შალალა ამირჯანოვა, 19 წლის სტუდენტია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე, სწავლობს. მას სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს და ფიქრობს, რომ მისი მომავალი ქალების უფლებების დაცვაა. რა სირთულეებს აწყდებიან პატარა გოგოები მარნეულში, როგორია თემს დაპირისპირებული სტუდენტის ცხოვრება და რა სამომავლო გეგმები აქვს შალალას – ამაზე თავად ისაუბრა.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
„მე შალალა მქვია. „შალალა“ ჩემს ენაზე ჩანჩქერს ნიშნავს. ერთადერთი გოგო ვარ ჩემი ყოფილი კლასიდან, ვინც გათხოვილი არ არის. გასულ წელს ექსტერნად დავამთავრე მარნეულის სკოლა და ილიაუნიში ჩავაბარე მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე, სოციოლოგიაზე. რომ ჩავაბარე, ერთი წელი მარტო ქართულს ვსწავლოდი. მეორე წელს დავიწყე საგნების სწავლა. დედაჩემის გავლენაა ეტყობა, რომ თავისუფლად ვცხოვრობდი და კულტურამ ვერ დამჩაგრა. დედამაც, ისევე როგორც ბებიამ ჯერ სკოლა დაამთავრა, მერე ინსტიტუტი, მუშაობა დაიწყო და მერე დაქორწინდა.
თუმცა ეს მხოლოდ ბიძგი იყო. დანარჩენს ჩემით მივხვდი, რა იქნებოდა უკეთესი. იგივე ოჯახის გავლენით, მერვე კლასამდე ქართულად მარტო „გამარჯობა- როგორ ხარ“ ვიცოდი. იმიტომ რომ ჩვენს თემში ოჯახებში ან აზერბაიჯანულად ლაპარაკობენ, ან რუსულად. პირველად ქართველებთან მერვე კლასში მოვხვდი, როცა მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში დავიწყე ტრნინგებზე სიარული. მანამდე ქართველები პარალელურ კლასში გვყავდა და ჩვენთვის ისინი „სხვები“ იყვნენ, ისე როგორც მათთვის ვიყავით ჩვენ „სხვები“. ახალგაზრდული ცენტრიდან ტრენინგებზე მოვხვდი ხუთი დღით თბილისში. არ დამავიწდება ეს პერიოდი. ჩემმა დაბადების დღემ მოუწია იმ დღეებში და ღამის 12 საათი რომ გახდა, ჩემთვის უცხო ადამიანებმა, ტრენინგის მონაწილეებმა, სიურპრიზი გამიკეთეს. მაშინ დავფიქრდი პირველად, რომ ეს „სხვები“ არიან ისეთივე ადამიანები, როგორიც მე ვარ ან უკეთესები. მაშინ დავფიქრდი, რომ ეთნიკურ იდენტობას უფრო მეტი პრობლემა მოაქვს, ვიდრე სიკეთე. მე ასევე მახსოვს, როგორ გაგვიჭირდა მე და ჩემ სომეხ დაქალებს დაახლოება. იმიტომ, რომ არსებობს სადღაც მეხსიერება, რომ ჩვენ მათი მტრები ვართ, მაგრამ მერე ურთიერთობაში რომ შედიხარ ადამიანთან, ხვდები, რომ ყველაფერი უფრო მარტივად არის. ეს სომეხი გოგოები ახლა ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ინტეგრაცია, ურთიერთობა მოაგვარებს კონფლიქტებს.
პროექტის ANI ფარგლებში ჩატარებულ ამ ტრენინგზე პირველად ვისაუბრე ქართულად, მართალია ყველაფერი დავიზეპირე და ისე გავაკეთე პრეზენტაცია, მაგრამ მერე უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა, რომ ქართული მესწავლა და ქართულ ენაზე მესწავლა სოციოლოგია. მანამდე მე თვითონ დავდიოდი მარნეულის სოფლებში და ვატარებდი ტრენინგებს აზერბაიჯანულ ენაზე. ჩემი თემა იყო ოჯახში ქალებზე ძალადობა. მაგრამ ამ თემისადმის ინტერესი ძალიან დაბალია. ოჯახებიც არ უშვებენ გოგოებს ტრენინგებზე დასასწრებად, რადგან უმეტესი ოჯახი თვლის, რომ გოგო დაამთავრებს თუ არა 9 კლასს, უნდა გათხოვდეს…
ჩვენს თემში სწორედ იმიტომ, რომ გოგოები თხოვდებიან ან ინიშნებიან, ბოლო ზარი მე-9 კლასში ირეკება! ჩემი პირველი კლასელი მე-9 კლასში გათხოვდა, არ უნდოდა, ტიროდა, მაგრამ მაინც დაარწმუნეს, რომ ეს კარგი გამოსავალი იყო. ბოლოს სკოლა მხოლოდ ორმა გოგომ დავამთავრეთ.
გოგოები ძირითადად მშობლების გავლენის ქვეშ არიან. იმიტომ, რომ მშობლები თვლიან, გოგოს რაც უფრო მალე ჩააბარებენ „პატრონს“, უფრო ააცილებენ ვითომ და საფრთხეს. თან მომავალს უხატავენ ფერად ფერბში: ქმარს ექნება სიმდიდრე, დიდი სახლი, არ მოაკლდება არაფერი, მშობლებიც გვერდით დაუდგებიან და არასდროს არაფერი გაუჭირდებათ. არადა შვილის გათხოვება მშობლებისთვის უდიდესი ტვირთია: 15, 000 ან მეტი დოლარის ოდენობის სესხს იღებენ ბანკიდან, რომ სიძის სახლი მოაწყონ და მერე მთელი ცხოვრება ეს ვალი უნდა იხადონ.
მახსოვს, ერთმა ჩემმა დაქალმა დამირეკა და ნიშნობაზე დამპატიჟა. გავგიჟდი, იმიტომ რომ ვიცოდი ეს გოგო გათხოვებას ჯერ არ აპირებდა. მითხრა, შალალა, აზრი არ აქვს არაფერს, ტკბილი ჩაი უკვე დალიესო. ჩვენს თემში არის ტრადიცია, როდესაც გოგოს და ბიჭის მშობლები გარიგდებიან, გოგოს მშობლები ბიჭისას ოჯახში პატიჟებენ. თუ ჩაის დროს შაქარი მიაწოდეს, ესე იგი, საქმე გადაწყვეტილია. გოგო ამ საქმეში არ მონაწილეობს.
რა მოწონთ გოგოებს ამ წინადადებაში? ის რომ მათ ცხოვრებაში არაფერი სიახლე არ არის, თურქული სერიალების გარდა. სულ იმას ვამბობ, რომ მარნეულში სამი გასართობია: შაურმა, ავეჯის სალონი და „ზაპჩასტი“. კიდევ კარგი ახლა სმარტი მაინც გვაქვს, რომ კაფეში დავჯდეთ. ისიც გვითხრეს, რომ კინო უნდა აშენებულიყო და ბოლოს სუპერმარკეტი გაკეთდა. სოფლებში კატასტროფული მდგომარეობაა. იცით რა არის ერთადერთი გასართობი თინეიჯერებისთვის?! ქორწილები. აი, ვინ უფრო მაგარ ქორწილს გადაიხდის, ვის უფრო ლამაზი კაბა ეცმევა, ვის უფრო მაგარი სუფრა ექნება… ზიხარ ქორწილში და ფიქრობ, ნეტა შენ იყო პატარძლის ადგილას, იმიტომ, რომ სხვა გასართობი ჩვენთვის არ არსებობს… დანიშნული თუ ხარ, იმით ერთობი, რომ საქმროსთან ერთად კვირაში ერთხელ თბილისში მოდიხარ. ესეც სატყუარაა.
19 წლის ვარ და უკვირთ, რომ არ ვარ გათხოვილი. ჩემთან სტუმრად მოსულ ნათესავებს არასდროს უკითხავთ, აი, როგორ სწავლობ შალალა? მარტო იმას მეკითხებიან, აბა შალალა, ახლა სკოლა დაამთავრე, ინსტიტუტში მოეწყვე და როდის თხოვდები? სხვა რა გინდა, ბოლოს და ბოლოს ამერიკაში იყავი!
ამერიკაში ნოემბერში წავედი. (ალბათ ამაშიც გამიმართლა ის რომ გვერდით მყვანან ის საოცარი ადამიანები, როგორც დედაჩემია. საქართველოს გაეროს ასოცოაციამ (UNAG) წაარდგინა ჩემი კანდიდატურა ამერიკის საელჩოში ერთ-ერთი პროგრამისთვის. საელჩოს კონკურსში გავიმარჯვე და მეც არ მჯეროდა, რომ მივდიოდი. ნათესავები ჩემს ძმას შეხვდნენ, როგორ უშვებ შენს დას ამერიკაშიო, დედაჩემს ეუბნებოდნენ, რატომ უშვებო, მაგრამ რა იცოდნენ, რომ დედაჩემიც ჩემთან ერთად ტიროდა სიხარულისგან, როცა ი-მეილით დადებითი პასუხი მომივიდა.
ახლა ჩემი სწავლის გადასახადის ნახევარს სოკარი მიფინანსებს, ნახევარს ჩემი ხელფასით ვიხდი. მარნეულის სათემო რადიოში ვმუშაობ და სიუჟეტებს ვაკეთებ. სანამ ვსწავლობ, მინდა სოფლებში ვიარო და ტრენინგები ვატარო. ზუსტად ახლა ვიწყებ PITA-ს ფარგლებში სოფლებში სიარულს. იქნებ მართლა მოვახინო სასწაული.
ახლა ინგლისურის სწავლაც დავიწყე. მინდა, მაგისტრატურა საზღვარგარეთ დავამთავრო. ქალების უფლებების დაცვა არის ჩემი მომავალი“, – შალალა ამირჯანოვა, სტუდენტი მარნეულიდან.
წყარო: ქალები საქართველოდან Women of Georgia
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
„რატომ გაცვია დეკოლტე? მაშინ, ჩაიცვი სხვა რამე…“ – 23 წლის სტუდენტი თბილისიდან