„გოგო და ჭკვიანი მე არ გამიგია, რა თქვენი საქმეა ფიზიკა“ – ,,გეპეის” ლექტორი

სტუდენტური სახე

 

სალომე ჩილაჩავა 19 წლის სტუდენტია თბილისიდან. იგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკას სწავლობს სამედიცინო განხრით. როგორც თავად ამბობს, ეს პროფესია ქალების ნაკლებობას განიცდის. ამ პროფესიის არჩევაში დედის სიტყვები დაეხმარა, ბავშვობაში ფიზიკის სიყვარულმაც შეუწყო ხელი. რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ტექნიკკური საგნების სწავლა? აწყდება თუ არა სალომე სტერეოტიპებს უნივერსიტეტში? ამ თემებზე თავად გიამბობთ.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

„ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკას სამედიცინო განხრით. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდა ტექნიკური საგნები, მათემატიკა და ფიზიკა ყოველთვის „გამომდიოდა“. თუმცა ისეთი ტიპი ვარ, რამე თუ არ მომწონს არ ვსწალობ და თავიდან, როცა მე-8-ე კლასში ფიზიკის სწავლა დავიწყეთ, ძალიან ცუდი მასწავლებელი შემხვდა და ყველაზე დაბალი ნიშნები ამ საგანში მქონდა. შემდეგ, სკოლა გამოვიცვალე და ამ საგანს ისეთი მასწავლებელი მასწავლიდა, რომელმაც ძალიან შემაყვარა ფიზიკა და ყველაფერი, ფაქტობრივად, მან მასწავლა. წლების მერე ის, პირველი ფიზიკის მასწავლებელი შემხვდა და ვუთხარი ფიზიკურზე ჩავაბარე-მეთქი, როგორო, გაგიჟდა, ჩემთან საერთოდ არ სწავლობდიო.

15727168_1722538244727566_8685272116428520434_nპროფესიის არჩევისას, ალბათ, ყველაზე მეტად დედაჩემის სიტყვებმა იმოქმედა. მან მითხრა, ისეთი პროფესია აირჩიე, რომელიც არ მოგბეზრდება ცხოვრებაში და სადაც წარმოგიდგენია თავი ათი წლის შემდეგო. მე თვითონაც ყოველთვის ისეთ პროფესიაზე ვფიქრობდი, სადაც განვითარების საშუალება მექნებოდა და რომელშიც ყოველთვის რაღაც ახალი იქნებოდა. ამიტომ, რახან ფიზიკისა და მათემატიკის სიყვარული მქონდა, გადავწყვიტე ფიზიკურ ინჟინერიაზე ჩაბარება.

პროგრამა, რომელზეც მე ვსწავლობ ახალი გახსნილია და ცალკე ფაკულტეტიც არ არსებობს, ინფორმატიკის ფაკულტეტს მიეკუთვნება სპეციალობა. ჩვენ წინა კურსზე, საერთოდაც, 8 სტუდენტი იყო. ჩვენთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა, სადღაც 90 სტუდენტია კურსზე, აქედან თითო ჯგუფში მხოლოდ 4-6 გოგოა. გოგოების მიმართ დამოკიდებულება ნორმალურია, ხანდახან ბიჭებსაც სჯობნიან. მაგრამ ერთი ლექტორი გვყავდა, რომელიც სულ გვეუბნებოდა „გოგო და ჭკვიანი მე არ გამიგია, რა თქვენი საქმეა ფიზიკაო“ და ასეთი გამოთქმა ჰქონდა ხოლმე „ქალის ტვინი თხამ ბალახს მიაჭამაო“. არ მოსწონდა გოგოები, რომლებმაც კარგად იცოდნენ ფიზიკა და მათემატიკა და როცა, ბიჭები ვერ პასუხობდნენ რამეს და გოგოები პასუხობდნენ ბიჭებს ეჩხუბებოდა „როგორ გჯობნიან გოგოები, ცოტა ტვინი დააყოლეთო…“

კურსელი ბიჭების მხრიდანაც ნორმალური დამოკიდებულებაა გოგოების მიმართ, თუმცა თავიდან იყო შეკითხვები „საიდან ჩააბარე აქ, შემთხვევით მოხვდი?“ ვპასუხობდი, რომ რაც პირველი მეწერა სიაში, იქ მოვხვდი და შემთხვევით აქ არ ვსწვალობ. ეგონათ, რომ რახან უფასო იყო, მაგიტომ მოვხვდი შემხთვევით. არადა ორივე გამოცდა ჩავაბარე – ფიზიკასა და მათემატიკაში.

აქ სწავლისას, ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს და მე თვითონაც, ამ სამეცადინოს გარდა, ვეძებ ახალ-ახალ რაღაცებს. უნივერსიტეტის პარალელურად, ონლაინ კურსებს გავდივარ, როგორიცაა ედიქსი, ჰარვარდის კურსები და MIT. ამ კურსების ძებნისას, ერთი ასეთი საინტერესო კურსი შემხვდა – ნანო ბიო სენსორები, რაც გულისხმობს ნანო ტექნოლოგიების დანერგვას მედიცინაში, რის მერეც ძალიან დავინტერესდი სამედიცინო ფიზიკით. მარტივად რომ ავხსნა, შესაძლებელია ნემსით ნანო სხეულის სისხლში შეყვანა, ანუ დნმ-ში ჩასმა, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება ყველა ინდივიდისთვის, ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურად შეიქმნას წამალი, რომელიც მარტო იმ ადამიანს ერგება. პროფესიულადაც ამ მიმართულებით მინდა გავნვითარდე. თუმცა საქართველოში ამ მიმართულებით დიდი პერსპექტივა არ არის და ვფიქრობ, გერმანიაში გავაგრძელო სწავლა.15732402_1722538251394232_8525949287115924558_o

ამ ყველაფერთან ერთად, 13 წლის ასაკიდან გოჯუ-რიუ კარატეზე დავდივარ, სადაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი – ჩემმა მეგობარმა მითხრა დავდივარო და მეც დავინტერესდი. მანდაც, ალბათ, მასწავლებლის გამო შემოვრჩი ამდენი ხანი, ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს. ბავშვობიდან, ყოველთვის მქონდა სპორტის ინტერესი, ადრე ჩოგბურთზეც დავდიოდი, ცურვაზეც. თავიდან, კარატეს ერთ ვარჯიშზე რომ მივედი, ძალიან მომეწონა და დავრჩი. ახლა დროებით პაუზა მაქვს აღებული, სწავლის გამო, ისე კი, სადღაც 6 წელია ვვარჯიშობ. მაქვს ყავისფერი ქამარი, ასევე, ვიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მესამე ადგილი ავიღე, საქართველოს ჩემპიონატზე კი მეორე. თავდაცვისთვის ამ ილეთებს არ ვიყენებ, რა თქმა უნდა. აგრესიული ადამიანი არ ვარ და ძალიან თუ არ „შემიკიკინეს“ არ ვიყენებ ხოლმე. თუმცა უკვირთ ხოლმე, როცა იგებენ კარატეთი ვარ დაკავებული, მეუბნებიან „სახეზე არ გეტყობაო“, „წყნარი, მშვიდი ბავშვი ხარ და რა კარატე, რამ გადაგრიაო.“

ოჯახის მხრიდან ყოველთვის მაქვს მხარდაჭერა, რაც უნდა გავაკეთო, ყოველთვის გვერდში მიდგანან. ბავშვობიდან დამოუკიდებლობას გვაჩვევდნენ მე და ჩემს დას. მშობლები არასოდეს ჩარეულან ჩვენს სწავლაში. ის კი არა, დედამ ყველას აუკრძალა ჩვენი გაღვიძება დილით სკოლაში წასასვლელად „თუ თვითონ გაიღვიძებენ წავიდნენ, თუ არა – ხელი არავინ ახლოთო!“ ხოდა, ასე ვიყავით, როცა გვინდოდა მივდიოდით და როცა არ გვიდნოდა არ დავდიოდით. და თუ ამის გამო რამე პრობლემები გვქონდა, ესეც ჩვენი მოსაგვარებელი იყო. სულ ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი მშობლები მყავს.

სხვა თვალით რომ შევხედო ჩემს სწავლას და საქმიანობას, ვიღაცა იტყვის ალბათ, მშობლებმა როგორ გაუშვეს ბავშვი ამაზე, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტია. იმას აკეთებ ადამიანი და იმით ხარ დაკავებული, რაც გაინტერესებს. სტერეოტიპებით თვითონ ქალები იბოჭავენ თავს იმიტომ, რომ არანაირი პრობლემა არ არის მათი გადაბიჯება. შენ თვითონ უნდა გინდოდეს და გჯეროდეს იმისი, რასაც აკეთებ. რაღაცნაირად თავის გამართლება მგონია, როცა ამბობენ „ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ეს ქალის საქმე არ არისო“, თუ მინდა, რატომ არ უნდა გავაკეთო, რა მნიშვნელობა აქვს ქალი ვარ, თუ კაცი?! საიდან მოიტანეს, რომ რაღაც ქალის საქმეა და რაღაც კაცის საქმეა?!

ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად რაც მინდა და რა მიზანიც მაქვს არის ის, რომ შევისწავლო ტვინის მუშაობა იმიტომ, რომ ძირითადად, ჯანმრთელობის პრობლემები მოდის ტვინიდან, რომელიც ერთ-ერთი, ყველაზე ნაკლებად გამოკვლეული ორგანოა. რთულიც არის გამოკვლევა და ამიტომ, მისი გამოკვლევით ძალიან ბევრი სიახლე შეიძლება მივიღოთ“, – სალომე ჩილაჩავა, სტუდენტი თბილისიდან.

წყარო: ქალები საქართველოდან Women of Georgia

ასევე შეგიძლიათ იხილოთ:

„რატომ გაცვია დეკოლტე? მაშინ, ჩაიცვი სხვა რამე…“ – 23 წლის სტუდენტი თბილისიდან

,,შვილის გათხოვება მშობლებისთვის უდიდესი ტვირთია – 15, 000 $ სესხი გამოაქვთ ბანკიდან” – სტუდენტი მარნეულიდან

,,1 წელია უკვე, რაც ჩამოვასხი ჩემი სახელობის ღვინო, რომელიც 30-ზე მეტ ადგილას იყიდება” – 23 წლის სტუდენტი ბაღდათიდან

,,ჩემს კურსელებს უთქვამთ, რომ „ქალის გაცემულ ბრძანებაზე, სმენაზე არ გადავალთ-ო“ – იუნკერი გოგონა გორიდან

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები