ამბობენ ,,თვალები სულის სარკეაო“ და ამ სიტყვების მნიშვნელობა ფოტოზე პოლონელმა ფოტოგრაფმა, მაგდალენა კოლიკმა, არაჩვეულებრივად ასახა. ფოტოჟურნალისტი და ბლოგერი მაგდალენა ეძებდა გოგოს, რომელსაც არასლავური გარეგნობა ექნებოდა და აზიურ სტილში, ნაციონალური სამოსი ეცმეოდა. მისი ყურადღება ქართველმა სტუდენტმა, ნინი ბერიშვილმა მიიპყრო, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობდა.
როგორც ნინი ამბობს, მათემატიკა და ციფრები ბავშვობიდან უყვარდა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მისი სამომავლო პროფესია საბანკო-საფინანსო საქმეს დაუკავშირა. თუმცა არის ერთი რამ, რის გარეშეც ცხოვრება არ წარმოუდგენია და ეს ცეკვაა. უკვე 8 წელზე მეტია ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ ,,უნივერსიტეტში“ ცეკვავს, რომელიც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1934 წელს ჩამოყალიბდა.
,,წლების მანძილზე იცვლებოდა ხელმძღვანელობა და ანსამბლის შემადგენლობა, მაგრამ დაუღალავი შრომისა და დიდი ენთუზიაზმის შედეგად, ანსამბლმა მალე მოიპოვა პოპულარობა, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს. ამ პერიოდის განმავლობაში ანსამბლს ხელმძღვანელობდნენ ქართული ცეკვის გამოჩენილი ქორეოგრაფები: ჯანო ბაგრატიონი, ბუხუტი დარახველიძე, რომან ჭოხონელიძე, იასონ ზედაშიძე. დღეს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, თენგიზ ყურაშვილი, ხოლო მთავარი ქორეოგრაფი – დავით კიკვაძეა’’, – ამბობს ნინი.
ინდივიდუალურ მიღწევებზე არ საუბრობს, რადგან ნაციონალური ცეკვების მოცეკვავე და ანსამბლის წევრია, შესაბამისად მისი ყველა მიღწევა მთელ შემოქმედებით ჯგუფს უკავშირდება. მათი ანსამბლის რეპერტუარი მთლიანად მოიცავს საქართველოს რეგიონების ქორეოგრაფიულ ფოლკლორს: ,,გურული ფერხული ფარცით“, ,,ქართული“, ,,ხორუმი“, ,,აჭარული“, ,,ფარიკაობა“, ,,ყაზბეგური“, ,,სამაია“, ,,მლეთური“, ,,შეჯიბრი“, ,,ქალთა ხორუმი“, ,,ნარნარი“, ,,რაჭული“ და ,,სვანური“.
,,ხშირად გვაქვს გასვლითი ტურები, ვართ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილეები, რომლებიც მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში გამართულა, მათ შორისაა: ბულგარეთი, რუმინეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, უკრაინა, ბელორუსი, თურქეთი, უნგრეთი და სხვა’’,- აღნიშნა ნინიმ.
ნინი განსაკუთრებულად ახასიათებს იმ ემოციას, რომელსაც ცეკვის დროს გრძნობს და ამბობს, რომ სცენაზე თავს სულ სხვა სამყაროში გრძნობს, სადაც მთელს ემოციას მოქმედებით გადმოსცემს. ცეკვის დამთავრების შემდეგ კი მაყურებლის აპლოდისმენტზე სასიამოვნო მისთვის ამქვეყნად არაფერია. რაც შეეხება ეროვნულ სამოსს, ეს მისთვის იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ცეკვისთვის განკუთვნილი ტანისამოსი.
,,ნაციონალური სამოსი სულისკვეთებას მმატებს და არ ვიცი რატომ, მაგრამ როდესაც ვიცვამ, თითქოს პასუხისმგებლობა მეკისრება, ღირსეულად ვატარო. იგი ხომ მატარებელია ჩვენი წარსულის, კულტურის, ისტორიისა და ეროვნულობის’’,- აღნიშნა მან.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ყოველდღიურ სამოსს რაც შეეხება, უპირატესობას კლასიკურსა და სპორტულ სტილს თანაბრად ანიჭებს. სახლიდან გასვლამდე კი 1 საათით ადრე იწყებს სამზადისს და მაკიაჟის გარეშე არასდროს გადის.
მიუხედავად იმისა, რომ ცეკვა მისთვის ასეთი მნიშვნელოვანია, პირველ ადგილას ოჯახსა და ძვირფას ადამიანებს აყენებს და ამბოს, რომ დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ მისთვის საუკეთესო განტვირთვა მყუდრო და მშვიდ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად საღამოს გატარებაა. მათთან დაკავშირებული ძალიან ბევრი დღეა მისთვის დაუვიწყარი. მსგავს დღეებზე კი ხშირად მისი შეყვარებულიც ზრუნავს, რომელიც ანსამბლში მასთან ერთად ცეკვავს. როგორც თავად ამბობს, ბევრი გიჟური მოგონება მოგზაურობებიდანაც შემორჩა.
ნინი არ ერიდება ჩვენთან არც მის უარყოფით მხარეებზე საუბარს და ამბობს, რომ ძალიან ბუტიაა.
,,ვინც მიყვარს, მათგან ყველაფერი მარტივად მწყინს და ვიბუტები. მაგრამ წყენა მხოლოდ 2 წუთს გრძელდება და ძალიან მალე მავიწყდება ხოლმე. ჩემი მეგობრები შეეჩვივნენ ჩემს ამ ცუდ თვისებას, მაგრამ, ალბათ, ბედნიერები იქნებოდნენ, ყველაფერზე ბუტიაობას რომ არ ვიწყებდე“,- ამბობს ნინი.
იგი ადამიანებში ყველაზე მეტად გულწრფელობას აფასებს და ამბობს, რომ რაც უნდა მიუღებელი იყოს მისთვის რაიმე საკითხი, შეუძლია გაიგოს, თუ შეატყობს რომ გულწრფელადაა ნათქვამი. უყვარს თავმდაბალი და უშუალო ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში სულ მცირედისთვის მაინც მიუღწევია და სხვებს ზემოდან არ დაჰყურებენ.
ნინის ყველაზე მეტად ადამიანების დაკარგვა აშინებს და ამბობს, რომ ადვილად ეჩვევა ადამიანებს და ვინც უყვარს ძნელად ელევა მათ.
,,როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება დადგეს დღე, როდესაც რომელიმე ადამიანი, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის, შეიძლება აღარ მყავდეს, თუნდაც რაიმე წყენის გამო, მაშინებს და მეტად ვცდილობ გავუფრთხილდე მას’’,- თქვა მან.
სამომავლოდ განსაკუთრებული გეგმები არ აქვს. ამ ეტაპზე მუშაობს, სწავლობს და ცეკვავს. ფიზიკურად დრო არ რჩება რომ დამატებით კიდევ რაიმე აკეთოს. ჯერჯერობით, არაფრის შეცვლას არ გეგმავს, თუმცა მოხარული იქნება, თუ არჩეულ პროფესიაში წარმატებებს მიაღწევს.
ავტორი: ნათია დაშნიანი