„სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ”, „თვითორგანიზების ქსელი” და „მწვანე მუშტი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტარციას ლექტორებისა და სტუდენტების აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. ისინი თსუ-ის გენდერის კვლევის ინსტიტუტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან კონფერენციის გადადების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა ორგანიზაცია „იდენტობასაც” უნდა მიეღო.
ისინი მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი ვალდებულია, დაიცვას თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი ტიპის ცენზურისგან.
„მოვითხოვთ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მოგვცეს გარანტია, რომ მომავალში დაიცავს სტუდენტებისა და ლექტორების აკადემიურ თავისუფლებას! უნივერსიტეტი არ არის სტატიკური სივრცე: ის ეკუთვნის ყველას, შესაბამისად, ყველა შესაძლო ალტერნატივას, კანონის ფარგლებში, უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს მისი სივრცე. უნივერსიტეტი არ არის სტერილური სივრცე, მასში უნდა მოხდეს ცოდნის კვლავწარმოება, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვით კი ის შორდება თავის პირვანდელ ფორმასა და კარგავს ავტონომიურობას. უნივერსიტეტში რომელიმე კონკრეტულ ჯგუფი არ უნდა სარგებლობდეს რაიმე პრივილეგიით. ის, რაც 22 თებერვალს მოხდა, იყო აკადემიური და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, სამეცნიერო საქმიანობისთვის ხელის შეშლა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სისუსტის გამოვლინება! მან ვერ უზრუნველყო უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების უსაფრთხოება და მოიხსნა ყველანაირი პასუხისმგებლობა, რაც, ჩვენი აზრით, დაუშვებელია!” – ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებები აცხადებენ, რომ ისინი წარმომადგენლობით ორგანოში აუცილებლად მოითხოვენ ახსნა-განმარტებას აღნიშნულთან დაკავშირებით და დააყენებენ შესაბამისი პირების პასუხსიმგებლობის საკითხს მომდევნო საბჭოზე.
22 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოქალაქეთა ჯგუფმა სტუდენტური კონფერენცია გააპროტესტა, რომელიც თსუ-ში გენდერის კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ თანამონაწილეობით უნდა გამართულიყო.
კონფერენციის („გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა”) ერთ-ერთი თემა ლგბტ პირთა მიმართ დამოკიდებულებები უნდა ყოფილიყო. „იდენტობამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო ამ ჯგუფების მხრიდან შესაძლო ძალადობისგან კონფერენციის მონაწილეთა დაცვა და დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მიზნით, უარი თქვა ამ სივრცეში კონფერენციის ჩატარებაზე“, რის გამოც „იდენტობამ“ გადაწყვიტა, კონფერენცია საკუთარ ოფისში გაემართა.
იხილეთ ასევე: თსუ სტუდენტური კონფერენციის ჩასატარებლად უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს
წყარო: liberali.ge