კახი ლობჟანიძე 23 წლისაა. დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სწავლობს ჯიპაში, პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის ერთწლიან სასწავლო პროგრამაზე, პარალელურად. მუშაობს სისტემურ ინტეგრატორ კომპანია – “ორიენტ ლოჯიკში”.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ოჯახის კეთილდღეობასა და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. პირველი სამუშაო, 16 წლის ასაკში, summer job-ის პროგრამით იშოვა. მუშაობდა ქალაქის დასუფთავების სამსახურში. თავად ამბობს, რომ იქ შრომის ფასი ისწავლა.
“ჩემი ოჯახი ჩემი მოტივაციაა… მნიშვნელოვანია, იცოდე თითოეული ადამიანის შრომის ფასი, დააფასო ის ადამიანები, ვინც თავდაუზოგავად შრომობენ თავის გადარჩენისა და ოჯახის რჩენისთვის”, -ამბობს კახი.
სკოლის შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა. ოთხი წელი მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც წიგნების კითხვისადმი განსაკუთრებული ინტერესი გაუჩნდა.
,,ამ წლებმა, გარდა ძალიან დიდი გამოცდილებისა, მასწავლა ის, რომ უნდა ვიკითხოთ ბევრი, რაც შეიძლება მეტი. არ აქვს მნიშვნელობა როგორ წაიკითხავ, იქნება ეს ძველი თუ ახალი წიგნი, ელექტრონული ვერსია თუ უბრალოდ პედეეფ ფაილი, მთავარია წაიკითხო, მიიღო ინფორმაცია, გაიაზრო და შემდეგ ცხოვარებში გამოიყენო. თითოეულ წიგნს თავისი დანიშნულება აქვს, არ არსებობს ცუდი წიგნი!”, – თქვა მან.
სწორედ ამ პერიოდში, მისი ჩართულობით, კორეის რესპუბლიკის დაფინასნებით, ერთ-ერთი ფილიალის ბაზაზე, უსინათლოთა და მცირე მხედველობის მქონე პირებისთვის საქართველოში პირველი ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი გაიხსნა.
სწავლისა და სამსახურის პარალელურად, აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში. მაგისტრის ხარისხის მიღებას საზღვარგარეთ გეგმავს და ამისთვის შესაბამისად ემზადება.
პროფესიიდან გამომდინარე, დაინტერესებულია ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებით. ბევრი პრობლემის არსებობის მიუხედავად, დადებითად აფასებს ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და ტურიზმის სფეროში განხორციელებულ პროექტებს.
მთავარი მიზანი, რომლის მიღწევაც სურს, უკვე ჩამოყალიბებული აქვს. თუმცა, ფიქრობს, რომ მასზე საუბარი, წინასწარ, არ ღირს.
თავისიფალი დრო მხოლოდ შაბათ-კვირას აქვს, რომელსაც, თბილისთან ახლოს, აგარაკზე ატარებს. აქვს მცირე ოჯახური მეურნეობა და მუდმივად ზრუნავს მის განვითარებაზე.
ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში და პოზიტიური განწყობის შენარჩუნრბა ეხმარება იყოს მეტად აქტიური ყოველდღიურობაში.
ავტორი: ნათია ზარიძე