აკადემიური საბჭო სტუდენტების მოთხოვნებზე საპასუხოდ “გონივრულ ვადას” ითხოვს

სტუდენტური ცხოვრება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის საკითხზე მსჯელობისათვის გონივრული ვადა ითხოვა. აკადემიური საბჭოსა და განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის შეხვედრა სამინისტროში დასრულდა.

როგორც აკადემიური საბჭოს წევრმა ნუგზარ სურგულაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სიტუაცია დღეს ფაქტობრივად უმართავია. სტუდენტების ორ ჯგუფს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს.

“აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა. ვაპირებთ მივიდეთ სტუდენტებთან და ვთხოვოთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დასმულია სტუდენტების ორივე მხარის მიერ, ყველა პრობლემას განვიხილავთ, ოღონდ საჭიროა გარკვეული დრო, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. მათ შორის, დღეს ერთ-ერთი მთავარი იყო რექტორის გადადგომის მოთხოვნა. მართლაც არის გარკვეული პრობლემები, რომელიც შესასწავლი და გასარკვევია, ბევრი საყვედურია, რაღაც შეცდომებზეა ლაპარაკი რექტორის მხრიდან, საბჭოს წევრებს შორისაც არის განსხვავებული აზრი, მაგრამ ამისთვის საჭიროა გარკვეული დრო”, – განაცხადა ნუგზარ სურგულაძემ.

თუმცა აკადემიური საბჭოს წევრს, ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია დაახლოებით რა პერიოდი შეიძლება იგულისხმებოდეს გონივრულ ვადაში. ამასთან, ცნობილია, რომ დღეს აკადემიური საბჭოს წევრები რექტორ ვლადიმერ პაპავასთან შეხვედრას თსუ-ში გამართავენ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები