“ფიზიკური საზღვრების გადაკვეთასთან ერთად აზროვნების საზღვრებსაც კვეთ” – ქართველი სტუდენტი საფრანგეთიდან

სტუდენტური სახე

მარიამ ლოჩოშვილი ბორდოს უნივერსიტეტის, მაგისტრის საფეხურის, საერთაშორისო მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტია. 2016-2017 სასწავლო წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია მოიპოვა და საფრანგეთში წავიდა.

ამჟამად ის სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობს და სწავლის პარალელურად, საერთაშორისო ამერიკული კორპორაციის “Boston scientific”-ის ევროპის სათაო ოფისში, მარკეტინგის ასისტენტის პოზიციაზე, სტაჟირებას გადის.

თუ როგორ ზრუნავს მარიამი საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე, ამის შესახებ ინტერვიუში გვიყვება.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

მარიამ, ბიზნესის ადმინისტრირებითა და მარკეტინგით როდის დაინტერესდი?

– დაახლოებით მეცხრე კლასში ვიყავი ფინანსებით რომ დავინტერესდი და გადავწყვიტე ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩაბარება, შესაბამისად აქტიურად დავიწყე მათემატიკაში მომზადება. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავირიცხე ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მეორე კურსამდე მინდოდა ფინანსისტობა და შესაბამისად ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო, გამიმართლა და მეორე კურსის ბოლოს ბანკ რესპუბლიკაში სტაჟიორად ამიყვანეს. სწორედ ამ პერიოდში მივხვდი, რომ ფინანსები არ იყო ჩემი სფერო და დავინტერესდი მარკეტინგით.

როდის და რატომ გადაწყვიტე საფრანგეთში სწავლის გაგრძელება?

– საფრანგეთში სწავლის გაგრძელება ჩემი წინა სამსახურის გამო გადავწყვიტე. ვმუშაობდი ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში, ფრანგული კოსმეტიკური პროდუქტის, NUXE-ის ბრენდ მენეჯერად. ამის გამო, ხშირად მიწევდა საფრანგეთში საქმიანი ვიზიტით სტუმრობა, დავიწყე ფრანგულის სწავლაც. როცა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებმა სასტიპენდიო კონკურსი გამოაცხადეს, გადავწყვიტე ბედი მეცადა. ვფიქრობდი, რომ საფრანგეთი მეტ-ნაკლებად ნაცნობი გარემო იყო ჩემთვის და არ გამიჭირდებოდა ადაპტაცია, რაც მართალი აღმოჩნდა.

სად ცხოვრობ და როგორია შენი დღის განრიგი?

– ამჟამად ვცხოვრობ პარიზში. გავდივარ სავალდებულო 6-თვიან სტაჟირებას კომპანია “Boston Scientific”-ში და პარალელურ რეჟიმში ვმუშაობ სამაგისტრო ნაშრომზე. მე პარიზის ცენტრში ვცხოვრობ, ხოლო ჩემი სამსახური გარეუბანშია. შესაბამისად, ყოველ დილით 7 საათზე ვდგები, რომ 9:30-ზე სამსახურში ვიყო. ვმუშაობ საღამოს 5-6 საათამდე, თუმცა ხშირად მიწევს ე.წ. Overtime-ები, რადგან ახლა საკმაოდ დატვირთული პერიოდი გვაქვს, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტის ჩაშვება იგეგემება. საღამოობით ან სამაგისტრო ნაშრომზე ვიმუშაობ, ან ვცდილობ, მეგობრებს დავუთმო დრო.

შენი აზრით, რა არის ევროპაში მიღებული განათლების უპირატესობა?

– ჩემი აზრით, ძირითადი უპირატესობა პიროვნული განვითარებაა. მჯერა, რომ სწავლა ყველგან არის შესაძლებელი და ყველაფერი სურვილზეა დამოკიდებული. დღეს საქართველოშიც არის იმის რესურსი, რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის განათლება მიიღო თუ შენს თავზე მუშაობა შეგიძლია. მაგრამ საზღვარგარეთ მიღებული განათლება თვალსაწიერის გაფართოებაში გეხმარება, იზრდები პიროვნულად, ეჩვევი დამოუკიდებლობას, სცდები ჩარჩოებს და დოგმატურ აზროვნებას, ხდები უფრო თავისუფალი და ტოლერანტული. ვფიქრობ, რომ ფიზიკური საზღვრების გადაკვეთასთან ერთად აზროვნების საზღვრებსაც კვეთ, მოვლენებს უფრო ფართო ჭრილში აღიქვამ და განიხილავ.

რა ეტაპზეა შენი სტაჟირება “Boston Scientific”-ში? გაქვს დასაქმების პერსპექტივა?

– სტაჟირება მარტში დავიწყე marketing communication intern-ის პოზიციაზე, ძალიან მომწონს ჩემი სამსახური, ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, ვიცი და მაინტერესებს. ასევე ჩემთვის როგორც მარკეტოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ პროდუქცია, რომლის პრომოციაზეც ვმუშობ ადამიანების სიცოცხლეს ცვლის. ჩვენ ვქმნით სამედიცინო მოწყობილობებს და სტენტებს გულის სხვადასხვა პათოლოგიური დაავდებების მქონე პაციენტებისთვის. იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი პროდუქცია ეხმარება მომხმარებელს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. მარტიდან მოყოლებული უამრავ საინტერესო პროექტში ვარ ჩართული, მყავს არაჩვეულებრივი უფროსი, რომელიც ყველანაირად ცდილობს ხელი შემიწყოს განვითარებაში.

რა პრინციპით შეარჩიე სამაგისრტო ნაშრომის თემა? რისი თქმა გინდა …

– ჩემი სამაგისტრო ნაშრომის თემაა: ციფრული მარკეტინგის კომუნიკაციების როლი ჯანდაცვის ინდუსტრიაში. როგორც გითხარით, ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად ვარ მარკეტინგის სფეროში ჩართული და შესაბამისად კარგად ვხვდები ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობას.

ბოლო წლებში ციფრული მარკეტინგის განვითარებამ დიდი ზეგავლენა იქონია მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესზე და მეთოდებზე. ჯანდაცვის სექტორი კი საკმაოდ სენსიტიურია, რადგან აქ ძალიან ბევრი სამართლებრივი თუ მორალური ფაქტორია გასათვალისწინებელი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესოა იმის გამოკვლევა, რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული მარკეტინგის გამოყენება ჯანდაცვის სექტორში, რა გზებით არის ეს შესაძლებელი და რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ ტიპის კომუნიკაციამ მთლიანად სექტორის განვითარებაზე.

პირად ცხოვრებაზე ზრუნვისთვის თუ გრჩება დრო?

– საერთოდ ვფიქრობ, რომ რაც მეტად ვარ დაკავებული უფრო მობილიზებული ვარ და დღის განმავლობაშიც მეტ რამეს ვასწრებ. ძალიან აქტიური, ენეგიული ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ყველაფერს ვასწრებ, გართობას, სწავლსა და მუშაობასაც. მთავარია შეგეძლოს სწორად განსაზღვრო პრიორიტეტები და გაანაწილო დრო.

რას გვეტყვი შენს სხვა ინტერესებსა და ჰობიზე?

– ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ვცდილობ, რომ თავისუფალი დრო მაქსიმალურად გამოვიყენო ამ კუთხით. ასევე, მაინტერესებს ღვინის ბიზნესი, ხშირად დავდივარ დეგუსტაციებზე და ვესწრები სხვადასხვა ლექციას.

რას გეგმავ სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ?

– მინდა, რაც შეიძლება მეტი სამუშაო გამოცდილება დავაგროვო და შემდეგ საქართველოში დავბრუნდე.

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები