამოს უკეთ განტვირთვაში გვეხმარება, რადგან დაქანცულ სხეულს მეტი ძალისხმევა სჭირდება მომდევნო დღისთვის ძალების აღსადგენად.
4. დღის ჯანსაღი საუზმით დაწყება – გაღვიძებიდან სამსახურში წასვლამდე დრო გამონახეთ და სწრაფად მოსამზადებელი შვრიის მოზრდილი ულუფით დაიწყეთ დღე. დამატებით სეზონური ხილიც მიირთვით და მერწმუნეთ, ამ გზით მთელი დღის სამყოფ ენერგიას მოიმარაგებთ. თანაც, მალე იგრძნობთ როგორ გაჯანსაღდება თქვენი სხეული.ამ ჩვევის კიდევ ერთი სარგებელი ფულის დაზოგვაა, გარეთ კვებაზე ბევრად მეტი თანხა იხარჯება, რომელიც ბევრად სარგებლიანად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
5. სოციალურ ქსელებზე დახარჯული დროის კონტროლი – ონლაინ სივრციდან მიღებული არაერთგვაროვანი, მეტწილად აგრესიის შემცველი ინფორმაციის მიღება საზიანოა ემოციური სტაბილურობისთვის. შეიძლება მიმდინარე ამბებზე დამოუკიდებელი, ჯანსაღი აზრი გაგაჩნიათ, მაგრამ სიძულვილის შემცველი პოსტები და კომენტარები ადამიანს მაინც თრგუნავს, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ძლიერი ხართ.სოციალური ქსელებიდან მიღებული, ხშირად არასაჭირო ინფორმაცია დროს გვართმევს, რომელიც სასარგებლო ქმედებებზე შეგვიძლია დავხარჯოთ — 10 წუთიანი ვარჯიში და საუზმის მომზადება ზოგჯერ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
6. ფეხით სიარული – ფეხით სიარული ორგანიზმის ტონუსში ყოფნას უწყობს ხელს, მეტი ენერგია გაქვთ და სულიერი სიმშვიდეც გარანტირებულია. უკეთესია, თუ სეირნობას თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცევთ — ეს სტრესის მართვის და ორგანიზმის გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაა. სეირნობის დროს ადამიანი უკეთ ახერხებს გეგმების დალაგებას და ამოცანების გადაჭრის გზებსაც მარტივად პოულობს.
7. ადამიანებთან კონტაქტი – ყოველდღიურად ბევრი სტრესული ინფორმაცია გვიგროვდება, რომელსაც ხშირად არავის ვუზიარებთ და ვთვლით, რომ მსგავსი წვრილმანებით ადამიანების შეწუხება არ ღირს, თუმცა უმნიშვნელო დეტალების დაგროვება საბოლოოდ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას აუარესებს.ამიტომ, გამონახეთ დრო მეგობრებისთვის და გაუზიარეთ მცირე წუხილებიც კი. ხოლო თუ მათთან საუბარი გიჭირთ, თერაპიას მიმართეთ და კონსულტაციისთვის კვირაში 2 საათი მაინც გამოყავით.
8. დღიურის წარმოება – ყოველდღიურად ან კვირაში რამდენიმეჯერ ჩანაწერების გაკეთება, რომელშიც თქვენს განცდებს და შთაბეჭდილებებს მოუყრით თავს, ბევრ საფიქრალს მოგაშორებთ და სტრესებისგან დაგაზღვევთ. კარგია თქვენი განრიგის დღიურის წარმოებაც, რაც მეტად ორგანიზებულს გახდის თქვენს ცხოვრებას და დაგზღვევთ სტრესისგან, ქაოსისგან, რაც ბედნიერების ხარისხზე სასიკეთოდ აისახება.
9. წიგნის კითხვა – დღეში ნახევარი საათის გამოყოფა, თუნდაც 20-30 გვერდის წასაკითხად აუცილებელი პროცედურაა. ასე იგრძნობთ, რომ სამსახურის პრობლემების გარდა დრო რამე სხვაზეც გრჩებათ. თანაც, სიამოვნების იმ პორციას მიიღებთ, რომელიც გაგრძნობინებთ რომ თქვენი ცხოვრება ჰარმონიულია. ძილის წინ მცირე დრო მოიტოვეთ, რათა საკუთარი თავისთვის ამ სიამოვნების მინიჭება შეძლოთ.
10. ძილის რეჟიმის კონტროლი – ერთი და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება ორგანიზმისთვის აუცილებელია. ამ დროს მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები ორგანიზმის ავტომატური მეხსიერებასავით არის. როდესაც სხვადასხვა დროს ვიძინებთ ორგანიზმი ვერ ახერხებს ჩვენს მუდამ ცვლად განრიგთან ადაპტაციას, რაც დიდი სტრესია და პროცესების მოშლას იწვევს. ეს კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
წყარო: on.ge