რა სახით აგრძელებენ სტუდენტები პროტესტს თამარ სანიკიძესთან შეხვედრის შემდეგ

აქტუალური

მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუდენტების ორივე ჯგუფის (“აუდიტორია115-ისა” და თსუ-ის თვითმმართველობის) წევრებს ესაუბრა, მიიღეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის თვითმმართველობის სტრუქტურული ცვლილების შესახებ. როგორც მინისტრმა გუშინ შეხვედრების შემდეგ განაცხადა, ერთადერთი საკითხი, რომელზეც თვითმმართველობის წევრებთან კონსესუსამდე ვერ მივიდა, რექტორის გადადგომის მოთხოვნაა.

13078_1054099527949631_2558334539563695748_n-680x365სწორედ ამ მოთხოვნით, შიმშილობას აგრძელებს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე შალვა საბაური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შალვა საბაურმა გუშინ, განათლების მინისტრთან და უნივერსიტეტის რექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის თვითმმართველობის მოთხოვნა ვლადიმერ პაპავას გადადგომასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია, ხოლო სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

ასევე, შიმშილობას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამი ლექტორი – იზოლდა ჭილაძე, გიული ქეშელაშვილი და მანანა ხარხელი, მოთხოვნით, რომ არ გადადგეს რექტორი ვლადიმერ პაპავა და შეწყდეს ამ საკითხით მანიპულირება.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

თამარ საინიკიძე, გუშინ სტუდენტებს დაპირდა, რომ ორშაბათს, განათლების სამინისტრო მოითხოვს ე.წ. ოდეერების საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. რაც შეეხება რექტორის გადადგომის მოთხოვნას, მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პაპავას გადადგომის საკითხი ჯერ არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ “აუდიტორია115-ის” წევრი სტუდენტები არ ეთანხმებიან თვითმმართველობის მხარდამჭერი სტუდენტების მოთხოვნას ვლადიმერ პაპავას გადადგომის შესახებ და ასევე, ძალაში ტოვებენ მათ მოთხოვნებს:

“ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, როდესაც გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნა კანდიდატურა. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, მივიღეთ პირობა, რომ დაიწყება მსჯელობა თვითმმართველობის სტრუქტურის რეფორმირებაზე. განათლების სამინისტრო მხარს უჭერს, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციების განსაზღვრა. მიღწეულია შეთანხმება, რომ თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად განისაზღვროს უნივერსიტეტის მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება და სტუდენთა ინტერესების დაცვა.

ასევე, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია უნივერსიტეტის მმართველი თანამდებობის პირები აირჩეოდნენ პროფესორებისა და სტუდენტების ჩართულობით. რექტორის, კანცლერისა და აკადემიური საბჭოს და ა.შ. არჩევის დღევანდელი სისტემა არადემოკრატიულია და აუცილებელია არჩევის წესის ცვლილება. ამასთან დაკავშირებით, “აუდიტორია 115″ წარადგენს კონკრეტულ ინიციატივებს. განათლების სამინისტრო და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მზად არის ამ თემებზე სამუშაოდ” – აცხადებენ “აუდიტორია 115”-ის წევრები.

როგორც Studinfo-ge-ის “აუდიტორია 115”-ის წევრმა, ნათია ქარჩილაძემ უთხრა, სტუდენტები პროტესტს კვლავ აგრძელებენ და არ ტოვებენ უნივერსიტეტის 115-ე აუდიტორიას (სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან), რადგან თსუ-ის თვითმმართველობა კვლავ რჩება უნივერსიტეტში და აგრძელებს რექტორის გადადგომის მოთხოვნას.

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, 12 საათზე, აქციას გეგმავენ როგორც “აუდიტორია 115”-ის მომხრეები, ასევე თვითმმართველობის მხარდამჭერები. პირველი ჯგუფი თავის მომხრეებს უნივერსიტეტის შიდა ეზოში ელოდება, მეორე ჯგუფი კი, უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები