დიმა ქარჩავა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. ის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე სწავლობს და მისი მოწოდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა და ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დახმარებაა. იმისათვის, რომ სხვების დახმარება შეძლოს, აქტიურად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და ჩართულია კონფერენცია-ტრენინგებში.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დიმა ამჟამად, თბილისის ევროპულ-ახალგაზრდული ცენტრის პროექტების კოორდინატორია. ასევე, ხელმძღვანელობს არაპოლიტიკურ, ახალგაზრდულ გაერთიანებას – “სენაკის აქტიური თაობა”. სხვადასხვა ორგანიზაციებში, მათ შორის, “წითელ ჯვარში” მოხალისე იყო. 2013 წელს დიმა გახდა გამარჯვებული საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კონკურის ნომინაციაში – “წლის ახალგაზრდა სწავლასა და მეცნიერებაში მიღწეული განსაკურებული წარმატებებისათვის“, – უფრო დაწვრილებით მის საქმიანობასა და გეგმებზე ინტერვიუდან შეიტყობთ:
დიმა, საიდან დაიწყო შენი ასეთი აქტიურობა ახალგაზრდულ პროექტებში და რა როლი ითამაშა უნივერსიტეტმა შენს ამგვარ წამოწყებაში?
შრომისმოყვარეობა, მუდმივი ძიება და ხალხთან ურთერთობის სიყვარული მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემს საქმიანობაში. სკოლაში სწავლის პერიოდშივე ვცდილობდი, აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, ვმონაწილეობდი სასკოლო ოლიმპიადებსა და პროექტებში, შემდგომ წლებში სხვადსახვა ორგანიზაციაში აქტიურად ვეწეოდი მოხალისეობრივ საქმიანობას, გავიცანი საინტერესო ადამიანები, ბევრი თანამოაზრე გავიჩინე და შევიძინე პროფესიული გამოცდილება.
უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, ინოვაციისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში გამევლო სტაჟირება სამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. აღნიშნულ პერიოდში არაერთი ინოვაციური პროექტი განვახორციელეთ.
რაც შეეხება “სენაკის აქტიურ თაობას”, რა არის მისი შექმნის მიზანი?
„სენაკის აქტიური თაობა“ წარმოადგენს არაპოლიტიკურ, მოხალისეთა ახალგაზრდულ გაერთიანებას, რომლის მისიაა ახალგაზრდების გააქტიურების ხელშეწყობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, საკუთარი როლის თავისუფლად წარმოჩენისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ რეგიონებში საკმაოდ ბევრი აქტიური, ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდაა, რომელთაც მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხიდან. ამასთანავე, აუცილებელია საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა.
განსაკუთრებით, რომელი პროექტის განხორციელებით ამაყობ?
თითოეული პროექტი, რომლის ორგანიზატორი ან თანამონაწილე ვყოფილვარ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით აღვნიშნავდი პროექტს, „სტუდენტები მომავალი სტუდენტებისთვის“, რომელიც „სენაკის აქტიური თაობას“ ორგანიზებით განხორციელდა. წარჩინებულმა და აქტიურმა სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტებისა და პროფესიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს აბიტურიენტებს და გამოცდილება გაუზიარეს. მომავალში კი ვგეგმავთ აღნიშნული პროექტი უფრო მასშტაბური გავხადოთ.
როგორ უთავსებ სწავლასა და სამსახურს ერთმანეთს, გარკვეული რჩევები თუ შეგიძლია მისცე სხვა სტუდენტებს?
არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ გარკვეულწილად მიჭირს სწავლისა და სამსახურის შეთავსება. საბედნიეროდ, სასწავლებელისა და სამსახურის წარმომადგენლებიც ხელს მიწყობენ.
ამ კუთხით საქართველოს განათლების სისტემაში მთელი რიგი ხარვეზებია, ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდების საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამსახურზე გადასვლა. მათ ესაჭიროებათ მხარდაჭერა, განსაკუთრებით პროფესიული გამოცდილების კუთხით. განათლების დონის ამაღლება და დასაქმების ხელშეწყობა, ხომ ქვეყნის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს.
ახალგაზრდებს კი ვეტყოდი, რომ კონკრეტული „წარმატების ფორმულა“ არ არსებობს, მთავარია აკეთოთ ის რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ და გქონდეთ ღრმა რწმენა, რომ თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ! ამიტომაც მინდა, ბევრი წარმატება და გამარჯვება გისურვოთ ყველას!
თავისუფალი დრო თუ გრჩება და როგორ ახერხებ განტვირთვას?
ვცდილობ, დრო მაქსიმალურად სწორად გადავანაწილო, ამის შედეგად ბევრ საქმეს და განტვირთვასაც ვასწრებ. თავისუფალ დროს, ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვატარებ. ვცდილობ, მივყვე ჯანსაღ ცხოვრებას. ძალიან მიყვარს პოეზია, ვსწავლობ ქართულ, აფხაზურ და მეგრულ ლექსებს, თავადაც ვწერ და ვაკეთებ ჩანახატებს.
და ბოლოს, რა არის შენი მთავარი მიზანი?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ, რაც მოტივაციას მმატებს, ამიტომაც მინდა მათი იმედები გავამართლო. მსურს, ცხოვრების მანძილზე ბევრი ისეთი საქმე გავაკეთო, რაც ახალ თაობას წარმატების მიღწევაში რეალურად დაეხმარება. არ ვფიქრობ, რომ არსებულით უნდა დავკმაყოფილდე, მთავარი „ბრძოლა“ წინაა. მწამს, აუცილებლად მივაღწევ დასახულ მიზნებს.
ავტორი: ნათია ზარიძე