მე და ბოლოს მორალი

ARIS ბლოგერი

 

მშობლების ხელმოკლეობის გამო დავიბადე ქალაქ ფოთში, ხოლო, ბედის უკუღმართობის ბრალია, რომ 1995 წლის 20 იანვარს მოხდა ჩემი ამ ქვეყნად მოვლენა. გადმოცემით ვიცი, რომ სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი დაბადების, თუმცა ავადსახსენებელმა ექიმმა მაინც გაიტანა თავისი და ზუსტად 6 წლის შემდეგ ნესტიანი ფოთის ერთ-ერთ ასევე ნესტიან სკოლაში შევდგი ჩემი არც ისე პატარა ფეხი.

თავიდანვე არ მომეწონა მაშინდელი საქართველოს განათლების სისტემა, თუმცა, აზრის ადეკვატურად ჩამოყალიბების უნარს მოკლებული გახლდით და ჩემი გულისწყრომა ჩუმი შეგინებით გამოვხატე, ჩემდა საუბედუროდ, სიჩუმის კოეფიციენტი ვერ გავთვალე და ჩემი მარჯვენა ყურის პლასტიკურობამაც მკვეთრად იმატა. მართალია, ძალადობის წინააღმდეგი გახლდით და საერთოდაც, სულით პაციფისტი ვარ, აგერ უკვე, 21 წელიწადია, მაგრამ ამგვარ სისასტიკეს ჩემი სულისა და სხეულის გამოწრთობისთვის გაწეულ აუცილებელ მსხვერპლად ვთვლიდი და ვითმენდი. სინამდვილეში, უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა, – მასწავლებელი ჩემზე ღონიერი იყო.

☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

რა გასაკვირია და, წლები გადიოდა. მეც გადავწყვიტე, დავმორჩილებოდი ბუნების კანონებს და გაზრდა გადავწყვიტე, რაშიც საკმაოდ წარმატებული გამოვდექი და საკმაოდ დიდი გავიზარდე, იმედს ვიტოვებდი, რომ ეს ჩემი ერთადერთი წარმატება არ იქნებოდა ცხოვრებაში და მოზარდისთვის შესაფერისი ნაბიჯებით მივდიოდი ბოლო ზარისკენ. ყმაწვილკაცური სილაღე და ლოყებზე ჯაგარი ოხრად მქონდა და ვცდილობდი დრო უქმად არ დამეკარგა. სწორედ ამიტომ, დღეში, მინიმუმ, სამჯერ ვთამაშობდი ჯოკერს. სამწუხაროდ, ჯოკერი არ იყო ის, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში დამეხმარებოდა და გადავწყვიტე, დამესახა მიზანი, მეხმარა ყველანაირი ძალა მის მისაღწევად და ჩემი ცხოვრება კარგისკენ შემეცვალა…

ყველაფერი ასე მარტივად და ესთეტიკურად როდი მოხდა! მამაჩემმა დამისვა და მითხრა, – შვილო, როდემდე აპირებ ასე უსაქმურად წანწალს, რამე ისწავლე, თორემ იქნები მუშა, წაგიყვან ობიექტზე და ამტვრიე აგურებიო! – ზოგადად, მტვრევის, მსხვრევისა და ლეწვის იდეა სულ მხიბლავდა, თუმცა, მამაჩემის მიერ მართლა ნათქვამ ტექსტში სიტყვა მტვრევა ჩემს გასწვრივ ეწერა და მეც გადავწყვიტე საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. ერთადერთი, რაც მეხერხებოდა ტყუილების ლაპარაკი იყო და იურიდიული ფაკულტეტიც ზედგამოჭრილად მივიჩნიე ჩემთვის, ეროვნულ გამოცდებს ადვილად გავცდი და 50 პროცენტიანი გრანტით ილიას უნივერსიტეტში მიკრეს თავი.

სიმარლე გითხრათ, ეს სასწავლო დაწესებულება არ იყო ის ადგილი, სადაც მელოდნენ და არც მე ვიყავი ის, ვინც სტუდენტის ამპლუას ისე მოირგებდა, როგორც გასართობი ცენტრის მუშაკი სპანჩბობის კოსტუმს, მოკლედ ჩავეშვი… მერე იყო  ძილი, ბევრი ძილი, რაღაც უაზრო კონკურსები, იაფასიანი რომანი, გატეხილი გულები და მიკროსაფინანსოები… ყველაფერი ისე, როგორც ნამდვილ, ქართველ, ჯიგრიან სტუდენტს შეჰფერის… გარდა ერთი რამისა, იმის მაგივრად, რომ შიმშილისგან და ნერვიულობისგან წონა დამეკლო, – 23 კილოგრამი მოვიმატე.

უდიპლომო სასიძოს სტერეოტიპმა დაგვღუპა ქართველები და ჩვენმა მშობლებმა სათითაოდ შეგვყარეს უმაღლეს სასწავლებლებში. ვიღაცას კალატოზობა უნდა და ვიღაცას მკითხაობა, ერთი ქიმია-მათემატიკურზე სწავლობს, მეორე სამედიცინოზე და ასე არაფერი გამოვა! თუ საქმე არ გაინტერესებს, უინტერესო თავად გახდები, ამიტომ მკითხველებო, მეგობრებო, მეზობლებო და ნათესავებო, უბრალოდ ნაცნობებო, ჯერ უცნობებო და აწი გასაცნობებო: – ნუ ჩააბარებთ უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი 63 წლის მეზობელი ზაირა უმაქნისად და ოჯახის შემარცხვენლად შეგრაცხავთ! ის აკეთეთ, რაც გინდათ და თქვენი ბიოგრაფიის ბოლო ჰეფი ენდი იქნება.

იხილეთ ასევე: სტუდენტობამ არაფერი მოგვცა, ეს ჩვენ მივეცით სტუდენტობას

როგორ შეიქმნა სტუდენტი

თვითაღიარებული სექს გურუს 10 რჩევა

სად ერეკლე და სად სტუდენტობა

გამოცდის წინა ღამე, ანუ “გადავიწერ ჩემი რა მიდის”

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები