„ცხოვრება ყველაზე დიდი ბუმერანგია, რასაც დათეს, იმას მოიმკი. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ გადრაუვალად მოხვდები იმ მდგომარეობაში, რასაც დღეს ბავშვობის ზღაპრად აღიქვამ.“
დავით ყურაშვილი 21 წლისაა. დაიბადა და გაიზარდა ბოლნისში. ჰყავს მშობლები და 4წლით უმცროსი ძმა. მისი მთავარი ოცნება საქართველოს ერთიანობის აღდგენაა. ფიქრობს, რომ პრობლემებიდან გამოსავალი ქვეყნიდან გაქცევა კი არა, საზღვარგარეთ სწავლის გაღრმავება და სამშობლოსთვის მოხმარებაა.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
პირველი სამსახური 15 წლისამ დაიწყო, მუშაობდა მერჩენდაიზერად. თბილისის მთელ ტერიტორიაზე არსებულ კოკა-კოლას მაცივრებში პროდუქცია თვალსაჩინოდ და მომხიბვლელად უნდა განელაგებინა.
ბავშვობაში მედიცინა აინტერესებდა. ექიმ მამიდას დამაძინებელ საშუალებებს ჰპარავდა და მღრღნელებს, ბაყაყებს აძინებდა. შემდეგ მათ ჭრიდა და ე.წ. ოპერაციას უკეთებდა. ამბობს, რომ მაშინ ბევრი რამ ისწავლა.
სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და დღეს თსუ-ის სტუდენტია. უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ აქტიურად დაიწყო მუშაობა სხვადასხვა სამოქალაქო საკითხზე. პარალელურად, ოჯახის დასახმარებლად, მუშაობდა ბანკში ადმინისტრატორად და რესტორანში მიმტანად.
ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში ის სრულიად უსასყიდლოდ უვლიდა 87 წლის მოხუც ისტორიკოსს, რომელიც ყველა ახალგაცნობილს, მისი დამოკიდებულების გამო, დავითის ნამდვილი ბაბუა ეგონა.
დავითი საყდრისის დაცვის კომიტეტის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. მეგობრებთან ერთად ის თვეობით ცხოვრობდა კარვებში, ოქროს მაღაროსთან. მათი დამსახურებით საქართველო სამოქალაქო და აგვისტოს ომის შემდეგ, უკვე 13 ივნისის კატასტროფებთან ერთად, საყდრისის თემით, კიდევ ერთხელ, მოხვდა ტელეარხ BBC-ის ობიექტივში.
ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზეც საკუთარი ხედვა აქვს. ფიქრობს, რომ ყველამ თავისი წილი უნდა აშენოს, სხვაგვარად ჩვენს ერს ერთ, მოჯადოებულ წრეზე, სახელწოდებით „ვაის გავეყარეთ, ვუის შევეყარეთ“, მოუწევს ტრიალი.
2014 წელს, მეგობრებთან ერთად, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” დაფინანსებით, გააკეთა ონლაინ რადიო “ლოსი”. მათი სამუშაო მთავარი თემები ქართული კულტურა, ახალგზრდების დასაქმება, გენდერი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და განათლების საკითხებია.
დავითი ახალგაზრდა ტრენერია. კითხულობს ტრენინგებს სამოქალაქო საზოგადოებასა და ევროინტეგრაციის შესახებ. ინტენსიურ მონაწილეობას იღებს ნატოსა და ევროკავშირის პოპულარიზაციის საქმეში. მოდელირებებით თუ სხვა შემეცნებითი პროექტებით თანატოლებს მათ ისტორიასა და მუშაობის სპეციფიკას აცნობს.
თავისუფალ დროს უყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენა, დაკვრა, ავტოსტოპით საქართველოს მონახულება, სადღეგრძელოების მოგონება. ცდილობს საინტერესო ადამიანები შემოიკრიბოს გარშემო.
სჯერა, რომ ცხოვრებაში მთავარი საკუთარი თავის რწმენა და განვითარების მუდმივი სურვილია.
ავტორი: ნათია ზარიძე