სანამ იმაზე ფიქრს დავიწყებთ, თუ როგორ გავხდეთ უკეთესი სტუდენტები, უნდა ვიცოდეთ, სად ვუშვებთ შეცდომებს , რომელი ჩვევები გვხევს უკან და გვიკეტავს წარმატებამდე მისასვლელ გზას. შესაძლოა, თქვენი პოტენციალი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ამას ამჟღავნებთ, რადგან გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ხელშემშლელი ჩვევები:
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მეცადინეობის დაწყება გეგმის გარეშე
მანამ სანამ მეცადინეობას დაიწყებთ, გადახედეთ მთლიან სასწავლო მასალას და გადაწყვიტეთ, რის სწავლას აპირებთ ამ ეტაპზე. შეადგინეთ გეგმა და იხელმძღვანელეთ მისით. ეს თქვენს პროდუქტიულობას გაზრდის და დროის მართვაში დაგეხმარებათ.
ბოლო წუთში სწავლა
ბევრი სტუდენტი მეცადინეობას შუალედურის წინა დღეს, წინა საღამოს ან სულაც გამოცდამდე რამდენიმე საათით ადრე იწყებს. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა, რადგან ამ დროს მხოლოდ გამოცდის ჩაბარებაზე ორიენტირებულს გავიწყდებათ, რომ ეს მასალა ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგჭირდებათ და რამდენიმე საათში ნასწავლი, ცხადია, დიდხანს არ გაგყვებათ.
მეცადინეობაში ატარებ დიდ დროს და არაფერს სწავლობ
არიან ადამიანები, რომლებიც დილის საათებში უკეთესად ითვისებენ ვიდრე ღამე. მეორე ნაწილი პირიქითაა. იპოვეთ, თქვენთვის ყველაზე პროდუქტიული დღის მონაკვეთი და სწავლის დროს შეეცადეთ, მაქსიმალურად კონცენტრირდეთ მასზე.
მეცადინეობის დროს არ მიეკაროთ მობილურსა და სოციალურ ქსელებს
ზოგი ფიქრობს, მერე რა თუ ერთი წუთით „ფეისბუქში“ შევიჭყიტები ან ერთ შეტყობინებას გავგზავნი. ეს გონებას გიფანტავთ და სწავლის განწყობას გიქრობთ.
მეცადინეობა ტელევიზორის წინ
ესეც ერთგვარი საცდურია, თუმცა სტუდენტებს ჰგონიათ, რომ ტელევიზორი მათ გონებას ვერ გაუფანტავს. ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია, იზოლირებულ გარემოში იმეცადინოთ. ასე შედეგს ნაკლებ დროში მიიღებთ.
ლექტორს დახმარებას არ სთხოვთ, როცა გჭირდებათ
სინამდვილეში,ლექტორებს ძალიან მოსწონთ სტუდენტები, რომლებიც კითხვებით მიმართავენ, თუმცა თავად სტუდენტებს ურჩევნიათ, გაუგებარი მასალა კურსელებს ჰკითხონ ან საერთოდ გამოტოვონ, რაც შეცდომაა. ჩაინიშნეთ გაუგებარი საკითხები და აუცილებლად სთხოვეთ ლექტორს გაგარკვიოთ მასში.
სწავლა უსიამოვნო გარემოში
კურსელები ხშირად სამეცადინოდ იკრიბებიან და ჯგუფურად მეცადინეობენ, თუმცა თქვენ შესაძლოა, მათ წრეში თავს არაკომფორტულად გრძნობთ. ასეთ შემთხვევაში ათვისება გაგიჭირდებათ. უმჯობესია, იმ მეგობრებთან ერთად იმეცადინოთ, რომლებიც მოტივაციას გმატებენ.
სწავლა დამახსოვრებისთვის და არა გააზრებისთვის
ესეც ქულაზე ორიენტირებული სტუდენტის დამახასიათებელი თვისებაა. თუ გინდა წარმატებას მიაღწიო არამხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ სამომავლო პროფესიაში, უნდა შეეცადო ბოლომდე მიიყვანო საქმე და შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დაიხარჯო.
არაორგანიზებულობა
ორგანიზებულობა არ ნიშნავს ყველა წვრილმანის გეგმის სახით ჩამოწერას, მაგრამ სწორად შედგენილი დღის განრიგი გეხმარება იყო ყოველთვის მზად და გქონდეს საკმარისი დრო.
არ სწავლობ საკუთარ შეცდომებზე
წარმატებული სტუდენტები ყოველთვის არიან მზად აღიარონ საკუთარი შეცდომები და იმუშაონ მათ გამოსწორებაზე. წარმატება სწორედ საკუთარ შეცდომებზე სწავლით მიიღწევა.