სალომე წიქარიშვილი თურქეთში, საქარიას უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, მაგისტრატურაზე სწავლობს. საქართველოში ბაკალავრიატი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. მეოთხე კურსზე იყო, როცა მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ გადაწყვიტა და მალევე თურქეთის მთავრობის სტიპენდიაც მოიპოვა.
ამჟამად სალომე განათლების მიღებას „თურქეთის მთავრობის სტიპენდიები“-ს ე.წ. “Türkiye Bursları”-ის პროგრამის საშუალებით აგრძელებს.
თუ როგორ სწავლობს და ცხოვრობს ქართველი ახალგაზრდა მეზობელ ქვეყანაში, ამის შესახებ სალომე თავად მოგვიყვება:
სალომე, რას ითვალისწინებს პროგრამა, რომლითაც წახვედი თურქეთში სასწავლებლად? როგორია პირობები?
პროგრამის აპლიკაცია ბევრ პუნქტად იყოფა, რომელიც ოჯახური მდგომარეობიდან დაწყებული სოციალური აქტივობებით დამთავრებული ყველაფერს ითვალისწინებს. მახსოვს, ცოტა არ იყოს „გამაწვალა“ აპლიკაციის შევსებამ, რადგან სისტემა ყოველ წელს იცვლება.
პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახლა თურქეთში ვსწავლობ, სრულად ფარავს პირველი გამგზავრების და საბოლოოდ უკან დაბრუნების საფასურს. დაზღვევა, რომლითაც თურქეთის მოქალაქეები სარგებლობენ, ასევე უზრუნველყოფილია. თუ თურქულ ან ინგლისურ ენაზე აპირებთ სწავლის გაგრძელებას, ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტია საჭირო. თუმცა, თუ თურქულად გინდათ სწავლის გაგრძელება და ენას არ ფლობთ, მაშინ პროგრამა თვითონ უზრუნველყოფს ენის ერთწლიან მოსამზადებელ პროგრამას. მე ამჟამად სწორედ, რომ ენის მოსამზადებელ ცენტრში ვიღებ თურქული ენის გაკვეთილებს, ყოველდღე ოთხი საათის განმავლობაში.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
ასევე უზრუნვეყოფილია საყოფაცხოვრებო პირობები ე.წ. საერთო საცხოვრებელში, რომელსაც თუქულად „იურთს“ (Yurt) უწოდებენ. ასევე კვება, დილით და საღამოს საერთო საცხოვრებლბში უფასოა. მე სახელმწიფო საერთო საცხოვრებელში ვრჩები, თურქ გოგოებთან ერთად, რომლებთანაც თურქულად კომუნიკაციის გამოცდილებასა და პრაქტიკას ვიღებ.
გარდა იმისა, რომ ყველაფერი უზრუნველყოფილია, ასევე გვაქვს სტიპენდია. ბაკალავრიატზე სტიპენდია შედარებით დაბალია, 600 ლირა. მაგისტრატურაზე 850 ლირა, ხოლო დოქტორანტურა 1200 ლირა.
რამდენად დატვირთული ხარ?
ენის ცენტრში, რომელიც ასევე უნივერსიტეტის კამპუსში მდებარეობს, თურქული ენის გაკვეთილები ყოველდღე, დილიდან შუადღემდე მიმდინარეობს. დღის მეორე ნახევრიდან თავისუფალი ვარ, მაგრამ ზოგადად თავისუფალი დრო არ მრჩება. ენის სწავლა დიდ ენთუზიაზმსა და მონდომებას მოითხოვს.
ენის მოსამზადებელი ცენტრის დასრულების შემდეგ, რომელიც ითვალისწინების ენის C1 დონემდე სწავლას, უფლება გვაქვს უნივერსიტეტში გავაგრძელოთ სწავლა. მე მაგისტრატურას თურქულ ენაზე ვისწავლი, თუმცა, რადგან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ვიქნები, რა თქმა უნდა, ინგლისური საგნებიც მექნება.
რას გამოარჩევდი თურქული განათლების სისტემაში? მეთოდი, წესები, გარემო და ა.შ.?
ვინაიდან, ეს ერთი წელიწადი მხოლოდ ენის სწავლა მევალება უშუალო შეხება არ მქონია სალექციო კურსთან, ამიტომ ვერ ვიტყვი თუ როგორია სწავლების მეთოდი. თუმცა, როგორც ჩემი მეგობრებისგან ვიცი, ძალიან რთულია. პირველ რიგში ენის გამო, რადგან აკადემიური თურქული რთული სასწავლია და ყველა უცხოელი სტუდენტი ღამეებს ბიბლიოთეკაში ატარებს. ამისთვის მორალურად ვემზადები. კამპუსი იმდენად დიდია, რომ დავიკარგე კიდეც. ორი ბიბლიოთეკიდან ერთი ბიბლიოთეკა 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ეს ძალიან მომწონს. სექტემბრიდან მეც შევუერთდები სტუდენტთა ჯარს.
სწავლის გარდა რითი ხარ დაკავებული თურქეთში?
გარდა თურქულის კურსებისა, ვესწრები სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, ვხვდები ახალ ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეგობრებთან ერთად დროს ვატარებ. ამინდი გაუმჯობესდა, ამიტომ თურქეთის ღირშესანიშნავი ადგილების მონახულებას ვაპირებ.
როგორი იყო შენი მოლოდინი გამგზავრებამდე?
თავიდან ცოტა არ იყოს მეშინოდა, რადგან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 3 წელი ცხოვრება არ არის იოლი საქმე. ჩამოსვლისას ცოტა პრობლემებს გადავაწყდი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა. ამ პროგრამით თურქეთში ძალიან ბევრი სტუდენტი ჩამოდის, შესაბამისად პრობლემები არსებობს, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია. მთავარია მოთმინება და მოტივაცია.
როგორია შენი გეგმები დაბრუნების შემდეგ?
მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. რა თქმა უნდა გეგმები მაქვს, მაგრამ 3 წლის შემდეგ რა მოხდება არავინ იცის, რადგან ყველაფერი დღევანდელ ცხოვრებაში ბოლო წამს იცვლება.
ავტორი: ნათია ზარიძე