10 მტკივნეული მომენტი მათთვის, ვისაც შვიდწლედი აქვს დამთავრებული

მხიარული ინფო

ერთ დროს ქართველ და არა მხოლოდ ქართველ მშობლებს ეგონათ, რომ ჩვეულებრივი ამბავია, ადგე და შენი შვილს შვიდი წლით იმის კეთება მიუსაჯო, რაც არ უყვარს. ჩემს ბავშვობაში “მუსიკაზე სიარული” კარგი გოგოობის განუყოფელი ნაწილი იყო და გინდოდა, არ გინდოდა, უნდა გევლო. ჩემი სხეული ბოლოს ისე გავწვრთენი ფორტეპიანოს ზიზღში, რომ ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, მუსიკის გაკვეთილამდე ერთი საათით ადრე სიცხე მიწევდა, თუმცა ხშირად არც ეს მშველოდა ხოლმე. ახლა მუსიკაზე ფიქრისას, პირველ რიგში, გათოშილი თითები და ცივი კლავიშები მახსენდება. შვიდწლედმა რამე თუ მასწავლა, არა კლასიკური მუსიკის სიყვარულია, არამედ ის, რომ ყველაფერი მთავრდება ბოლოს და ბოლოს, მთავარია, გაუძლო.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

დარწმუნებული ვარ, ეს 10 ტკივილი თქვენთვისაც ნაცნობი იქნება:

1. ახალი ნაწარმოების გარჩევის რთული და დამღლელი პროცესი.

აქ რამდენიმე ეტაპს გადიოდი:

  • როცა გეგონა, რომ ამ ნაწარმოებს ვერასდროს დაუკრავდი
  • როცა გეგონა, რომ იმ სისწრაფით ვერ დაუკრავდი, რა სისწრაფისთვისაც დაიწერა
  • როცა გეგონა, რომ ჯანდაბას, დაუკრავდი, მაგრამ ზეპირად – ვერა
  • როცა დავიწყება გინდოდა, მაგრამ ვეღარ ივიწყებდი

2. როცა კარნახის დროს ცდილობდი, კლავიშებისკენ თვალი გაგეპარებინა და ამჩნევდნენ.

მაგრამ რომელიმე ნოტს მაინც თუ მოკრავდი თვალს, ესე იგი, ღირდა.

3. როცა კომპოზიტორი წყვეტდა, რომ ეტიუდში ყველაზე რთული ნაწილი მარცხენა ხელს უნდა შეესრულებინა.

იმიტომ, რომ სხვა კომპოზიტორებისგან რამით ხომ უნდა განსხვავდებოდე…

4. ყველა მომენტი, როცა ხელების გადაჯვარედინება გიწევდა.

ვაღიაროთ, რომ ესეც მეტიჩრობა იყო და ხშირ შემთხვევაში ხელების გადაჯვარედინების გარეშეც გამოდიოდა იგივეს დაკვრა.

5. ის ფაქტი, რომ შუა პედლის დანიშნულება შვიდი წლის მერეც ვერ გაიგე

აი, იმ დროს უნდა დააჭირო შუა პედალს, როცა გგონია, რომ ვერც ერთი სხვა პედალი ვერ გადმოსცემს შენს ემოციას…

6. ტონალობების კვარტა-კვინტურ წრეში გარკვევა.

აბა, ავაგოთ წმინდა კვინტა სოლ ნოტიდან ზევით…

7. როცა სხვა გვერდზე გადასვლისას ნოტების გადაფურცვლას ვერ ასწრებდი და იბნეოდი.

 

მასწავლებელი ყოველთვის გიბღვერდა, თუ ამ დროს დაკვრას შეანელებდი.

8. როცა პიანინოზე მეცადინეობის შემდეგ გამოცდა როიალზე უნდა ჩაგებარებინა, რომელსაც სულ სხვა ჟღერადობა ჰქონდა.

 

და კლავიშებიც ბევრად უფრო გიჯიუტდებოდნენ.

9. როცა რაიმე ნოტი მაინც გამოკვეთილად უნდა დაგეკრა, მაგრამ ჩუმად.

 

მეცო-პიანო!

10. და ბოლოს, როცა შენი მუსიკალური კარიერა ნათესავებსა და მამის ძმაკაცებს მარტივ ბანალურობამდე დაჰყავდათ – “თბილისო დაგვიკარი, რა”

 

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები