8 ტიპის ადამიანი, რომლებსაც კარანტინში ყოფნისას აღმოაჩენთ

მხიარული ინფო

სახლში ყოფნის აუცილებლობა და ამ დოზის სოციალური დისტანცირება ყველასთვის ახალია და შესაბამისად, ყველა ჩვენგანის დღის რეჟიმიც საგრძნობლად შეიცვალა.

ადამიანების ხასიათის, ცხოვრების სტილის, ინტერესებისა და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ამ ცვლილებებთან გამკლავების ხერხები ძალიან ინდივიდუალურია. გთავაზობთ 8 ტიპის ადამიანს, რომელსაც კარანტინში (დისტანციურად) შეხვდებით:

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

1. ვამპირი – ეს ადამიანი დილის 5–6 საათისკენ იძინებს და შუადღის 3–სკენ დგება. სრული უფლება გვაქვს დავასკვნათ რომ ვამპირის მსგავსად მზის სხივებს ერიდება და დღის სინათლეზე ფუნქციონირება მის ძალებს აღემატება. თუმცა სანამ გაღვიძების შემდეგ 4–5 საათი მაინც აქვს იმისთვის, რომ მაღაზიაში ჩასვლა მოასწროს, სანერვიულო წესით არაფერია.

2. თავის მოვლის გურუ – ამ ადამიანმა კარანტინის დაწყებისთანავე მთელი შაბათ-კვირა საღამოს რიტუალად აქცია – მოიმარაგა აბაზანის ბურთები, სკრაბები, სახის ნიღბები და ყოველ დილა-საღამოს საკუთარი თავის ფიზიკურ თუ სულიერ განწმენდას უთმობს. დილით ჯანსაღ საუზმეს იმზადებს, დღის გეგმას ბლოკნოტში, ან ოთხკუთხა ფურცლებზე წერს და ამ გეგმას დღის განმავლობაში აუღელვებლად მიყვება. შეიძლება დეტოქსის სახით რამდენიმე ნაცნობიც წაშალა სოციალური ქსელებიდან რომ შანსი გამოეყენებინა და ეს პერიოდი ბარემ ყველაფერი ტოქსიკურისგან გათავისუფლებისთვის დაეთმო.

3. ეკრანზე შეხორცებული – ამ პუნქტს სანამ წაიკითხავთ აიღეთ მობილური და გადახედეთ თქვენს screen-time–ს. თუ დღის საშუალო მაჩვენებელი 10 საათს აღემატება, მაშინ ეს აბზაცი თქვენზეა.

ეკრანზე მიწებებული ადამიანი დროს უქმად არ ხარჯავს – უყურებს სერიალებს, ფილმებს, გულისყურით კითხულობს და ათვალიერებს ნაცნობების, მეგობრების და ცნობილი ადამიანების პოსტებს, თუ ინსტაგრამ–სთორებს; და მისი მთელი დროც ამაში გადის. ერთის მხრივ დროის სწრაფად გასაყვანად ეს ძალიან კარგი ხერხია, თუმცა ძილის რეჟიმსა და მხედველობაზე კარგად არ მოქმედებს. გირჩევთ ცოტა ხნით მაინც გადადოთ თქვენი გაჯეტები, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც ამ სტატიას ჩაიკითხავთ.

4. ახალაღმოჩენილი შეფი – ამ ადამიანმა არც იცოდა კულინარია რომ მისი მოწოდება იყო, სანამ ყველანაირი გასართობის გარეშე სახლში მარტო არ დარჩა. ეს მეგობარი შესაძლოა კარანტინამდე იმასაც კი გეუბნებოდათ რომ კვერცხის შეწვაც არ შეუძლია, ახლა კი გორდონ რემზიზე უკეთ ამზადებს ქათმის სტეიკს, ყვავილოვანი კომბოსტოს სუპს და გოგრის დესერტებს.

თუ ეს მეგობარი თავად ხართ – იქნებ კულინარიული ბლოგიც წამოგეწყოთ და ჩვენთვისაც გაგეზიარებინათ კარანტინის პირობებში მარტივად მოსამზადებელი რეცეპტები.

5. კარანტინის ონლაინ მემატიანე – სულ მცირე ერთი ონლაინ მემატიანე მაინც მეგობრებში ყველას გვყავს. ისინი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აზიარებენ ყველა სასარგებლო თუ გასართობ სტატიას პანდემიის შესახებ, გვიყვებიან იზოლაციის საკუთარ გამოცდილებაზე, გვეკითხებიან ამ რეჟიმთან გამკლავების ჩვენს მეთოდებზე, ან მოვლენების განვითარების ჩვენეულ პროგნოზებზე. ონლაინ მემატიანეებს შორის ყველაზე თანამედროვეებს ინსტაგრამზე უკვე სპეციალური Highlight-იც კი აქვთ მიძღვნილი კორონავირუსისა და კარანტინის პირობებში შეცვლილი ცხოვრების სტილისთვის.

6. ბედნიერი ინტროვერტი – ეს არის ინტროვერტი, რომელსაც არაერთხელ უოცნებია: “ნეტა სახლიდან გასვლას ცოტა ხნით მაინც არავინ მომთხოვდესო” და ახლა ფაქტიურად ოცნება აუხდა. მთელი დღე ეულად ირთობს თავს რითიც გაუხარდება და ბედნიერია რომ ზედმეტი სოციალური კონტაქტით არავინ აწუხებს. პარასკევ საღამოსაც აღარავინ ეკითხება “სახლში ყოფნა როგორ შეგიძლიაო”.

თუმცა არსებობს ინტროვერტების მეორე კატეგორიაც, რომლებსაც ასევე უყვარდათ სახლში ყოფნა, მაგრამ რა წამს სახლიდან გასვლა აუკრძალეს, საერთოდ აღარ ეხალისებათ და ერთი სული აქვთ ეს ყველაფერი როდის დასრულდება.

7. მაქსიმალისტი – ამ ადამიანს თუ შეხედავთ, ალბათ, იფიქრებთ, რომ ცხოვრების დასალაგებლად სულ კორონავირუსის გამოჩენას ელოდებოდა. მთელი დღე დაკავებულია და კარანტინის პირობებშიც ვერ ნახულობს მოდუნების დროს ან საჭიროებას. დილით ადრე დგება, მუშაობს ან მეცადინეობს, ვარჯიშობს კიდეც და დაბალანსებულ საუზმეს, სადილსაც და ვახშამსაც თვითონ იმზადებს.

რა თავისუფალი დროც რჩება – წიგნების წასაკითხად, მედიტირებისთვის ან რაიმე ახლის შესაქმნელად, შესასწავლად და აღმოსაჩენად იყენებს. სახლსაც რუტინულად ალაგებს და სამომავლო გეგმებიც გაწერილი აქვს. ყველაფერთან ერთად მეგობრებთან კონტაქტიც საერთოდ არ მოუკლია – ყოველ საღამოს ონლაინ ერთვება ახლო ადამიანებს და პარასკევ საღამოსაც ისევ ერთად სვამენ, ცეკვავენ და Zoom–ით უყურებენ საყვარელ სერიალს.

8. ტიკტოკერი – ყველა ვიცნობთ ადამიანს რომელიც აპლიკაციის გამოჩენისთანავე იფიცებოდა რომ TikTok–ზე არასდროს დარეგისტრირდებოდა, თუმცა თვითიზოლაციის რამდენიმე მოსაწყენი დღის შემდეგ მაინც “წაუცდა ხელი”, დარეგისტრირდა და ახლა ზუსტად იცის რა განსხვავებია Renegade-ის ორიგინალურ და Hype House ვერსიებს შორის და რომელია ჩარლი დამელიოს საყვარელი ყავის სახეობა.

წყარო: on.ge
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები