ძვირფასო მეგობრებო, მე წინა წელს თქვენსავით აბიტურიენტი ვიყავი და ჩემი მოლოდინები ძალიან დიდი იყო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული მოლოდინია ცხოვრების ახალი სტილი, განსაკუთრებით აბიტურიენტისთვის, რომელიც მთელი 12 წელი ოცნებობდა იმ ”საოცარ დღეზე”, როდესაც ოფიციალურად სტუდენტი იქნებოდა. სტუდენტობა ყველა მოსწავლის ოცნებაა – ეს არის პერიოდი, როდესაც ლექტორები გიყურებენ ისე, როგორც მომავალ კოლეგას, მოგმართავენ ”თქვენობით”, სწავლობ მხოლოდ იმას, რაც გაინტერესებს და არა ყველაფერს, შეგიძლიათ იაზორნოთ თავისუფლად, გამოჩნდეთ ტელევიზორში, გაიჩინოთ შეყვარებული, გააპროტესტოთ რაიმე და ა.შ. სტუდენტობა სხვა უამრავი ინოვაციითაც გამოირჩევა და თქვენს ისედაც ხანმოკლე ცხოვრებაში, ეს პერიოდი განსაკუთრებულ მოგონებებად დარჩება. მაგრამ, შეიძლება აბიტურიენტობის დროს ისეთი არჩევანი გააკეთო უნივერსიტეტზე, რომ მომავალში მხოლოდ შავ მოგონებად დაგრჩეთ თქვენი წარსული სტუდენტობა.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სამწუხარო რეალობა ისაა, რომ დღეს საქართველოში ბიზნესმენები მხოლოდ ცრუ პიარით ამტკიცებენ თავიანთი უნივერსიტეტების უპირატესობებს, ადებენ იმდენად მაღალ გადასახადს, რომ დამერწმუნეთ, საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, სწავლება ამ თანხის მესამედიც არ ღირს. მდიდარ ან შეძლებულ (ე.გ. ”ფულიან”) ხალხს ძირითადად რითაც ხიბლავენ, მაღალი გადასახადია – რას ვიზამთ, ასეთია შეძლებული ადამიანის ფსიქოლოგია – კარგი და პრესტიჟული ჰგონია ის, რაც უბრალოდ ”ძვირია” და არ უნდა თავისი შვილი სწავლობდეს ”ამ სახელმწიფო უნივერსიტეტში”. ეს ყველა კერძო უნივერსიტეტს არ ეხება, რასაკვირველია. ზოგი კერძო უნივერსიტეტი ჯობია კიდეც სახელმწიფო უნივერსიტეტებს. არსებობენ ისეთი კერძო უნივერსიტეტები, რომელნიც ნამდვილად კარგ განათლებასაც იძლევიან და კარგი მოგონებებითაც აღბეჭდავენ თქვენს სტუდენტურ ცხოვრებას.
მე არ მაქვს უფლება, პიარი ან ანტიპიარი გავუწიო რომელიმე უმაღლეს სასწავლებელს, თუმცა, გულით მსურს, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ. მე არ ვსწავლობ ყველა უნივერსიტეტში, არამედ მხოლოდ ერთში, აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ ჩემს მონაცემებს არ ენდოთ, მაგრამ უნივერსიტეტების არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი კრიტერიუმები (თუმცა, უმჯობესია თვითონ გაწეროთ ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეაფასებთ ამა თუ იმ უნივერსიტეტს ინდივიდუალურად, რათა საკუთარ არჩევანსა და მომავალ კარიერაზე მხოლოდ თავადვე იყოთ პასუხისმგებელი):
რჩევა 1 – ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორაა საგნები გადანაწილებული სემესტრების მიხედვით.
პირველ ყოვლისა, გეტყვით იმას, რომ უნივერსიტეტში ზოგი საგანი მხოლოდ ერთ სემესტრში ისწავლება, ზოგი ორში, ზოგი კი რამდენიმეში. მაგალითად, მე სამართალზე ვსწავლობ და სისხლის სამართალს ორ სემესტრზე ვსწავლობ, თუ არ ჩავთვლით საპროცესო ნაწილს. საგან ეკონომიკას მხოლოდ ერთ სემესტრში ვსწავლობთ და ასე.
