როგორ მოვიშოროთ აქცენტი უცხო ენაზე საუბრისას

სასარგებლო რჩევები

უცხო ენაზე საუბრისას აქცენტი ბევრ ადამიანს აქვს და მისი მოშორება არც ისე მარტივია. ძლიერმა აქცენტმა, ისევე როგორც ეგზოტიკურმა კილომ, შესაძლოა, თქვენს კარიერას ხელი შეუშალოს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიოს პრესტიჟული ორგანიზაციები მაღალი რანგის თანამდებობებზე უპირატესობას ანიჭებენ იმ ადამიანების დანიშვნას, რომლებიც სტანდარტული ბრიტანული ან ამერიკული აქცენტით ლაპარაკობენ.

რატომ არის ინგლისურის ცოდნა მნიშვნელოვანი?

2020 წლისთვის მთელ მსოფლიოში ინგლისურად 2 მილიარდი ადამიანი ილაპარაკებს, – ასეთია ბრიტანული საბჭოს (საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს შორის განათლების, კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე მუშაობს) პროგნოზი. დღეისთვის კი ინგლისურად 1.75 მილიარდი ადამიანი ლაპარაკობს.

ბიზნესისთვის ინგლისური ენა უკვე გახდა კომუნიკაციის გლობალური საშუალება, თუმცა იდეალური აქცენტით ლაპარაკი ბევრს არ გამოსდის იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ბიზნესმენების ძალიან დიდი ნაწილისთვის ინგლისური მშობლიური ენაა. კვლევის თანახმად, ბრიტანელების მეოთხედს მიაჩნია, რომ თავისი კილოს გამო დისკრიმინირებულია.

ისეთმა კომპანიებმა, როგორიც არის Audi, Airbus-ი, Renault-ი და Samsung-ი მთელ მსოფლიოში არსებულ თავიანთ წარმომადგენლობებში ოფიციალურ ენად სტანდარტული ინგლისური აირჩიეს. თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციას განსხვავებული წესები აქვს. მაგალითად, ზოგან ინგლისური ენის ცოდნის ვალდებულება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მაღალი რანგის მმართველი რგოლის წარმომადგენელს, სხვაგან კი, შესაძლოა, ეს წესი თითოეულ თანამშრომელზე გავრცელდეს. კომპანიები ცდილობენ, საერთაშორისო არენაზე თავიანთი შემოსავლები გაზარდონ. ეს ეხება განსაკუთრებით იმ კომპანიებს, რომლებსაც თავიანთი პროდუქცია ან მომსახურება ექსპორტზე გააქვთ. ისეთ ფრანგულ კორპორაციებში, როგორიც არის L’Oreal-ი და LVMH, რომლებიც თავიანთი პროდუქციის დიდ ნაწილს საერთაშორისო ბაზარზე ყიდიან, ინგლისური ენის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ინგლისური ენის ცოდნის ტენდენცია არ უცვლება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. როგორც კი ეს მოხდება, ევროკავშირის წევრი დანარჩენი 27 წევრი ქვეყნისთვის ინგლისური ოფიციალური ენა აღარ იქნება, თუმცა ის ევროკავშირის სამუშაო ენად მაინც დარჩება.

„შიბბოლეთი“

საუკუნეების განმავლობაში ენა გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ადამიანები კატეგორიებად დაეყო. ამის კლასიკური მაგალითია ბიბლეიზმი „შიბბოლეთი“, რომელიც საბოლოოდ ლინგვისტურ ტერმინად (რთულად წარმოსათქმელი სიტყვა, რომლითაც უცხოელს ცნობენ) იქცა. ბიბლიის თანახმად, სიტყვა „შიბბოლეთი“ („წყლის ნაკადი“, „დინება“) გამოიყენეს იმისთვის, რომ განსხვავებული დიალექტი გამოეცნოთ. როდესაც გალაადის ქვეყნის მცხოვრებლებმა ეფრემელები დაამარცხეს, მათ უნდოდათ იმ ადამიანების გამოცნობა, ვისაც გაქცევა სურდა. ეფრემელები გალაადელებისგან თავის დაცვას ცდილობდნენ. ეს უკანასკნელნი კი ყველა შემხვედრს აიძულებდნენ, სიტყვა „შიბბოლეთი“ წარმოეთქვა. ეფრემელები ასო „შ“-ს ვერ ამბობდნენ, სწორედ ამით მჟღავნდებოდა მათი ნამდვილი ვინაობა და გამარჯვებულები მათ ხოცავდნენ. ძველი აღთქმის მიხედვით, 42 000-მა ადამიანმა ვერ წარმოთქვა სწორად ეს სიტყვა.

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, აქცენტი რომ გაქრეს?

ფრანგმა ექიმმა-ოტოლარინგოლოგმა ალფრედ ტომატისმა აღმოაჩინა, რომ ყველა ენას თავისი დიაპაზონი აქვს. ენის შემსწავლელი სკოლები, მათ შორის პარიზის Sound Sense, ამისათვის სპეციალურ მოწყობილობა „ელექტრონულ ყურს“ იყენებენ. აპარატი შედგება ყურსასმენისგან, რომელიც ყურს ზუსტად ისე გადასცემს ბგერებს, როგორც სასმენი აპარატი. ეს ხდება ვიბრაციის საშუალებით, რომელიც სიგნალს თავის ქალის ძვლის მეშვეობით გზავნის.

ექსპერტ-ლინგვისტები ამბობენ, რომ ჩვენი საუბარი შედგება ძირითადი ტონებისა და ობერტონებისგან. ტომატისის მეთოდი ითვალისწინებს იმას, რომ ენა ობერტონების სხვადასხვა დიაპაზონში ჟღერს. მაგალითისთვის, ბრიტანული ინგლისურის დიაპაზონი 2 000-დან 12 000 ჰერცამდე მერყეობს, ფრანგულის კი – 125-250-დან 1000-2000 ჰერცამდე.

ეს მეთოდი მიმართულია იქითკენ, რომ ყური ამა თუ იმ ენისთვის დამახასიათებელ დიაპაზონს, ენობრივ თავისებურებებსა და სიხშირეს მიეჩვიოს. თავდაპირველად მოწმდება, რამდენად კარგად შეუძლია ადამიანს სხვადასხვა სიხშირის გარჩევა და აღქმა. შემდეგი ორი საათის განმავლობაში ადამიანი ისმენს კლასიკურ მუსიკას, რომელშიც სხვადასხვა სიხშირე არის გაფილტრული, ის ხან ირთვება, ხან ითიშება. ამ დროს შუა ყურის მცირე კუნთები ვარჯიშობს და მათი გაკეთება სახლის პირობებშიც თავისუფლადაა შესაძლებელი.

ენის შემსწავლელ ზოგიერთ სკოლაში აცხადებენ, რომ ასეთი ვარჯიში ენის შესწავლისთვის საჭირო დროს ზოგიერთ შემთხვევაში 50%-ითაც კი ამცირებს. ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ტომატისის მეთოდი გამოსცადეს და ის ენის შემსწავლელ ეფექტიან საშუალებად აღიარეს.

რატომ არის ამდენად რთული აქცენტის მოშორება?

იმიტომ, რომ ყველაფერი და მათ შორის ენისადმი შეჩვევაც ბავშვობაში იწყება. ახალშობილის ტვინი ადამიანური საუბრის ყველა სიხშირეს აღიქვამს, მაგრამ ზრდასთან ერთად (უკვე 8 თვის ასაკიდან) „არასაჭირო“ სიხშირეები განზე იწევს და ბავშვი ორიენტირდება მხოლოდ იმათზე, რომლებიც მისი მშობლიური ენისთვის არის დამახასიათებელი.

ზოგიერთი ლინგვისტი 6 წელს გარდამტეხ ასაკად თვლის. სწორედ ამ დრომდე ბავშვი თავისუფლად სწავლობს ენას. სპეციალისტების აზრით, დიდებისთვის უცხო ენის უაქცენტოდ შესწავლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც ფრანგულენოვან ადამიანს თითქმის გადაულახავი სირთულეები ექნება, რომ ისაუბროს როგორც ბრიტანელმა, რადგან მისი ტვინი ინგლისური ენის სიხშირეებს ვეღარ აღიქვამს. შესაბამისად, ფრანგის სამტყველო აპარატი ინგლისურისთვის დამახასიათებელ ბგერებს ზუსტად ვერ გამოსცემს, რადგან არ ესმის.

ლინგვისტების განმარტებით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ენების შესწავლის ბუნებრივი ნიჭი აქვთ. ყველაზე ხშირად ეს ადამიანები მრავალენოვან გარემოში იზრდებოდნენ. ამიტომაც მათი ყური სხვადასხვა სიხშირეს შეჩვეულია და ტვინი „უცხო“ სიხშირეებს აღარ ფილტრავს და მათ მიმართ მგრძნობელობას არ კარგავს.

აქცენტის მოშორების სხვა საშუალებებიც არსებობს?

ექსპერტ-ლინგვისტებს მიაჩნიათ, რომ საუკეთესო მეთოდი უცხო ენის უაქცენტოდ შესასწავლად, არის რაც შეიძლება ბევრი ისმინოთ და ილაპარაკოთ. ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, ხმამაღლა კითხვა და თუ გვერდით იმ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი გეყოლებათ, რომელიც შეცდომებს გაგისწორებთ, იდეალური ვარიანტია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები