ელექტრონული წერილების წერისას, აუცილებელია რამდენიმე საკითხის გათვალისწინება. არსებობს „მეილის წერის ეტიკეტი”, რომლის დაცვაც უფრო ეფექტურს გახდის თქვენს მიმოწერას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმიან წერილებზე ვსაუბრობთ.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
დაფიქრდით, ღირს თუ არა მეილის გაგზავნა!
ელექტრონული მიმოწერა ზოგჯერ კომუნიკაციას ართულებს. ამ სფეროში გამოცდილ ადამიანებსაც კი უჭირთ ხოლმე სწორად შეარჩიონ სიტყვები, რომ წერილი მაქსიმალურად საქმიანი იყოს და ამყარებდეს ემოციურ კონტაქტს ადრესატთან. როგორც ტექნიკური კომენტატორი კლეი შირკლი ამბობს, როდესაც ადამიანებს მხოლოდ მეილის საშუალებით ეკონტაქტებით და მათ რეალურ ცხოვრებაში არასოდეს შეხვედრიხართ, ეს ასპერგერის სინდრომს ჰგავს, შეიძლება ძალიან რაციონალური და ლოგიკური იყოთ, მაგრამ თქვენს მიმოწერაში არსად ჩანს ემოცია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანთან პირდაპირი კომუნიკაცია 34-ჯერ ზრდის მისგან თანხმობის მიღების შესაძლებლობას. ამიტომ, სანამ გადაწყვეტთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე მეილი გაგზავნოთ, დაფიქრდით, ხომ აჯობებს დაურეკოთ ან პირდაპირ შეხვდეთ ადრესატს? იქნებ, ასე უფრო ეფექტური იყოს თქვენი კომუნიკაცია?!
იცნობდეთ თქვენს აუდიტორიას!
Google-ის საძიებო სისტემაში „იმეილის ეტიკეტი” რომ ჩაწეროთ, უამრავ რჩევას იპონით, რა უნდა დაწეროთ ელექტრონულ წერილში და რა – არა. თუმცა, ეს მაინც ადრესატზეა დამოკიდებული – თავად განსაზღვრეთ, კონკრეტულ შემთხვევაში, რისი მიწერაა მიზანშეწონილი ამა თუ იმ პიროვნებისთვის. ასე რომ, უკეთესია ზუსტად იცნობდეთ თქვენს აუდიტორიას და ელექტრონული წერილიც შესაბამისი შინაარსით დაწეროთ.
„მისალმება და ელექტრონული წერილის ბოლოს ხელმოწერა უნდა შეესაბამებოდეს ადრესატის სტატუსს და მისადმი თქვენს დამოკიდებულებას. გარდა ამისა, თუ პიროვნება მოგმართავთ ფორმალურად, თქვენი მიმართვაც ასეთივე უნდა იყოს”, – ამბობს სამუშაო ჯგუფის ექსპერტი ლინდსი პოლაკი.
დააბალანსეთ პროდუქტიულობა და „პოლიტიკური” ინტერესები!
ვინ ჩავსვათ ელექტრონული ფოსტის მისამართების ჯგუფში, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სადაც ნაკლებად ეფექტურია საერთო გამოცდილება და რჩევები. პროდუქტიულობის მისაღწევად, ელექტრონულ წერილში ადრესატთა მინიმალური რაოდენობა უნდა მიუთითოთ. თუმცა, აქ მეორე საკითხია – ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ მას „აიგნორებთ”, რადგან თქვენი წერილი არ მისვლია. დიახ, ეფექტურობა მთავარია, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში მოგიწევთ თქვენი ქცევის დაბალანსება ადამიანების და მათი პიროვნული თვისებების შესაბამისად.
ელექტრონული წერილისთვის აუცილებელია მცირე შესავალი!
ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ საქმე ეხება კომპანიის ხელმძღვანელებს, მმართველ პირებს. სურთ კი მათ ისეთ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავისა და ბიზნესის გამდიდრებაზე ფიქრობენ?! სჭირდებათ ასეთ გავლენიან პერსონებს ახალი ნაცნობობა?! რა თქმა უნდა, თქვენ დაითანხმებთ ნებისმიერ მათგანს შეხვედრაზე, თუ მიაწვდით ზუსტ და საჭირო ინფორმაციას, საკონტაქტო მონაცემებს და ეს ყველაფერი მათ დიდი დროს არ წაართმევს.
დაფიქრდით, სანამ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა”!
ელექტრონული წერილის მთელი ხიბლი ისაა, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაგზავნოთ?! და არც ადრესატის პასუხისთვის აქვს მნიშვნელობა დროს და ადგილს?! არა, ეს ასე არ არის. ბევრი ყურადღებას აქცევს, თუ როდის, დღის რომელ მონაკვეთში მიიღო იმეილი ან რა დრო დასჭირდა პასუხის მისაღებად. ამიტომ, თუ ელექტრონულ წერილს ხელმძღვანელს უგზავნით, სჯობს პასუხი არ დააყოვნოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენგან შესრულებული დავალების შესახებ ინფორმაციას ელოდება. სხვა შემთხვევაში, ხშირად სჯობს, პასუხი მეილის მიღებიდან მალევე გაგზავნოთ, თუმცა, ეს ვადაც გონივრული უნდა იყოს.
წყარო: marketer.ge