“მეუცნაურა იატაკზე მსხდომი სტუდენტები და მაგიდაზე ჩამომჯდარი ლექტორი” – ანი ზურაშვილი

ინტერვიუ

ანი ზურაშვილი პარიზის დეკარტის უნივერსიტეტის განათლებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. ანამ თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე გაიარა გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაც. მომავალი პროფესიისადმი ინტერესი კი ბავშვობიდანვე გაუჩნდა და როგორც თავად ამბობს, ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად ყოველთვის მზად იყო. სწორედ ამიტომ რამდენიმეჯერ გაიარა შესარჩევი კონკურსი, რასაც 2017 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი სტიპენდიის მოიპოვა მოჰყვა.  როგორ სწავლობს და ცხოვრობს ანი საფრანგეთში? – ამის შესახებ ინტერვიუში თავად გვიყვება.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

– ანი, განათლების საკითხებით როდის დაინტერესდი და როგორ შეარჩიე მომავალი პროფესია?

განათლების საკითხები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და მეტად თუ ნაკლებად ყველას გვაქვს შეხება – როგორც მოსწავლეს, სტუდენტს, მასწავლებელს, მშობელსა და სხვ. ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო რას, რატომ, როგორ ვსწავლობდი, თუმცა ვერ გეტყვით, ბავშვობიდან ვიცოდი რომ ამ მიმართულებით უნდა მესწავლა-მეთქი. გადაწყვეტილება, რომ განათლების მეცნიერებები მესწავლა, მოგვიანებით მივიღე, როდესაც უკვე  ამ სფეროში ვმუშაობდი და როცა უფრო მეტის ცოდნის სურვილი და საჭიროება გამიჩნდა.

– როგორ მიიღე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება?

ჩემთვის, ისევე როგორც უამრავი ქართველი სტუდენტისათვის, პირადი ხარჯებით სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება შეუძლებელი ან ძალზე შორეული მიზანი თუ იქნებოდა. ამიტომ ვიტყვი, რომ საზღვარგარეთ სწავლა სურვილი უფრო იყო, ვიდრე გადაწყვეტილება. ყველაზე უკეთ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დავინახე, რომ ჩემ გარშემო რეალურად არსებობდა შესაძლებლობები, რომლებიც ამის შანსს იძლეოდა. ამიტომ შევეცადე მაქსიმუმი გამეკეთებინა ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად.

– განათლების საერთაშორისო ცენტრის (iec) კონკურსში მონაწილეობისას გამარჯვების მოლოდინი თუ გქონდა? 

განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში მონაწილეობა წინა წლებშიც მივიღე, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც საქმე მსგავსი ტიპის კონკურსებს ეხება, რთულია, ზუსტი მოლოდინები გქონდეს, თუმცა როცა კიდევ ერთხელ იწყებ სამოტივაციო წერილის წერასა და სხვა საჭირო საბუთების შეგროვებას, რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით იმედიც გაქვს, რომ შენი მცდელობა შეიძლება წარმატებით დასრულდეს.

– გაგვიზიარე პირველი სასწავლო დღის შთაბეჭდილებები… 

პირველი შეხვედრა, ისევე როგორც შემდეგი ლექციების უმეტესობა, მონპარნასის კოშკში გვქონდა, საიდანაც მთელი თუ არა, ნახევარი პარიზი მაინც ნამდვილად ჩანს. მახსოვს, როგორ მეუცნაურა იატაკზე მსხდომი სტუდენტები, მაგიდაზე ჩამომჯდარი ლექტორი, ცოტა მოგვიანებით, ერთ-ერთ პარკში ჩატარებული ლექცია და, ზოგადად, ის თავისუფალი აურა, რომელიც ძალიან განსხვავდება ტრადიციული სასწავლო გარემოსგან.

– შენს მაგალითზე გვითხარი, რა უპირატესობა აქვს საფრანგეთში მიღებულ უმაღლეს განათლებას ქართულთან შედარებით?

სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის, რომ შედარების შესაძლებლობა გეძლევა. საფრანგეთი სტუდენტს ინტერკულტურულ გარემოში სწავლასა და ცხოვრებას სთავაზობს, რაც უამრავი სიახლის, გამოწვევის, გამოცდილების მიღებას ნიშნავს. გარდა ამისა, აქ სტუდენტს შეუძლია უშუალოდ გაეცნოს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ სხვადასხვა სფეროში საერთაშორისო მასშტაბით.

– როგორ ფიქრობ, რა ძირითადი პრობლემები და გამოწვევები დგას საქართველოს განათლების სისტემის წინაშე?

განათლების სისტემა ძალზე ფართო ცნებაა და არაერთ მიმართულებას მოიცავს, ამიტომ ასე ზოგადად გამოწვევებზე საუბარი ჩემთვის არც ისე ადვილია. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც გვაქვს, არის სასწავლო პროცესის გამიჯნულობა ცხოვრებისეული ყოველდღიურობისგან. უფრო კონკრეტულად, როდესაც მოსწავლეები სწავლობენ გარკვეულ საკითხებს და ვერ ხედავენ ამ საკითხების კავშირს გარესამყაროსთან; თანაც, ისეთი მეთოდებით, რომლებიც მათში ცხოვრებისთვის საჭირო აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას არ უწყობს ხელს. ასევე, ამავე პრობლემის ნაწილად მიმაჩნია საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამების შეუსაბამობა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ვფიქრობ, რომ განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მოიზიდოს, განავითაროს და შეინარჩუნოს შესაბამისი კადრები, წაახალისოს კვლევითი პროექტები და აქტიური სწავლება, გაზარდოს განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის.

– რა თავისებურებები ახასიათებს ფრანგი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების სტილს და მათგან რომელია შენთვის მისაღები?

ერთ-ერთი პირველი, რამაც ჩამოსვლისთანავე მიიქცია ჩემი ყურადღება, ასაკიანი ადამიანების ცხოვრების წესი იყო. მომწონს, რომ ხნიერი ქალები ველოსიპედებით სეირნობენ და რომ ფრანგული კაფეები სავსეა გამოპრანჭული მოხუცი ფრანგი წყვილებით. მომწონს, რომ უზარმაზარ რიგში არავინ ცდილობს ჩემზე წინ ჩადგეს და რომ მეტროს ასაკეც სკამებზე მსხდომი მგზავრები ფეხზე დგებიან, რათა სხვა ფეხზე მდგომებს სივრცე გაუთავისუფლონ.

– სწავლის გარდა, რით ხარ დაკავებული? 

ის, რითიც პარიზში ჩამოსული სტუდენტი პირველ რიგში კავდება, ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული პროცედურებია. საფრანგეთში ცხოვრებისთვის საჭირო საბაზისო საბუთების შეგროვებასა და პროცედურების გავლას უამრავი დრო და ენერგია სჭირდება. ასევე, თუ გავითვალისწინებთ, რომ უნივერსიტეტშიც საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს და ძალიან ბევრ ჩემთვის სრულიად ახალ თემასთან მიწევს შეხება, ბევრი თავისუფალი დრო ნამდვილად არ მრჩება. თავისუფალ დროს ვცდილობ აღმოვაჩინო ქალაქი, რომელშიც ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა; რომელიც სავსეა ტურისტული მიმართულებებით და რომლის ტურისტული და არატურისტული ნაწილებიც ჩემთვის თანაბრად საინტერესოა.

– როგორია შენი გეგმები და სურვილები სამომავლოდ?

როცა საქმე გეგმებს და სურვილებს ეხება, მირჩევნია უახლოეს მომავალზე საუბრით შემოვიფარგლო. პირველ რიგში, მინდა, რომ სტაჟირება მოვძებნო და საფრანგეთში ჩემი სფეროს შესაბამისი დაწესებულებების მუშაობის სპეციფიკას უკეთესად გავეცნო. პროგრამის დამთავრების შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველოში დავბრუნდები და იმედი მაქვს, რომ  ნასწავლის რეალიზების შესაძლებლობა მექნება.

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები