,,მარტოობის კულტურა ჩვენს საზოგადოებას მნიშვნელოვნად აკლია” – ჟურნალისტი პოეტი სდასუდან

ინტერვიუ

შალვა ბერიანიძე საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის, მე-2 კურსის სტუდენტია. წერს ლექსებსა და პუბლიცისტურ წერილებს. მართავს პოეზიის საღამოებს და უძღვება ლიტერატურულ ღონისძიებებს. მან, საკუთარი ინიციატივით, უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნა ლიტერატურული სალონი “ლაკმუსი”, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აერთიანებს.

რის შეცვლას ცდილობს თავისი პოეზიით და როგორ უყურებს ის მომავალს, ამის შესახებ შალვა ინტერვიოუში გვესაუბრება.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

შალვა, როდის დაიწყე წერა და თუ გახსოვს პირველი ლექსი?

– მოგესალმებით, პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ, იმისთვის, რომ დაინტერესდით ჩემით და გადაწყვიტეთ ინტერვიუს ჩაწერა ჩემთან. თქვენს პირველ კითხვას, რაც შეეხება, ვფიქრობ, ყველა ხელოვანში დაბადებიდან არის შთანერგილი საპირწონე ნიჭიერება, უბრალოდ ყველასთან სხვადასხვა ასაკობრივ მომენტში იღვიძებს ეს გენი. ჩემს შემთხვევაში, ნიჭის გამოფხიზლება თორმეტი წლის ასაკში მოხდა, როდესაც გარკვეულმა რისკ-ფაქტორებმა დამაწერინეს პირველი სრული სურათის აღწერა. ეს იყო ჩემი პირველი კონვენციური ლექსი, მანამდე პატარ-პატარა ჩანახატებს ვწერდი ხოლმე. პირველი ლექსი სრულად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ორი სტრიქონი: ,,შენ გაიმარჯვე ჩემზე უთუოდ, ახლა ფიქრები არ მარცხდებიან.“

გყავს ფავორიტი პოეტი, რომელმაც შთაგაგონა?

– როგორც ყველა დამწყებ თუ სრულქმნილ მწერალს ჰყავს ,,ფავორიტი“ პოეტი ან პროზაიკოსი და გარკვეულწილად მის გავლენას განიცდის (გავლენა ყოველთვის ცუდს არ ნიშნავს), ასევე მეც მყავს, რამდენიმე მათგანი. ქართულ მწერლობაში მათი სახელები ყველაზე ნათლად სჩანს, ისინი არიან სრულიად მაღალნნი, როგორც სახელით, შემოქმედებით, ასევე შემოქმედებითი უნარიანობით, სინქონულად დავალგებდი მათ: ,,რუსთაველი, ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა და გალაკტიონი“, ისინი სწორედ, მაშინ შთამაგონებენ, როდესაც კონკრეტულ პერიოდიკაზე ვქმნი ხოლმე ლექსებსა თუ პუბლიკაციებს, მათ გარდა კიდევ არიან სხვა მრავალნი, რომელთაც გარკვეულწილად ვეთაყვანები და ვჭვრეტ მაღალ ეშელონზე.

ჟურნალისტის პროფესია რატომ აირჩიე?

– ვინც მიცნობს და აქვს ჩემთან ახლო კონტაქტის საშუალება, ყველას უკვირს თუ რატომ არ ჩავაბარე ქართულ ფილოლოგიაზე და რატომ წავედი ჟურნალისტიკის მიმართულები, ჩემი პასუხი კი ყოველთვის ერთი და იგიევა. პროფესიული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ ეს ორი პროფესია ერთმანეთის მონათესავენი არიან, დღეს-დღეისობით საკმაოდ ძლიერი ფილოლოგების ნაკადი მოდის, ხოლო ჟურნალისტების რა მოგახსენოთ, დაიქცა ქართული ჟურნალისტიკა. გამომდინარე იქედან, რომ ვარ მე-2 კურსის სტუდენტი და დაინტერესებული ვარ ხელოვნებითა და მისი რეალიზაციით ჩემს პროფესიაში, ვცდილობ ლიტერატურული ასპექტები ვცხადყო ჟურნალისტიკაში, ეს იქნება ჟურნალისტიკის კარგად მივიწყებული კუთხის, ხელახალი წარმოჩენა და პოპულარიზაცია ჩვენს ნაციონალურ სივრცეში.

უნივერსიტეტს რა როლი აქვს შენს პროფესიულ და შემოქმედებით კარიერაში?

– უნივერსიტეტი მეხმარება პირველ რიგში კარგი განათლების მიღებაში, გარდა ამისა აქვს არაჩვეულებრივი ლოკაცია, რაც კიდევ ერთხელ მაძლევს სტიმულს აქტიურ სტუდენტობისთვის საჭირო ენერგიის მოსაპოვებლად. ჩემი ლიტერატურული სალონის შეხვედრებიც სწორედ სდასუ-ში იმართება, ღონისძიებებიც, რომლებსაც ვატარებ საჯარო ლექციები იქბეა ეს, პოეზიის საღამოები თუ საკონფერენციო შეხვედრები, ეს ყველაფერი სდასუ-ში ხდება. გარდა ამისა, ჩემს უნივერსიტეტს აქვს საკუთარი ტელევიზია, რაც ერთგვარი პრაქტიკაა ჟურნალისტიკაზე მსწავლებ სტუდენტებისთვის და მეც აქტიურად ვიყენებ ამ შანსს. დავიწყე ჩემი პროექტი ციკლით- ,,სხვა პოეზია”, რომელის ჩაწერაშიც სდასუ ტივი მეხმარება, ეს პროექტი უცნობი პოეზიის მარგალიტების აუდიო და ვიდეო ვერსიებად ჩაწერასა და გამოქვეყნებას მოიცავს.

სოციალურ პრობლემებზე ლექსის წერა თუ გიცდია?

– ჩემ მიერ დაწერილი თითოეული ლექსი, გარკვეულწილად, სხვადასხვა სოციალურ პრობლემას ეხმიანება. მათ გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ შექმნა რაიმე სახის ლიტერატურული პროდუქტი, თუნდაც ეს იყოს, ,,მარტოობის კულტურა“, ,,გაუძლისი დარდით გმინვა“ და სხვა. ის პრობლემები, რომლებიც მოკლებულია მხატვრულ აღქმასა და გალიტერატურებას, ვფიქრობ, ვერ წარმოჩინდება ვერც პოეზიაში და ვერც პროზაში, ამიტომ მსგავს პრობლემებზე ხშირ შემთხვევაში, მხატვრულ-პუბლიცისტურ წერილებს ვწერ ხოლმე. მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩემი რამდენიმე სოციალური წერილი: ,,რას ვეტყვი მე, ჩემს სამშობლოს?!“, ,,რას ვეტყვი მკითხველს საკუთარ თავზე“, ,,მარტოობის კულტურა“ და სხვა.

ლიტეტატურული სალონი ,,ლაკმუსი”… რა ადგილი აქვს შენს მოღვაწეობაში?

– ,,ლაკმუსი“ ჩემთვის პირველი შვილია, რომელსაც განსაკუთრებული სიხარული მოაქვს მშობლისთვის. ეს ჩემთვის პირველი სოციალური გამიზნულობა იყო, რომელიც დღეს-დღეისობით გარკვეულ შედეგამდე მივიდა. მასში ერთიანდებიან, როგორც სდასუ-ს, ისე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და აქედან გამომდინარე მე დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, სწორედ ამიტომ მას ძალიან დიდი როლი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. მაქვს ძალიან ბევრი იდეა, რომლებიც ,,ლაკმუსთან” ერთან, ახლო მომავალში, აუცილებლად შესრულდება.

საკუთარი შექმოქმედებიდან ყველაზე ფასეული, ალბათ, დედაზე დაწერილი ლექსებია…

– ემოციური თვალსაზრისით კი, თუმცა პოეტური კუთხით ისინი, ნაკლებად ღირებულნი არიან ჩემთვის, ვინაიდან დედაზე დაწერილ ლექსთა უმეტესობა, წლების წინ არის შემქნილი და ისინი უბრალოდ ჟამთა ცვლას ვერ აყვნენ, მათ შორის გამოვარჩევდი ბოლოს დაწერილ ლექსს, რომელსაც ჰქვია ,,მერვედ“ (დედის სურათზე დაწერილი ლექსი), ეს ლექსი ჩემთვის ნამდვილად ფასეულია, როგორც ემოციური ისე პოეტური თვალსაზრისით.

რას მიიჩნევ ახალგაზრდების სერიოზულ პრობლემად?

– შეიძლება დამცინავად ჟღერდეს ახლა ჩემგან, მაგრამ პრობლემა, რომელიც მე ყველაზე მეტად მაწუხებს, რომელიც სათავეა ყველა სხვა დანარჩენი სოციალური პრობლემისა, ყველა ფენას შესანიშნავად ერგება, როგორც ახალგაზრდას, ისე საშუალო ასაკის ადამიანს, როგორც ბავშს, ისე მოხუცს. ეს არის ,,მარტოობის კულტურა“, რაც ჩვენს საზოგადოებას მნიშვნელოვნად აკლია, მე არ ვსაუბრობ ,,ბარათაშვილის სულით ობლობაზე“, ან ,,ტერენტი გრანელის მისტიურ განდგომაზე საზოგადოებისგან“, მე მარტოობის კულტურაში ვგულისხმობ საკუთარ თავში, იდეების, ოცნებების, მიზნების, ახალი ურთიერთობებისა და ყოველგვარი სიახლის ჩამოყალიბებას და არა ზემოაღნიშნულის განზოგადებას.

ეს საკითხი საუკუნოვანი პრობლემაა. ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნის საბერძნეთში, ამ თემაზე პლატონმა ისაუბრა. პლატონის მიხედვით, სოკრატეს სიკვდილით დასჯა, საზოგადოებაში არსებული უსამართლობის შედეგი იყო. თუმცა მდგომარეობის გამოსწორება დემოკრატიულ ათენში კვლავ შესაძლებელი იქნებოდა ორი დებულების გათვალისწინებით, პლატონის მიხედვით, ბედნიერება დამყარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფილოსოფოსი მოვა ხელისუფლების სათავეში, ან პოლიტიკოსი -ფილოსოფოსი გახდება. ესენციურია, არა მხოლოდ პოლიტიკოსისა და ფილოსოფოსის ფასეულობათა ჭიდილი, არამედ მათ მიერ პარადოქსულად აღქმული სამყაროს არსი. სწორედ ამიტომ, სანამ მოვლენათა განვითარებას დაველოდებით თუ “რა გვეშველება” და “ვინ გვიშველის” იქამდე უმჯობესია ისეთ მარტივ კითხვებს ჩავუღრმავდეთ როგორებიცაა: ვინ ვართ ჩვენ? რა გვიყვარს? რა გვაშინებს? რა გვინდა? რას ვაკეთებთ საკუთარი მინდასთვის? სადაა პირადად ჩვენი როლი და ადგილი საზოგადოებაში? რა ინდივიდუალური ნიშნით გამოვირჩევით საზოგადოებაში? და ნუ შევგეშინდება საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენის.

ერთ-ერთი ინგლისელი მწერალი, ჯილბერტ ჩესტერტონი ამბობს: ,,რატომ არ ვართ რეალურად ერთად? იქნებ იმიტომ, არ ვართ რეალურად ერთად, რომ საკმარისად მარტოხელები არ ვართ? ნამდვილი ერთობა მათ შორის არის, ვინც საკმარისად მარტოხელაა.“ ჩვენი დროშისა და გერბის იდეა ,,ძალა ერთობაშია“ და ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, ერთი შეხედვით, ეწინააღმდეგება ჩესტერტონის აზრს, მაგრამ, რომ დავფიქრდეთ, ჩვენივე იდეაშე საფრთხე არსებობს: მაგ.: რაში ვართ ერთად? რაში ვართ ერთი გუნდი? ვისი ერთობა არის? ამაში დიდი საფრთხეა, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილი ერთობა იმ ადამიანთა ერთობაა, ვინც საკმარისად მარტოხელაა, საკმარისად დადგა თავის მარტოობაში, თავის ფიქრები დაბადა, თავის სინდისზე იმუშავა, ჩამოაყალიბა ეს სინდისი და სათქმელი აქვს, ამის შემდგომ ეს ერთობა, უფრო რეალური და მდიდარი იქნება, კომუნიკაციებითა და გამარჯვებებით, რომელიც ნამდვილი იქნება და არა სუროგატი გამარჯვება. სწორედ ასეთი ერთობა მოჰყვება, როდესაც ადამიანი მარტოობის კულტურას შეეჩვევა, რომელიც თავის თავში, საკუთარ ხედვებს იღრმავებს, რომელიც ბედავს, საკუთარი ფიქრები დაბადოს, რომელიც ასე ნაკლებია ჩვენს საზოგადოებაში, თუნდაც პოლიტიკურ ან მსოფლმხედველურ რეალობებზე.

როგორ ატარებ თავისუფალ დროს ?

– თავისუფალი დრო ძირითადად არ მაქვს და თუ ხელში ჩამივარდა, რაიმე მსგავსი მომენტი, ვცდილობ, საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო ეს დრო, მათთან ერთად განვმარტოვდე, რათა არ დავავიწყდე მათ და კიდევ ერთხელ განვაზოგადო მათ წინაშე ჩემი მსოფლმხედველობის არსი.

რას გეგმავ მომავალში?

– ალბათ ძალიან ბანალური იქნება, რომ ვთქვა მომავალს არასდროს ვგეგმავ-მეთქი, ამიტომ ასე ვიტყვი. როგორც ხელოვანი ვცდილობ, დავიმორჩილო დროება, ამიტომ ხვალინდელ დღეზე, მხოლოდ და მხოლოდ, პოეტურად ვაზროვნებ: ,,დადგება დრო და ჩემს საფლავზეც გაიხარებს თქვენი თითები. გაგიმხელთ, რომ გულდასმით ვიკვლევდი ქვესკნელის უკუნს და მივხვდი, რომ არავინ არ კარგავს სხვა სიცოცხლეს, გარდა იმისა, რომლითაც ცოცხლობს და არავინ არ ცხოვრობს, სხვა სულით, იმის გარდა, რომელსაც ივიწყებს. ჩემი ყველაზე უფრო დღეგრძელი არსებობა, არაფრით არ განსხვავდება ყველაზე დღემოკლისგან, რადგან მე, რომ სიწმინდე მინდოდა ვერსად ვპოვე და ახლაც ჩემი აკანკალებული სული, თრთის ნერვიულობისგან, რაც სულაც არ არის გათოშილი ხორცის ტემპერატურით გამოწვეული. ჩემი გული, რომ დაგანახათ სულს შეუბერავდით, არა იმიტო, რომ მზეებრ არის გავარვარებული, არამედ იმის გამო, გული, რომ არ წაუვიდეს და ცოტახნის სიცოცხლე შეემატოს. ყველაზე დიდი გულთმისანი გულია სწორედ და ამ გამაფრთხილებელი სიგნალით, როდესაც დადგება ჟამი, როცა თქვენ უარმყოფთ, მაშინ მე, სხვა თვალით დაგიწყებთ ძებნას, როგორც ჩემ მიერ დაკარგულთ – სხვა სიყვარულით შეგიყვარებთ მაშინ, თუმცა ჯერ ბევრი შეუხორცებელი ტკივილი მაქვს გადასალახი.“

როგორც რიგითი მოქალაქე ჩემი სპექტრიდან ვჭვრეტ, ჩემს მომავალს და მაქსიმალურად ვცდილობ, აღმოვფხვრა ის სოციალური პრობლემები, რომლებიც მე დღეს მაწუხებს. სამომავლო საფიქრალს კი ხვალინდელ დღეს ვანდობ, დღეს კი ვცდილობ, ხვალინდელი დღის პროტოტიპი შევქმნა.

შალვა ბერიანიძე – რას ვეტყვი მკითხველს,საკუთარ თავზე!

https://www.youtube.com/watch?v=xOkr4nOao7o

შალვა ბერიანიძე – სენტიმენტალიზმი

შალვა ბერიანიძე – ლექსი ემიგრანტ დედაზე

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები