„აქ ისეთ რამეს სწავლობ, რასაც საკუთარ ქვეყანაში ვერ გამოცდი“ – ქართველი სტუდენტი ჩინეთიდან

სტუდენტური სახე

შოთა გაფრინდაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (Georgian-American High School), რის შემდეგაც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. დღეს ის ჩინეთში, International College of Zhejiang Univrrsity-ში სრული დაფინანსებით ჩინურ ენას ეუფლება.

რატომ გადაწყვიტა ჩინურის სწავლა, რა არის მისთვის ჩინური განათლების ხიბლი, როგორ ცხოვრობს და სწავლობს, რას ურჩევს სხვა სტუდენტებს და არის თუ არა რთული ქართველი სტუდენტისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაში ცხოვრება, ამას შოთა თავად გვიყვება.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

შოთა გაფრინდაშვილი: თავისუფალ უნივერსიტეტში დავიწყე ჩინური ენისა და კულტურის შესწავლა. ჩინეთში სასწავლებლად წასვლის სურვილი პირველივე კურსიდან გამიჩნდა, ხოლო მესამე კურსზე კი რეალობად იქცა. ყველა საბუთის მოწესრიგების შემდეგ გავიარე გასაუბრება ჩინურ და ინგლისურ ენაზე და მოვიპოვე სრული დაფინანსება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან.

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებს. მუშაობაზე ჯერ არ ვფიქრობ, ვინაიდან მინდა ჯერ სწავლა დავამთავრო და შემდეგ შევუდგე მუშაობას.

შოთა, მოგვიყევი როგორ ცხოვრობ ჩინეთში, რას და სად სწავლობ და ვისთან ერთად?

– ჩემი სასწავლებელი International College of Zhejiang Univrrsity Zhejiang ის პროვინციის ქალაქ Hangzhou-ში მდებარეობს. აქ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ, მაქვს ჩემი საკუთარი ოთახი. სამზარეულოს და აბაზანას კი ერთ ადამიანთან ვიზიარებ.

ყველაზე დიდი რაოდენობით აქ კორეელებს შეხვდებით, თუმცა ასევე მრავლად არიან რუსები, უკრაინელები, ურუგვაელები, ესპანელები, ფრანგები, პორტუგალიელები, ტაი ხალხი, ინდონეზიელები, იაპონელები და ა.შ. მოკლედ თითქმის ყველა ეროვნების ადამიანს შეხვდები აქ. სიტუაცია ძალიან კარგია, ადვილად ეგუები ყველაფერს. რაც შეეხება გარემოს, ხანჭოუ ჩინეთის სამოთხედაა აღიარებული. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ გამწვანებას და შესაბამისად დაბინძურებაც დაბალია.

რამდენი ხანია რაც ჩინეთში ხარ, რა იყო ყველაზე რთული ჩასვლის შემდეგ, რამდენად მარტივია მეგობრების გაჩენა და გრძნობ თუ არა თავს ახლა მაგ გარემოს ნაწილად, რთულია მოშინაურება?

– აქ უკვე თვეზე მეტია რაც ვარ. ზოგადად, ახალ გარემოს ძალიან მარტივად ვეჩვევი, შესაბამისად ჩემთვის რთული ნამდვილად არ იყო ჩინურ გარემოსთან და ხალხთან შეგუება. რთული ალბათ იმის გახსენებაა, რომ ერთი წელი გიწევს მშობლებისა და საყვარელი ადამიანებისაგან ძალიან შორს ყოფნა, თუმცა ესეც გარკვეული გამოცდილებაა. ჩინელები უცხოელების მიმართ ძალიან თბილები არიან. ქუჩაში ყველა გიყურებს და ცდილობს გამოგელაპარაკოს, თავი მოგაწონოს. უცხოელი აქ უყურადღებობას ნამდვილად ვერ იგრძნობს. რაც შეეხება მეგობრების გაჩენას, ეგეც ინდივიდუალურია. მე პირადად უკვე ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე და თავს სრულიადაც არ ვგრძნობ უცხოდ.

შენი აზრით, რა არის ჩინეთში მიღებული განათლების უპირატესობა გაგიმართლა იმედები?

– მათთვის ვინც ჩინურ ენას სწავლობს და ჩემსავით გადაწყვეტილი აქვს, რომ მისი მომავალი კარიერა ჩინურ ენასთან იქნება კავშირში ჩინეთში მიღებული განათლება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია. სად უნდა ისწავლო ჩინური ენა უკეთესად თუ არა ჩინეთში. ყველაფერი ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა, შეიძლება ითქვას უკეთესიც კი. მგონია, რომ აქ გატარებული ერთი წელი ძალიან დამეხმარება ჩინური ენის უფრო ღრმად შესწავლაში.

შეგიძლია შეადარო შენი დღევანდელი და საქართველოში სწავლის პერიოდის ლექტორები? რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის? სალექციო კურსი სად უფრო ნოვატურული და საინტერესოა და როგორი კონკრეტულად?

– გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები საქართველოში საუკეთესო ჩინურის პედაგოგები არიან. სწორედ მათი დახმარებით ავიღე საქართველოში HSK 4 ( B2) სერტიფიკატი. მსგავსება საქართველოს და ჩინელ პედაგოგებს შორის ძალიან ბევრია, განსხვავება კი ბუნებრივია ისაა, რომ აქ სალექციო კურსი ჩინურ ენაზე მიმდინარეობს, რაც უფრო მეტად გეხმარება ენის ათვისებაში.

რა ძირითად განსხვავებას ხედავ ქართულ და ადგილობრივ საგანმანათლებლო სისტემებს შორის?

– ერთადერთი განსხვავება, რაც აქ ყოფნისას შევამჩნიე არის ის, რომ საქართველოში საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემა სალექციო ტიპისაა, ლექტორი ატარებს ლექციას შემდეგ კი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, შენით ინდივიდუალურად უნდა იმეცადინო. ჩინეთში კი უნივერსიტეტებიც სასკოლო ტიპის სისტემას იყენებენ. კურსი დაყოფილია პატარ-პატარა ჯგუფებად და ლექტორი მაქსიმალურად ცდილობს ინდივიდუალურად დაუთმოს დრო ყველა სტუდენტს.

დასაქმების პერსპექტივაზე და შენ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი, დარჩებოდი ადგილობრივ კომპანიაში? და სად ისურვებდი დასაქმებას?

– ჯერჯერობით სამუშაოზე არ ვფიქრობ, ვინაიდან ჯერ მსურს სწავლა დავამთავრო და შემდეგ ერთიანი ძალებით შევუდგე მუშაობას. ჩემი სამომავლო გეგმები კი რასაკვირველია ჩინეთსა და ჩინურ ენას დაუკავშირდება, თუმცა სად და როგორ, ამას დრო გვიჩვენებს. დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი და ვიმუშავებდი ჩინეთში, რომელიმე მსხვილ კომპანიაში.

გაქვს თავისუფალი დრო? რითი ერთობიან შენი თანაკურსელები და შენ ჩინეთში, რამდენად მოგწონს?

– თავისუფალი დრო საკმაოდ ბევრი მაქვს, ვინაიდან აქ ლექციები დილის 08:00 საათზე მეწყება და შუადღისას უკვე ყველა ლექცია დასრულებულია. ჩემი კლასით და თანაკლასელებით ძალიან კმაყოფილი ვარ და თავისუფალ დროს თითქმის სულ ერთად ვატარებთ. ჩინელებს ძალიან მოსწონთ კარაოკე სტილის ბარები, შესაბამისად ჩვენი „თავშეყრის ადგილიც’’ კარაოკეა.

ცხოვრების, სწავლის, კვებისა და სხვა დანარჩენის ხარჯები რამდენად მაღალია?

– როგორც ზემოთ აღვნიშნე სრული დაფინანსება მაქვს, რაც მოიცავს უნივერსიტეტისა და  საცხოვრებლის ხარჯებს, ასევე სტიპენდიას თვეში 3 000 იუენის ოდენობით. ეს თანხა საკმარისზე მეტიცაა საკვებისა და სხვა ხარჯებისათვის, ვინაიდან ჩინეთში საკვები ძალიან იაფია,  შესაბამისად ეს თანხა არდადეგებზე მოგზაურობისთვისაც შეიძლება გამოიყენო.

რას ეტყოდი მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გასჩენია სურვილი საზღვარგარეთ სწავლის?

– ჩემი აზრით, უცხოეთში სასწავლებლად წასვლა ენის შესწავლისა და ქვეყნის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. განათლების მიღების გარდა შესანიშნავი გამოცდილებაა საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად, ვინაიდან სხვა ქვეყანაში მარტო ცხოვრებისას ისეთ სიტუაციებს აწყდები, რომელიც შენს ქვეყანაში ცხოვრებისას არასოდეს გამოგიცდია. ვთვლი, რომ თუკი ვინმეს შანსი აქვს უცხოეთში სასწავლებლად წასვლის ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს. კი ყველას გვყავს მშობლები, საყვარელი ადმაიანები, ყველას გვენატრება და არ გვინდა ერთი წელი დავტოვოთ და ჩვენი თავიც ასე გავწიროთ, მაგრამ ეს ამად ღირს. ეს ისეთი გამოცდილებაა, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება და წლების შემდგომ თამამად იტყვი, რომ ეს წელი შენი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები