“დღეს რას ვშვებით?” – ამაზე ბევრს ვფიქრობთ ხოლმე. ახლა კორპორატიული წვეულებების სეზონია, მაგრამ მერე რა გვეშველება? გულის გადასაყოლებლად გთავაზობთ ალტერნატიულ აფიშას – რამდენიმე წვეულებას, რომელსაც სიამოვნებით დავესწრებოდით.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“გეტსბისთან მოდიხარ დღეს?”
ჰო, 20-იანი წლები იწყება და სიაც ჯეი გეტსბიმ უნდა გახსნას. თუ გსურთ, გამოიპრანჭოთ, ქალაქში საუკეთესო კოქტელიები დააგემოვნოთ და გემოვნებიან მუსიკაზე იცეკვოთ, გეტსბის წვეულებები თქვენთვისაა. ზუსტად არ ვიცით, ფეის კონტროლის საქმე როგორაა, მაგრამ თუ გკითხეს, უპასუხეთ, რომ დეიზი ბიუკინენის ბავშვობის მეგობარი ხართ.
სკოლის ზეიმი ჰოგვორტსში
ახალი წელი სკოლაში? ზეიმები ჩვენც გვქონდა, ლექსები უნდა გვეთქვა და “ალილო” გვემღერა. მაგრამ, ჰოგვროტსში შეგიძლიათ ალბუს დამბლდორისა და მინერვა მაკგონაგელის ვალსი იხილოთ. ისიც გავიგეთ, რომ ჰარის და რონს წვეულებისთვის წყვილები ჯერ კიდევ არ ჰყოლიათ. მოკლედ. ჩვენი მოკრძალებული აზრით, არგამოსატოვებელი ამბავია.
ბილბოს დაბადების დღე
დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად მისვლა ცოტა უხერხულია, მაგრამ თქვენს ადგილას, ზრდილობას ცოტა ხნით გვერდით გადავდებდით და ბილბო ბეგინსს პირადად მივულოცავდით. თუ ვერ გიცნობთ, შეგიძლიათ უთხრათ, რომ მისი შორეულზე შორეული ნათესავი ხართ და საჩუქრით მოიგოთ მისი გული. ჰო, გირჩევდით, მაინც და მაინც ბეჭედს ნუ აჩუქებთ.
ელისის არდაბადების დღე
თუ ალკოჰოლზე მეტად ჩაი და ფსიქოდელია გხიბლავთ, შეშლილ მექუდესთან რიგით არ-დაბადების დღეზე წასვლას გირჩევდით. ამ წვეულების უპირატესობა ისაა, რომ ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ აღნოშნოთ. უბრალოდ მიდით, გაიღიმეთ და თქვით, რომ დღეს თქვენი დაბადების დღე არ არის. დანარჩენზე უკვე მასპინძლები იზრუნებენ. გაითვალისწინეთ, რომ მეორე დღეს სახლის ან სამსახურის მიგნება ცოტა რთული იქნება.
ფლირტის საღამო
საყოველთაო ჭეშმარიტებად მიიჩნევა, რომ უცოლო და მდიდარი კაცი იმთავითვე ცოლის შერთვას მოიწადინებს. ამიტომ, თუ სასურველ სასიძოს ეძებთ, შეგიძლიათ ნეზერფილდის მეჯლისზე დაამყაროთ იმედები. სასურველია, ფლობდეთ ინგლისური ცეკვების საბაზისო ილეთებს და ატარებდეთ მოსახერხებელ ფეხსაცმელს. თუ ჭორებს დავუჯერებთ, ამ სეზონზე მეჯლისზე რამდენიმე მდიდარი და უცოლო მამაკაცი აპირებს დასწრებას.
მასკარადი
თუ მეჯლისზე ცეკვა კლუბში ცეკვას გირჩევნიათ, თქვენთვის კიდევ ერთი ღონისძიება გვაქვს – მასკარადი კაპულეტების ოჯახში. აქ დაგხვდებათ მხოლოდ მაღალი წრის საზოგადოება და მათთვის შესაფერისი მუსიკა. აუცილებელი ატრიბუტია ნიღაბი. გაითვალისწინეთ, მეჯლისზე არის მკაცრი ფეის კონტროლი. თქვენივე უსაფრთოხებისთვის სასურველია, მონტეგებთან ყოველგვარი კავშირი უარყოთ.
წყარო: throughthenews.com