კატალონიური “ბარსელონას” ნებისმიერ გულშემატკივარს, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღბეჭდვია სახეზე ნაძალადევი პასიურ-აგრესიული ღიმილი, როდესაც კლუბის ლეგენდარული 6 ნომრისთვის ჩავის ნაცვლად, ხავი უწოდებიათ. არც იაპონური ლიტერატურის მოყვარულები იმჩნევენ დიდად, მაგრამ, როცა იუკიო მიშიმას მისიმად მოიხსენიებთ, გონებაში წარმოიდგენენ, როგორი სიამოვნებით დაგეხმარებოდნენ ჰარაკირის შესრულებაში.
მუსიკის სამყაროში უჩვეულო და რთულად წასაკითხი სახელები იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. 10 არტისტის რომელთა სახელებსაც ხშირად არასწორად წარმოვთქვამთ.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
10. Kanye West – ქანიე ვესთი – არანაირი ქეინი ან ქენაი ვესთი ბუნებაში არ არსებობს. მუსიკოსი მისი სახელის სწორად გამოთქმის საჭიროებაზე სიმღერაში Diamonds From Sierra Leone თავადაც საუბრობს.
9. Lynyrd Skynyrd – ლეჰნერდ სქინერდი – ამ ფლორიდული როკ ბენდის წევრებმა პირველივე ალბომის სახელწოდებით მიგვანიშნეს, რომ დიდად არ იყვნენ აღფრთოვანებულნი “ლაინარდ სკაინარდით” მოხსენიების პერსპექტივით. Pronounced ‘Lĕh-‘nérd ‘Skin-‘nérd – “წარმოითქმის, როგორც ლეჰნერდ სქინერდი”, ასე ერქვა ჯგუფის სადებიუტო ნამუშევარს.
8. Die Antwoord – დი ანთვორთი – და არა “დაი ანთვორდი” ან “დიე ანთვურდი”. სამხრეთაფრიკულ ენაზე (ე.წ. აფრიკაანსზე) ამ შეშლილი დუეტის სახელწოდება “პასუხს” ნიშნავს.
7. The Ramones – რემოუნსი – უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ფაქტმა თავის დროზე ჩვენს რედაქციაშიც კი გაკვირვება გამოიწვია. დიდი ხნის განმავლობაში პანკ როკის პიონერებს ყოვლად უსინდისოდ “რამონესს” ვეძახდით.
6. Morrissey – მორისი – და არა მორისეი. სწორედ ასე წარმოითქმის The Smiths-ის ყოფილი ვოკალისტის სასცენო სახელიც და გვარიც.
5. Portishead – ფორთისჰედი – ლეგენდარული თრიფ ჰოპ კოლექტივი ბრისტოლის საგრაფოში მდებარე პატარა ქალაქის სახელს ატარებს. სწორედ ფორთისჰედში ცხოვრობდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჯეფ ბეროუ. “sh” ამ შემთხვევაში “შ”-დ არ იკითხება. დასახლებას Port at the head of the river-ს (მდინარის სათავესთან მდებარე ნავსადგურს) უწოდებდნენ, რაც დროთა განმავლობაში Portishead-ად ტრანსფორმირდა.
4. Chvrches – ჩარჩიზ – ამ შოტლანდიურმა ბენდმა საკუთარ სახელწოდებაში ასო u მხოლოდ იმიტომ ჩაანაცვლა, რომ გუგლს ძიებისას მათი შემოქმედებით დაინტერესებული მელომანებისთვის ეკლესია-მონასტრების შესახებ ინფორმაცია არ შეეთავაზებინა (Churches – ეკლესიები).
3. Yngwie Malmsteen – ინგევეი მალმსთიინი – ორმოცწლიანი კარიერა, ოცზე მეტი ალბომი, “გიტარის ღმერთის” წოდება და მის სახელს მაინც ინგვი მალმშტეენად წარმოთქვამენ.
2. Bon Iver – ბონ ივერი – და არა აივერი. Bon hiver ფრანგულად “კარგ ზამთარს” ნიშნავს. სერიალში “ჩრდილოეთის მხარე”, რომელმაც ჯასთინ ვერნონს პროექტის სახელწოდება შთააგონა, პირველი თოვლის დროს სწორედ ამას უსურვებდნენ ერთმანეთს ალასკის მაცხოვრებლები.
1. Sade – შადე – და არა სადე ან სეიდი. ელენ ფოლაშადე ადუს სახელი მისი მშობლიური, ნიგერიული ენიდან ითარგმნება, როგორც “ღირსება განამტკიცებს გვირგვინს”.
წყარო: popmusic.ge