ნებისმიერი ჟანრის ფილმს ჰყავს თავისი მაყურებელი, თუმცა დამეთანხმებით, რომ თუ ფილმების ყურება გიყვარს, ხშირად ჟანრი მეორე პლანზე გადადის და პირველ ადგილს ფილმის საინტერესო სიუჟეტი იკავებს. ჩვენს ყურადღებას კი განსაკუთრებით ის ფილმები იპყრობენ, რომლებიც ყურების დაწყების წამიდან ბოლო კადრის დასრულებამდე “ამოუსუნთქავად” გაჯაჭვებს ეკრანს. გთავაზობთ 10 საუკეთესო ფილმს ადამიანის გონებასა და მეხსიერებაზე, რომლებიც ბოლომდე გაგიტაცებთ. შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“გახსოვდეს” (2000) – ამ ფილმში, რომელშიც ამბავი კომპლექსურად და ჩახლართულად ვითარდება, ქრისტოფერ ნოლანის ხელწერას ნამდვილად იცნობთ. გაი პირსის გმირი, რომელსაც მეხსიერება დროებით დაკარგული აქვს, მეუღლის მკვლელს ეძებს. ამბის არათანმიმდევრული თხრობა დამაბნეველი, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ფილმი ოსკარზე ორ კატეგორიაში იყო ნომინირებული: საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის და საუკეთესო მონტაჟისთვის.
“მოხიბლული” (1945) – მეხსიერების დანაკუწებული ფრაგმენტები და ამნეზია – სიურრეალისტური ტრილერისთვის იდეალური შერწყმაა, ამ ჟანრში კი ალფრედ ჰიჩკოკი შეუდარებელი იყო. ინგლისელი რეჟისორის პერსონაჟები არასდროს არიან ზედაპირულები და ამ ფილმის გმირებიც ამის ძალიან კარგი მაგალითია. ფილმი ოსკარზე 6 კატეგორიაში იყო ნომინირებული და ოქროს ქანდაკება საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის დაიმსახურა.
“სიცოცხლის შემდეგ” (1999) – თქვენი საკუთარი სიცოცხლიდან ერთი მოგონების აღება და მასში სამუდამოდ ცხოვრება რომ მოგიწიოთ, რომელს აირჩევდით? სწორედ ამ კითხვას გვისვამს იაპონელი რეჟისორი ხიროკაძუ კორეედა ფილმით “სიცოცხლის შემდეგ”.
“მალჰოლენდ დრაივი” (2001) – არის თუ არა რეალობა ის, რაც “მალჰოლენდ დრაივში” ხდება?! დევიდ ლინჩის 2001 წლის შედევრი დღემდე იწვევს კამათს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია დანაწევრებულია, თითოეული სცენა სრულყოფილია და გვაფიქრებს იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს რეალობა, ან ოცნება. ფილმი წარდგენილი იყო ოსკარზე კატეგორიაში საუკეთესო რეჟისორისთვის.
“გაახილე თვალები” (1997) – ალეხანდრო ამენაბარის ფილმის უფრო ცნობილი ვერსია ამერიკული “ვანილის ცა“ არის. მიუხედავდ იმისა, რომ კამერონ ქროუის რიმეიქმა ფილმის სათქმელი ზუსტად გადმოსცა, ალეხანდრო ამენაბარის ორიგინალი ესპანური ვერსიის ნახვა ამ საინტერესო სცენარის გასახსენებლად ნამდვილად კარგი არჩევანია.
“შეშლილთა კუნძული” (2010) – ეს ფილმი ადასტურებს იმას, რომ მარტინ სკორსეზე ყველა ჟანრში წარმატებული რეჟისორია. მისი სხვადასხვა ჟანრში წარმატების საიდუმლო კი მისი პერსონაჟების ემოციების სიღრმის წარმოჩენაა და მათი ისეთ გარემოცვაში აღმოჩენა, რომელიც მათ შინაგან ბრძოლას კიდევ უფრო აძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ლეონარდო დიკაპრიოს გმირის არასანდოობაზე გარკვეული მინიშნებებია, მაყურებელი ბოლოს მაინც გაოცებული რჩება…
“ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო” (1959) – ფილმი, რომელმაც მოძრაობა ფრანგული ახალი ტალღის წინსვლაში საკვანძო როლი შეასრულა. “ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო” ალენ რენეს კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. ფილმი ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის იყო ნომინირებული.
“ბნელი ქალაქი” (1998) – ცოტა ფილმმა თუ მიაღწია “ბნელი ქალაქის” დონეს. ალეხ პროიასის მისტიკური და საინტერესო სამეცნიერო ფანტასტიკა მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც წარსული მოგონებებით იტანჯება. ეს არის ფილმი, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა ნახოთ.
“ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება” (2004) – ჩარლი კაუფმანი ყველაზე ორიგინალური და გამოცდილი სცენარისტია მსოფლიო კინოში, მისი სცენარი კი ფილმისთვის “ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება” რჩება მის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრად. სწორედ მისთვის მიიღო მან ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. ოსკარზე ამ ფილმიდან ქეით უინსლეტიც იყო ნომინირებული კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.
“ვალსი ბაშირთან” (2008) – გონების შესაძლებლობა დამარხოს მოგონებები, რომელიც აწუხებს ქვეცნობიერში, თავის დასაცავად – ძალიან საინტერესო შტრიხია. სწორედ ამ ასპექტს იკვლევს არი ფოლმანის “ვალსი ბაშირთან”. ფილმი ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის იყო წარდგენილი.
წყარო: news.croconet.ge