“ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მისი თქმით, 31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და უფასო იქნება.
„ამ რეჟიმში მეტროპოლიტენი და ავტობუსები იმუშავებს 31 დეკემბრის 23:00 საათიდან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე.
თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი ძირითადად, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიებების ადგილამდე, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანენ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეტროპოლიტენი მგზავრებს შობის ღამესაც გახანგრძლივებული გრაფიკითა და უფასოდ მოემსახურება – 6 იანვრის 24:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებს.