გზა ფილოსოფიიდან მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ აკადემიამდე – ქართველი სტუდენტის წარმატება

ინტერვიუ

ნიკოლოზ ბიჭიაშვლი თვითნასწავლი გიტარისტია. წელს მან მსოფლიოში წამყვან მუსიკალურ აკადემიაში, New School-ში ჩააბარა. 3000 კონკურსანტიდან ის 15-ეულში მოხვდა. ნიკოლოზი კვინტეტის წევრიცაა, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა და უკვე კონცერტსაც გეგმავს. საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ გადაწყვიტა, რომ მუსიკალურ კარიერაზე უნდა ეზრუნა და ნიუ-იორკში სწავლის დასაწყებად ახლა მხოლოდ დაფინანსება სჭირდება.

რა ეტაპები გაიარა ნიკოლოზმა New School-ში მოსახვედრად და როგორ ცდილობს საკუთარი მიზნების განხორციელებას, ამის შესახებ ინტერვიუში გვესაუბრება.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ნიკოლოზ, როდის დაინტერესდი ინსტრუმენტალური მუსიკით და რატომ აირჩიე გიტარა?

– ძალიან ადრეულ ასაკში, მაგრამ დაინტერესებული მაშინ მხოლოდ მუსიკალური ბგერებით ვიყავი და იმ ენერგიით რაც მათ აქვთ. ფორტეპიანოსთან ვიჯექი ხოლმე და ვუკრავდი რაღაცებს, მაგრამ აქ საქმე მაინც იმპროვიზაციაშია და ინტერესში მის მიმართ, რაც შეეხება ინსტრუმენტალურ მუსიკას ამას ჩემთვის მნიშვნელობა არასოდეს  ქონია. ვოკალური იყო მუსიკა ინსტრუმენტალური თუ ნაზავი, ჩემთვის ის მუსიკა იყო საინტერესო, სადაც მუსიკოსი არ იტყუებოდა და აბსოლუტურად ყველა ბგერას გულით უკრავდა.  ესეთი მუსიკა, იმპროვიზაციის გარეშე, მგონია, რომ არ არსებობს და ეს მუსიკა იყო ჩემთვის ყველაზე ცოცხალი და საინტერესო. ჩემთვის მხოლოდ იმპროვიზირებული მუსიკა სუნთქავს.

New School-ში სწავლა შენთვის დიდი ხნის ოცნებაა თუ ახალი გადაწყვეტილება?

– ოცნება ნაკლებად, უფრო მიზანი. და მიზანი იყო ის,  რომ ჩამებარებინა ისეთ სასწავლებელში, სადაც საუკეთესო პროფესორები არიან და კარიერული წინსვლისთვის პერსპექტივა უფრო მეტია ვიდრე რომელიმე სხვა ადგილას, და ნიუ იორკზე პერსპექტიული ადგილი მუსიკოსისთვის მგონია, რომ არ არსებობს.

გაიხსენე კონკურსში მონაწილეობის პროცესი…

– “ნიუ სქულს” ცოტა უფრო რთული მიდგომა და მაღალი მოთხოვნები აქვს მუსიკოსების მიმართ, გამოცდა ორი ტურისგან შედგება პირველ ტურში ერთ ჯაზ სტანდარტს ითხოვენ, რომ გადაწყვიტონ საკმარისად საინტერესო ხარ თუ არა, რომ ფინალურ გამოცდაზე დაგპატიჟონ ნიუ-იორკში. პირველი ტურის გავლის შემდეგ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ნიუ-იორკში გამგზავრება გამოცდაზე, რამდენიმე მიზეზის გამო და ფინალური გამოცდაც ონლაინ ჩავაბარე. დადებითი პასუხი რომ მომივიდა, ცხადია, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტი რომ მიგიღებს, სადაც მთელი მსოფლიოდან აბარებენ და უდიდესი კონკურენციაა და თან თავის მხრივ 20%-მდე დაფინანსებასაც მოაყოლებენ, ეს ძალიან კარგი ამბავია.

როდის იწყება სწავლა და ამ ეტაპზე როგორ ცდილობ საჭირო თანხის მოძიებას?  

– სწავლა იწყება აგვისტოს შუა რიცხვებში, თანხის მოპოვება ძალიან რთული პროცესია. რამდენიმე ძალიან წარმატებულ ბიზნესმენს დავუკავშირდი საქართველოში, მაგრამ ყველამ ფორმალური ტყუილით გამომისტუმრა. რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუციებს, იქ მითხრეს რომ მხოლოდ მაგისტრანტებს აფინანსებენ და ცხადია სახელოვნებო განათლების პროგრამები მათ არ აქვთ. საერთაშორისო განათლების ცენტრსაც ველოდები, როგორც მითხრეს, კონკურსი ცხადდება სახელოვნებო განათლების დაფინანსებაზე და იქაც აუცილებლად შევიტან განაცხადს.

მოგვიყევი კვინტეტზე… როდის შეიქმნა, ვინ არიან წევრები და როგორ მოღვაწეობთ?

– კვინტეტი ცოტა ხნის წინ შეიქმნა, ქვია ნიკოლოზ ბიჭიაშვილის კვინტეტი, ვუკრავთ ჩემს მუსიკას და ამ კვინტეტში უკრავენ ისეთი მუსიკოსები, რომლებსაც რომ შემოეთავაზებინათ თავიანთი ბენდის წევრობა სიხარულით გავიქცეოდი და ის რომ ისინი ჩემი მუსიკის დაკვრაზე დათანხმდნენ, თან დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო და ძალიან დიდი პატივიც. ეს მუსიკოსები იმ თითზე ჩამოსათვლელ მუსიკოსების რიცხვში შედიან საქართველოში, რომლებიც თავიანთი საქმის მართლაც  დიდი პროფესიონალები არიან, ესენი არიან ლევან კემულარია საყვირი, ლაშა სხილაძე დასარტყამი, DJ Grotask, ლევან რუსია ბასი და მე გიტარა.

მოგვიყევი კონცერტის შესახებ, რომლის გამართვასაც გეგმავთ…

– კონცერტი იგეგმება,  ამაზე მიდის მუშაობა,  სად და როგორ გაიმართება ჯერ არ გვაქს ზუსტი ინფორმაცია.  დღესდღეობით ვრეპეტიციობთ და ვემზადებით, რაც შეეხება რეპერტუარს დაიკვრება ჩემი მუსიკა, სადაც თემების გარდა ბენდის ხუთივე წევრი ვიმპროვიზირებთ. ცხადია, ჩატარების ადგილი მოფიქრებული გვაქვს, ჩვენი მიზანია კონცერტი და არა სადმე ისეთ ადგილზე დაკვრა სადაც მსმენელი სხვა რაღაცითაც იქნება დაკავებული მუსიკის მოსმენის გარდა, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, ამიტომ მივაღწევთ თუ არა  შეთანხმებას, კონცერტის დრო და ადგილმდებარეობა გამოქვეყნდება კვინტეტის ფეისბუქ გვერდზე.

საქართველოში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდი, რამდენად საინტერესო იყო გავლილი პროგრამა?

– პროგრამას არ ვსწავლობდი, ჩემს უნივერსიტეტში ორიოდე ლექტორი იყო ჩემთვის პატივსაცემი. არც ნიშნები არ მაინტერესებდა არასდროს. რაც მაინტერესებდა და რაზეც ვფიქრობდი იმას ვკითხულობდი და ცხადია კოლოკვიუმებსა და გამოცდებზე მოცემულ დავალებებს არ ვწერდი და ვწერდი იმას, რაზეც იმ მომენტში ვფიქრობდი. წერაც ცოცხალი პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია წერისას იმპროვიზირება. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ჩემს პროფესორებს  ჩემი ნაწერები მოსწონდათ.

რომელ ჟანრში ახერხებ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად ჩვენებას?

– ზოგადად მე ვფიქრობ რომ ორი სხვადასხვა ადამიანი ერთსა და იმავე სათქმელს ვერ იტყვის, იმიტომ რომ ისინი სხვადასხვანაირები არიან, ამას ემატება ის, რომ მუსიკოსებში მკვეთრადაა გამოხატული ინდივიდუალიზმი.  შესაბამისად ნამდვილი მუსიკოსები, როგორც წესი ამა თუ იმ ჟანრში ვერ ჯდებიან, ისინი თვითონ ქმნიან ჟანრებს. რაც შეეხება იმას თუ მე სად ვახერხებ ჩემი თავის პოვნას, ცხადია ჩემს მუსიკაში, რომელზეც ბენდის წევრებიც ამბობენ, რომ ეს სულ ახალი მუსიკაა და ვნახოთ როგორი გამოვა. მეც ვერცერთ მუსიკას ვერ ვამსგავსებ მას, თუმცა საკუთარი ჟანრის შექმნა არ შექმნაზე მგონი ძალიან ადრეა საუბარი. ამის  უმთავრესი ინდიკატორი  არის მსმენელი, იმიტომ რომ მუსიკა მათთვის კეთდება პირველ რიგში და თუ ჩემს მუსიკას საზოგადოება ჩვენი კონცერტის მერეც მოუსმენს ესე იგი ეს ყველაფერი უაზროდ არ გვიკეთებია და ეს მუსიკა ღირებულია. ერთი ადამიანისთვის მაინც რომ გახდეს ღირებული ეს უკვე ძალიან მაგარი რაღაცაა.

მუსიკის გარდა კიდევ რით ხარ დაკავებული?

– მუსიკის გარდა კიდევ ძალიან ბევრი რამით, თუმცა ამჟამად მხოლოდ მუსიკით. მთელი ცხოვრების განმავლობაში სპორტით ვარ დაკავებული, ძალიან ბევრი სახეობით, წყალბურთი, ცხენოსნობა სნოუბორდი და სხვა.  ამ სახეობებიდან რამდენიმეში საკმაოდ წარმატებულიც ვიყავი, თუმცა ეს ყველაფერი ცხადია რომ მეორე ხარისხოვანი იყო ყოველთვის.

როგორ ხედავ შენი, როგორც სოლისტისა და კვინტეტის წევრის კარიერას?

– მომავალ კარიერას ძალიან დიდი მეოცნებეს სათვალით ვუყურებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერ აწმყოა და ის კონცერტი, რომელიც აქ უნდა დავუკრათ. ეს მუსიკა აქ შეიქმნა და პირველად აქ უნდა გაჟღერდეს და მხოლოდ ამის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე. თან ქართველები გენეტიკურად მგრძნობიარეები ვართ მუსიკის მიმართ. მე არ ვამბობ რომ ყველა ქართველი მუსიკით ცხოვრობს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ იმ აკუსტიკური მემკვიდრეობის ხარჯზე რაც ჩვენ გენეტიკაში გვაქვს გამჯდარი, მაინც ვიცით მეტნაკლებად ნაღდის და ყალბის, ღირებულისა და არაღირებულის გარჩევა.

https://www.youtube.com/watch?v=ijo6uAyaWzw

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები