,,ჩვენი პროფესიით დასაქმება და ცოდნის გაღრმავება ძალიან ჭირს საქართველოში”- ნელი სოსანიძე

ინტერვიუ

 

ნელი სოსანიძე ამჟამად  პანთეონ-სორბონის პარიზის უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საფეხურზე, რესტავრაციის ფაკულტეტზე სწავლობს. ის განათლების საერთაშორისო ცენტრის 2016 წლის კონკურსის გამარჯვებული და ბენეფიციარია.

საქართველოში, თავდაპირველად, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, ჩააბარა. მოგვიანებით კი სპეციალობა შეიცვალა და რესტავრაციის ფაკულტეტზე გადავიდა.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

რატომ გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა, როგორია მისი ცხოვრობა და სწავლა პარიზში?ამ თემებზე ნელი ინტერვიუში გვესაუბრა.

– როდის მიიღე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება?14691082_1177242445727611_1117891422963412613_n
საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მესამე კურსზე ყოფნისას მივიღე. მაშინ მე და ჩემმი მეგობარი ერთად დავდიოდით ფრანგულზე. ორივე მივხვდით, რომ ჩვენს პროფესიაში საქართველოში ძალიან ჭირს დასაქმება, თუნდაც ცოდნის გაღრმავება ან ახალი ხედვის ათვისება. თანაც ფრანგული ენის ინსტიტუტში (ყოფილი დიუმას ცენტრი) ყოველწლიურად ცხადდებოდა კონკურსები და გადავწყვიტეთ გვეცადა. სამწუხაროდ, პირველ წელს ვერ გამოვგვივიდა, მაგრამ მეორე წელს კიდევ ვცადე და მივიღე დაფინანსება.

– რატომ გადაწყვიტე განათლების საერთაშორისო ცენტრის (iec) კონკურსში მონაწილეობის მიღება?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთხელ უკვე ვიყავი გასული კონკურსზე, რომლის მეორე ეტაპზეც გადავედი მაგრამ საბოლოოზე ვერა. მაშინ ჯერ განათლების საერთაშორისო ცენტრთან არ ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული CampusFrance-ს. მეორე წელს, როცა ახლიდან შევიტანე საბუთები, უკვე განათლების ცენტრი და Campus France  გაერთიანებული იყო და ამიტომ გამიმართლა.

– როგორი მოლოდინი გქონდა, ელოდი გამარჯვებას?
გამარჯვებაში დარწმუნებული არ ვიყავი, თუმცა იმედი, რა თქმა უნდა, მქონდა.

– როგორ შეირჩა უნივერსიტეტი?
უნივერსიტეტი დიდი ხანია უკვე შერჩეული მქონდა და საბუთები მარტო ამ უნივერსიტეტში მქონდა გაგზავნილი (რაც ძალიან დიდი რისკი იყო). მომავალ სტიპენდიანტებს ვურჩევ, რომ, რაც შეიძლება ბევრ უნივერსიტეტში გააგზავნონ საბუთები, იმისთვის რომ დაზღვეულები იყვნენ.

– გაგვიზიარე პირველი შთაბეჭდილება…
პირველი შთაბეჭდილება, ნუ პარიზი საოცრებაა, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე მხრივ, საშინელი ქაოსი, საგიჟეთი, დაბნეულობა, ფაქტობრივად ნულიდან იწყებ ცხოვრებას. მაგრამ, მაინც სასიამონოა, როცა შენი ოცნების ქალაქში ჩადიხარ პირველად და თან საცხოვრებლად და სასწავლებლად.

– სად ცხოვრობ და როგორია შენი დღის რეჟიმი?
ვცხოვრობ ბინაში, რომელიც ცოტა წვალების შემდეგ ვიპოვე. ზოგადად, Campus france თვითონ გიძებნის ბინას, მაგრამ მე უარი ვუთხარი. მაქვს ჩემი ინდივიდუალური ოთახი და მყავს სახლის მეზობელი. დღის რეჟიმს რაც შეეხება, გააჩნია, კვირის დღეებში დილიდან საღამომდე ლექციები ან სტაჟირება მაქვს. რომ ჩამოვედი, სტაჟირების პროგრამაც ვიპოვე. თავისუფალ დროს კი ბევრ რამეს ვაკეთებ. პარიზში ვარ და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ მინახავს და მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი ავითვისო.12313933_509268735921908_2463623432137211741_n

– რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს სპეციალობაში?
ჩემს სპეციალობაში მომწონს ის, რომ საუკუნეების წინ შექმნილ ხელოვნების ნიმუშს „ვმკურნალობ“, აღვადგენ. რესტავრაცია ეს არაა ადვილი საქმე ან რაღაცა ხელოსნობის მსგავსი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრჯერ გაიმგია ასეთი შეფასებები. რესტავრაცია ესაა საკმაოდ ღრმა ფილოსოფია. სანამ ნამუშევრის რესტავრაციას ან კონსერვაციას დაიწყებს რესტავრატორი, ნიმუში მილიონ ფაზას გადის, რათა ბოლოს ერთი მართებული ტექნიკა მოერგოს ნამუშევარს.

– რა ძირითად განსხვავებას ხედავ ქართულ და ფრანგულ უნივერსიტეტებს შორის?
ძირითადი განსხვავება ისაა, რომ აქ სულ სხვა კუთხით უდგებიან ჩვენს სფეროს. მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი და ახალი ინფორმაცია მოგვაწოდონ და დაგვანახონ საქმე სხვადასხვა კუთხით.

– ამჟამად რაზე მუშაობ?
ამჟამად ვმუშაობ მეცხრამეტე საუკუნის ნამუშევარზე რომლის ავტორიც უცნობია. ასევე ვმუშაობ მეთვრამეტე საუკუნის ტილოზე და კიდევ რამოდენიმე ტილოზე, რომელთაც პატარა სამუშაოები აქვთ ჩასატარებელი.

– რას გეგმავ პარიზში სწავლის დამთავრების შემდეგ?
მომავალზე ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. კონკრეტული არაფერი მაქვს გადაწყვეტილი.

 

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები