საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება. აღნიშნულ ინიციატივას ბევრი ქილიკით შეხვდა, თუმცა ფაქტია, რომ არსებობს ამ მიმართულების უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
სტუმარმასპინძლობა ხომ ხასიათის თვისებაა? ეს როგორ უნდა ისწავლო?
ყოფითი თვალსაზრისით, სტუმარმასპინძლობა – სტუმრების გულითადად მიღების სურვილია. მაგრამ ასე უწოდებენ ასევე ბიზნესის დიდ სექტორს (Hospitality), რომელიც მოიცავს რესტორნებს, სასტუმროებს, კურორტებს, კაზინოებს, ტურისტულ კომპანიებს, ღონისძიებების ორგანიზატორ სააგენტოებს და ასე შემდეგ.
რესტორანში მუშაობისთვის განათლების მიღებაა საჭირო?
დიახ. თუ თქვენ გინდათ გახდეთ პროფესიონალი, შეიმუშაოთ საუკეთესო რესტორნების კონცეფციები, მართოთ მაღალი კლასის სასტუმროები, გაყიდოთ მაღალი ხარისხის საქონელი და მომსახურება, ამისთვის უმაღლესი განათლების მიღებაა საჭირო. მენეჯერის წარმატებული კარიერის შესაქმნელად კარგად უნდა ერკვეოდეთ ბიზნეს-პროცესების მართვასა და ფინანსური ანალიზის საფუძვლებში. საჭიროა ასევე მენიუს შედგენის, პერსონალის შერჩევის, გასართობი პროგრამების ორგანიზების და ბევრი სხვა რამის ცოდნა.
ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ სექტორს ტურიზმი წარმოადგენს, სტუმარმასპინძლობის სფეროში პროფესიონალები განსაკუთრებით სჭირდება. საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანაა, სადაც ეს სექტორი ვითარდება, მაგრამ დარგი ახალგაზრდაა, მომსახურების სფერო არასაკმარისად განვითარებული და ამ დარგში პროფესიონალი კადრების დეფიციტის აღმოფხვრა სახელმწიფოს ინტერესებშია.
სად არის საუკეთესო უნივერსიტეტები?
მიჩნეულია, რომ სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო უნივერსიტეტები შვეიცარიაშია. მსოფლიო სტუმართმოყვარეობის ამ ცენტრის რეპუტაციის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში დაიწყო, როდესაც შვეიცარია პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა ევროპული ელიტისთვის. ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალიზებული უნივერსიტეტები ალიანსში Swiss Education Group არის გაერთიანებული. მასში ხუთი სასწავლო დაწესებულება შედის:
– Cesar Ritz Colleges Switzerland ასახავს The Ritz-ის სასტუმროების ქსელის ფილოსოფიას, რომელიც მთელი მსოფლიოს სასტუმროების და რესტორნების მთავარი ორიენტირია. სკოლა ცეზარ რიტცის ტიპის პროფესიონალების აღზრდისკენ მიისწრაფვის.
– Culinary Arts Academy ოდესღაც César Ritz Colleges-ის ნაწილი იყო, ახლა ის ცალკეული უმაღლესი სასწავლებელია. აკადემიაში პედაგოგებად შვეიცარიული გილდიის და სხვა ნაციონალური და მსოფლიო გასტრონომიური ასოციაციების და თანამეგობრობის წევრი შეფ-მზარეულები მუშაობენ.
– Hotel Institute Montreux – სასტუმრო-ბიზნესის მართვის სკოლაა, სადაც სტუდენტებს მართვის ახალ ამერიკულ ტექნოლოგიებს აცნობენ. აქ მათ ძირითად საგნებთან ერთად შეუძლიათ დამატებით აირჩიონ სპეციალიზაცია ფინანსების, პერსონალის ან ლუქსის კლასის საქონლის მარკეტინგის მართვის დარგში.
– IHTTI School of Hotel Management – აქ სასტუმროს და რესტორნის მართვის საგნების გარდა, შემოქმედებით საგნებს ასწავლიან, როგორებიცაა დიზაინი, მარკეტინგი, ბრენდინგი. ეს ცოდნა აუცილებლად სჭირდება მათ, ვინც ლუქსის კლასის პროდუქტებზე აპირებს მუშაობას.
– Swiss Hotel Management School – იმ უნივერსიტეტებს შორის, სადაც სტუმართმოყვარეობა ისწავლება, ამ სასწავლებელმა 2017 წელს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში მე-8 ადგილი დაიკავა. აქ ასწავლიან სასტუმროების და რესტორნების, ღონისძიებების, კურორტების და სპა-ცენტრების მართვას.
ასეთ უნივერსიტეტებში კონკრეტულად რას ასწავლიან?
ბევრ რამეს. დროის დიდ ნაწილს სტუდენტები თეორიული დისციპლინების ათვისებას ანდომებენ, მაგრამ კურსები მათ პრაქტიკულ ცოდნას და უნარებსაც უვითარებს, რომლებიც შემდეგ მუშაობის პროცესში ადგებათ. სასწავლო გეგმა სპეციალობების მიხედვით განსხვავდება. მომავალი შეფ-მზარეულები გასტრონომიულ კურსს ითვისებენ და დახვეწილი ევროპული კერძების მომზადებას სწავლობენ. ცალკეული ბიზნესის სპეციალისტებს კულინარიის ანბანს, ფინანსურ ანგარიშგებას და მათემატიკის ანალიზის საფუძვლებსაც კი ასწავლიან.
ანალიზის საფუძვლების გარეშე სხვა საგნების სწავლა შეუძლებელია, მაგალითად შემოსავლების მართვის, მართვის აღრიცხვიანობის, სტატისტიკის და სხვ. ეს ყველაფერი აუცილებლად სჭირდება კარგ მენეჯერს იმისთვის, რომ სწორ სტუმარს სწორი ნომერი სწორ მომენტში და სწორ ფასად მიჰყიდოს. ასეთი მიდგომა სასტუმროს შემოსავალს ზრდის.
პრაქტიკას როგორ გადიან?
ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში ფასიანი სტაჟირება Swiss Education Group-ის სკოლებში სწავლის აუცილებელი ნაწილია. შესაბამისად, ყველა სტუდენტი მუშაობის რეალურ გამოცდილებას უკვე პირველი კურსიდან იღებს. სტუდენტები თავად ირჩევენ ვაკანსიას და დამსაქმებელს კარიერის საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება. შემდეგ ისინი თავად აგზავნიან მონაცემებს და გადიან გასაუბრებებს. მაგრამ უნივერსიტეტებში მათ ზედმიწევნით ამზადებენ დასაქმების პროცესისთვის, მათ შორის ასწავლიან სამოტივაციო წერილების წერას და რეზიუმეების სწორად შედგენას.
ასეთ პრაქტიკას ვერასდროს მიიღებ, მაგალითად, მიმტანად მუშაობისას. რადგან ამ დროს მხოლოდ ერთ მიმართულებას სწავლობ და არა იმას, რაც მთელ სასტუმროს სჭირდება; აქ დანამდვილებით ვერ შეიძენ ზოგადი მართვის და ბიზნეს-პროცესების მართვისთვის აუცილებელ უნარებს. უმაღლესი განათლება აუცილებელია წარმატებისთვის, ხოლო ფორუმში მონაწილეობა საჭიროა მომავალში მნიშვნელოვანი კონტაქტების შესაძენად. სპეციალური განათლების და რეკომენდაციების გარეშე ასევე ძალიან რთულია, მაგალითად, ნიუ-იორკის Ritz Carlton-ში ან ტოკიოს Marriott -ში საბაზო პოზიციაზე მოსახვედრად.
სტუმარმასპინძლობას ვინ ასწავლის და სტუდენტების წარმატება როგორ ფასდება?
მაგალითად, შვეიცარიული უნივერსიტეტების პედაგოგების უმრავლესობა პრაქტიკოსია. როგორც წესი, ისინი ან იმ მომენტისთვისაც სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობენ, ან საკუთარი ბიზნესი აქვთ ან ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ამ დარგში დიდი გამოცდილება აქვთ, უბრალოდ საქმეებს ჩამოშორდნენ, რომ პედაგოგებად ემუშავათ.
რაც შეეხება სტუდენტების სწავლის შეფასებას, ეს საგანზეა დამოკიდებული. სტუდენტები ან წერით გამოცდებს აბარებენ ტრადიციულად ზეპირი ან წერილობითი ფორმით, ან უფრო თანამედროვე ფორმატებში – პრეზენტაციებით ან ვიდეოპროექტებით. მაგალითად, კურსის ბოლოს სტუდენტებს შეიძლება მოსთხოვონ რესტორნისთვის მენიუს დამოუკიდებლად შედგენა, მუსიკალური ფესტივალისთვის სარეკლამო კამპანიის მოფიქრება, საზეიმო წვეულების ორგანიზება ან სასტუმროთა ქსელისთვის ბიზნესგეგმის შექმნა.
სწავლა რამდენწლიანია?
ეს განათლების დონეზეა დამოკიდებული. ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სწავლა 3-წლიანია, მაგისტრისთვის – ერთი ან ორწლიანი იმის მიხედვით, თუ რა არის აბიტურიენტის პირველი სპეციალობა. მაგისტრატურის პირველ კურსზე ჩვეულებრივ საბაზო ცოდნას იღებენ, მაგრამ თუ ადამიანს ასეთი ცოდნა აქვს, შეიძლება ის პირდაპირ მეორე კურსზე ჩარიცხონ, სადაც უფრო მოწინავე საგნებს შეისწავლის.
წყარო: imedinews.ge