რჩევა 2 – ამა თუ იმ ფაკულტეტზე საგნების სწორი თანმიმდევრობით გადანაწილებას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს განათლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის.
უნდა იყოს დაცული საგანთა ურთიერთთავსებადობა და ურთიერთმიმართება. ალბათ დამეთანხმებით, რომ საგანი ”შესავალი სამართალმცოდნეობაში” პირველ კურსზე(პირველ სემესტრში) უნდა ისწავლებოდეს და არა მეოთხე კურსის მეორე სემესტრში. გარდა ამისა, აუცილებელია ფუნდამენტური საგნები(ანუ ის საგნები, რომლებიც მაგალითად პროფესია ”იურისტთან” ყველაზე მეტადაა დაახლოებული, ანუ იურიდიული დისციპლინები) პირველ და მეორე კურსზე ისწავლებოდეს, რადგან მესამე და მეოთხე კურსზე სტაჟირებასა და მუშაობაში ხელი არ შეგეშალოთ და, პირიქით, თეორიულმა ცოდნამ, ხელი შეგიწყოთ კიდეც.(აბა, თუ თეორიული ცოდნა არ გაქვს, როგორ უნდა ისწავლო შენი საქმე ან როგორ უნდა შესასრულო ესა თუ ის დავალება?). მე მაგალითად პირველ-მეორე კურსზე ისეთ საგნებსაც მასწავლიან, რომლებიც არაიურიდიული დისციპლინებია, მაგალითად ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციოლოგია. მართალია, ეკონომიკის საფუძვლების ცოდნა იურსიტისთვის საჭიროა, რათა კანონის სწორი ინტერპრეტირება მოახერხოს, მაგრამ უმჯობესი იქნება, ეს საგანი მეოთხე ან მესამე კურსზე ისწავლებოდეს და არა პირველ ან მეორე კურსზე. ჯობია, ე.გ. რთული და ფუნდამენტური საგნები პირველ კურსზე იყოს შეტანილი, ხოლო მარტივები და არაფუნდამენტურები ბოლო კურსზე, რათა დიდმა თეორიულმა სასწავლო მასალამ არ შეგიშალოთ მუშაობაში ხელი ან, პირიქით, მუშაობამ არ შეგიშალოთ სწავლაში ხელი. ამისთვის, საკმარისია გაცნობით პროგრამებზე მიხვიდეთ და უნივერსიტეტს 8-ვე სემესტრის საგანთა ცხრილი გამოართვათ და მეგობარს, რომელიც ამ ფაკულტეტზე სწავლობს, ჰკითხოთ, რამდენადაა დაცული საგანთა ურთიერთთავსებადობა და ურთიერთმიმართება ანუ ის პრინციპები, რომლებიზეც ზევით ვისაუბრე.
რჩევა 3 – აირჩიეთ ის უნივერსიტეტი, რომელსაც ”არ დასცინიან”.
დამსაქმებლები ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რომელი უნივერსიტეტის რომელი ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული. წარმოიდგინეთ, ხართ დამსაქმებელი და წარგიდგინეს ორი დიპლომი – ერთი ი-ეს-ემის და მეორე ისეთი უნივერსიტეტის, რომელზეც ყველა ”ღადაობს”. რომელს დაასაქმებდით? პასუხი მარტივია. დაივიწყეთ სტერეოტიპი: ”თუ სწავლა გინდა, ყველგან ისწავლი”.
ყურადღება მიაქციეთ აკადემიურ პერსონალს. აკადემიური პერსონალი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეფიციტია, თუმცა არის ისეთი სასწავლებლებიც, რომელთა ლექტორებსაც უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში აქვთ განათლება მიღებული. აკადემიური პერსონალის შესახებ ინფორმაცია ბევრ უნივერსიტეტის საკუთარ საიტზე აქვს გამოქვეყნებული.
ჩემი აზრით, ეს სამი ყველაზე კარგი კრიტერიუმია უნივერსიტეტის ასარჩევად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სწავლას აყენებენ პირველ პლანზე. არ დაგავიწყდეთ, რომ თბილისში არის ისეთი უნივერსიტეტები, სადაც ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
ქართველი სტუდენტისგან (სახელი და გვარი განზრახ არ ქვეყნდება)
იხილეთ ასევე: