დილის 9 საათია, მაღვიძარამ გამაღვიძა. უცებ გამახსენდა, რომ 10-საათზე სამებაში უნდა ავსულიყავი. კარებზე კაკუნისა და გარეთ საშინელი გრუხუნის ხმა გავიგონე. ჩავიცვი და ჩოდრიშვილის ქუჩისკენ გავემართე. ვიცოდი, რომ ავლაბრის მეტროსთან მეგობრები მელოდებონდნენ. ავედით ტაძარში, დაზიანებული ადგილების გასაწმენდად. უცებ, ვიღაც მაღალი, ახოვანი ბიჭი მოვიდა. თქვა დავითი მქვიაო. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვკითხე:
მე – საიდან გაიგეთ, რომ ვიკრიბებოდით? დათო – ფეისბუქიდან
დაასრულა და მითხრა, ახლა საქმეს უნდა შევუდგეო. ცოტა გული მეტკინა, უფრო მეტი მინდოდა, რომ გამეგო მასზე, მაგრამ მორიდებული მეჩვენა. აქ ყველას თავისი საქმე ებარა, ამ ბიჭს კი – წყლის ზიდვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ბიჭში სითბოსა და თანადგომის დიდი ძალა ვიგრძენი. ერთი, ორი, სამი – გადავაქციო? სულ ამის დარდში იყო. ზიდვაც ოსტატურად გამოსდიოდა. ხელში არც იატაკის ჯოხის დაჭერა შერცხვენია, არც კიბის დაჭერა, რომელზედაც გოგო-ბიჭები ფანჯრის რაფებს შემართებით წმენდდნენ.
დათოს არც საქმეში ეშლებოდა, წყალს ისე დაუღალავად ზიდავდა, რომ ცოტა არ იყოს, შემშურდა კიდეც. არაფერი ავიწყდებოდა. ხელზე ოთხკუთხედ საათსაც ხშირად დასცქეროდა. ყურადღების ცენტრიდან არც ჩემი იუმორი ეპარებოდა. თვითონაც ხუმრობდა. ხასიათიც კარგი ჰქონდა. „წყალი მოვკეტო“? – ამასაც ხშირად მეუბნებოდა, ეშინოდა დაზიანებული ტერიტორია წყლით არ გავსებულიყო და იატაკი უფრო მეტად არ დაეზიანებინა. დროსაც სწორად ანაწილებდა. ზუსტად იცოდა, როდის უნდა გამომერთო წყალი, რამდენი ვედრო უნდა ამეტანა ზემოთ და რამდენი უნდა ამევსო. თვალთახედვიდან არც ის გამომრჩენია, როდესაც იქ მომუშავე მუშებს წყალი მოუტანა, დაელაპარაკა და მადლობაც უთხრა. ისევ წყალი და ისევ დასუფთავება. ეს ფიქრები არ ასვენებდა დათოს.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
„იატაკს, რომელი ჩვრით ვწმენდთ? დიდითა თუ პატარათი“, –დიდით! აქაც თავისი ძალ-ღონე ეფექტურად გამოიყენა და არც უწუწუნია. მე ვდგევარ და ვცდილობ ვკითხო, რამ გადააწყვეტინა აქ მოსვლა? თუმცა, ამ კითხვას დასმა მალე გადავიფიქრე, რადგან ქმედება აშკარად პასუხი იყო. მეგობრის გაზიარებულმა პოსტმა აქ მოიყვანა, მაგრამ უფრო მეტად ჩვენმა აქტივობამ გაახარა, ირგვლივ საქმიანმა გარემომ, – ეკას მარჯვე ხელებმა, სოფოს საოცრად პოზიტიურმა სახემ. არც გოგონების მიმართ იშურებდა ქათიანურებს – “თქვენ ვის ოჯახშიც შეხვალთ ის ოჯახი აშენდებაო“. პოზიტივს, რომ პოზიტიური გარემო და სითბოთი სავსე ერთიანობა ემატებოდა, არც ეს გამორჩენია. ალბათ, ძნელია, დათოსნაირი ადამიანების პოვნა, არც ანგარების, არც დაყვედრების, არც გამოჩენის გამო რომ არ იბრძვიან. მავანნი იტყვიან, რა ძალა ადგა? – არაფერი! ასე, ერთ დღეს შევიდა „ფეისბუქზე“, წაიკითხა მეგობრის პოსტი და ოპერატიულადაც გამოგვეხმაურა. არც საქმე დაუზარებია და არც ღონე.
მოკლედ, იცნობდეთ ეს დათო მჭედლიშვილია…
ავტორი სტუდენტი: თორნიკე დევაძე