დემეტრე ლომაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მისი სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობებია. სწავლის გარდა, ის აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” აღმასრულებელი დირექტორი, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მონიტორინგის საბჭოსა და ცენტრალური საარჩევნო კომიისიის სამუშაო ჯგუფის წევრია.
უკვე 2 წლია, რაც მონაწილეობს საუნივერსიტეტო დებატებისა და ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებაში. გაცვლითი პროგრამით სწავლობდა პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში.
უფრო დაწვრილებით, მისი საქმიანობისა და წარმატებების შესახებ დემეტრე ინტერვიუში გვესაუბრება.
დემეტრე, როდიდან დაიწყო შენი აქტიურობა და რა იყო პირველი წარმატება?
2008 წელს, პირველად საქართველოში, ჩატარდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყველა სასკოლო საგანში. გადავწყვიტე, შემემოწმებინა საკუთარი ცოდნა ისტორიასა და გეოგრაფიაში. პირველი ტური რეგიონალური იყო და ოზურგეთში ჩატარდა. სიმართლე გითხრათ, არც მახსოვდა რომ პასუხები უნდა შემემოწმებინა. შესაბამისად, როცა მაცნობეს, რომ გურიის მასშტაბით ერთადერთი მოსწავლე ვიყავი ვინც ორივე საგანში გადავიდა მეორე ტურში, წარმოუდგენელი შეგრძნება იყო… ახლაც კი მახსოვს ჩემი განცვიფრება და უეცარი პასუხისმგებლობის გრძნობა. შემდეგ უკვე ვფიქრობდი, რომ რესპუბლიკურ დონეზე ათეულში მოხვედრა აუხდენელი ოცნება იყო და სხვა არაფერი, მაგრამ სწორედ ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში… პირველ სამეულში მოხვედრამ თვითრწმენა შემმატა და დღემდე ამ გრძნობის შედეგებს ვიმკი. შემდეგი 2 წლის განმავლობაში შედეგები კვლავ გავიმეორე, ჩემი სამომავლო მიზნებიც ჩამოვაყალიბე და მათ განხორციელებას შევუდექი.
რას ნიშნავს შენთვის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის რანგში ყოფნა?
უკვე ერთი წელია რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ აღმასრულებელ დირექტორად დავინიშნე. ამის შესახებ პოლონეთიდან ჩამოსვლისთანავე გავიგე და, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი აღმოჩნდა. სწავლობდე საერთაშორისო ურთიერთობებს და უკვე მესამე კურსიდან, 19 წლის ასაკში, გქონდეს ესოდენი დიდი პასუხისმგებლობა, ძალიან მაგარი განცდაა. ამას თან დაერთო ისიც, რომ რამდენიმე საქმიანი მოლაპარაკების შედეგად, მრავალმხრივი მემორანდუმი გავაფორმეთ სახელმწიფო რელიგიის სააგენტოსთან. ეს გახლდათ პირველი მნიშვნელოვანი წარმატება აღმასრულებელი დირექტორის ამპლუაში. ზოგადად, არასამთავრობო სექტორს ახასიათებს მუშაობის თავისუფალი სტილი, რომელიც სწავლასთან ერთად დიდი შვებაა. ამ როლში, მივეჩვიე დროის უფრო მეტად დაფასებას, ადამიანებთან საქმიან კომუნიკაციას ადგილობრივ დონეზე და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სირთულეების არსებობა ის მთავრი ხიბლია, რომელიც სტიმულს ნაბიჯ-ნაბიჯ გიმატებს საქმიანობის ყოველ ეტაპზე. ამ ერთი წლის განმავლობაში იყო ფორსმაჟორული სიტუაციები, როცა რამდენიმე პროექტისა და საკითხის განხილვა და მომზადება დროის შეზღუდულ მონაკვეთში უნდა მომხდარიყო. თუმცა, მაშინ, როცა გუნდი, ვისთან ერთადაც მუშაობ, მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებულია, ვგონებ, ნებისმიერი სირთულის დაძლევაა შესაძლებელი.
შენი თაოსნობითა და მონაწილეობით განხორციელებულ რომელ პროექტს მიიჩნევ ყველაზე წარმატებულად და რატომ?
2015 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა პარლამენტის შუალედური არჩევნები საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის გახლდათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სადაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელებში განვახორციელეთ საინფორმაციო-საკონსულტაციო პროექტი. პროექტის ფარგლებში სიღრმისეულად შევისწავლე ადგილობრივი მოცემულობა სოციალური თვალსაზრისით. უშუალოდ კომუნიკაცია ადგილობრივ მცხოვრებებთან ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. რაც შეხება პროექტის შედეგებს, სწორედ ამიტომ მიმაჩნია ის ყველაზე წარმატებულ პროექტად. აგრეთვე, მინდა, წინასწარ გითხრათ, რომ ის პროექტი, რომელიც სულ მალე განხორციელდება იქნება უფრო მასშტაბური და აქტუალური. ამაში თქვენც დარწმუნდებით.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
რა როლი აქვს შენს მიღწევებში სტუდენტობასა და უნივერისიტეტს?
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ძვრებისა და ცვლილებების პერიოდია. განსაკუთრებით კი ამას ჩემს ცხოვრებაში ვგრძნობ. დღეს მე თამადად შემიძლია ვთქვა, რომ მე იქ ვარ სადაც უნდა ვყოფილიყავი და რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აღმოჩნდა ის საგანმანათლებლო სივრცე, რომელმაც მომცა შესაძლებლობები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. აქტიური ჩართულობა სტუდენტურ ცხოვრებასა და საქმიანობაში ყოველდღიურობას უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის.
რა მოგცა ევროპაში გატარებულმა სასწავლო პერიოდმა?
შარშან გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად ვიყავი პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში. იქ გატარებული დრო, პირადად ჩემთვის, არის პოზიტივიზმის მთელი „ხანა“. ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას ახასიათებს პრაქტიკული ნაწილის სისტემატურობა. თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგია და უმაღლესი დონის პროფესორ-მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთობლიობაში, ბრწყინვალე გარემოს ქმნიდა შემეცნებისთვის. როცა აუდიტორიაში 25 სხვადასხვა ეროვნების სტუდენტია და ლექციას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გიკითხავს ეს უკვე მრავლის მთქმელია. განსაკუთრებით კი მინდა, აღვნიშნო ის ჯანსაღად მოაზროვნე სტუდენტობა, რომელებთან ერთადაც საუბრები ამა თუ იმ საკითხზე, აზრების გაზიარება და დისკუსია დიდი სიამოვნება იყო.
საერთაშორისო ურთიერთობები არის ის სფერო, სადაც სამომავლოდ ხედავ შენს თავს? რატომ?
მე-10 კლასიდან მოყოლებული ვიცოდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობები იქნებოდა ის სფერო, რომელშიც შევძლებდი საკუთარი თავის რეალიზებას. „პოლიტიკა ეს ყველაფერია“ – შესაბამისად ის ჩვევები და უნარები რაც მაქვს ყველაზე მეტად ამ დისციპლინაში იყრის თავს. რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს, ის ცალსახად უკავშირდება პოლიტიკას. დღევანდელი ადგილობრივი, რეგიონალური და გლობალური გამოწვევები ქმნის მოთხოვნას ჯანსაღ აზრსა და მიდგომებზე. ზოგადად, მივიჩნევ, რომ ჩვენი თაობა წარმოადგენს ძალას, რომელსაც ძალუძს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.
როგორ უთავსებ სწავლასა და სამსახურს ერთმანეთს, გარკვეული რჩევები თუ შეგიძლია მისცე სხვა სტუდენტებს?
კარგი შეკითხვაა. მიფიქრია ამ საკითხზე ბევრჯერ, მაგრამ პასუხები სულ სხვადასხვაგვარი ყოფილა. გქონდეს ნორმალიზებული და კონსტრუქციული ურთიერთობა ლექტორებთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, ცალსახად აგვარებს ამ „დილემას“. ამავდროულად თუ სამოქმედო გეგმას და პრიორიტეტებს გაწერ, ეს მნიშვნელოვნად წაადგება დროის მენეჯმენტს. რაც შეეხება რჩევას, ამ საკითხთან დაკავშირებით, დღევანდელი შრომითი ბაზრის გათვალისწინებით, რთულია კონკრეტული რამის თქმა, თუმცა პრიორიტეტთა დალაგება მნიშვნელობების მიხედვით, შინაგან კონფლიქტზე კარგად იმოქმედებს.
თუ გაქვს კონკრეტული მიზანი, რომელიც ყველა დანარჩენზე მაღლა დგას?
არსებობს ასეთი და ეს საქართველოს გაერთიანებაა. ეს არის ჩემი უკომპრომისო მიზანი, რომელიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მიღწევადია.
ავტორი: ნათია ზარიძე