19 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ახალგაზრდული იდეების კონკურსს გამოაცხადებს.
კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. კონკურსის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.
კონკურსთან დაკავშირებულ სიახლეებს, პროგრამულ პრიორიტეტებსა და შეფასების კრიტერიუმებს – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობენ.
შემოსულ პროექტებს განიხილავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო და გამოავლენს გამარჯვებულებს.
ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:
ა) დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება;
ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი;
გ) სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა;
დ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გამოგონებების ხელშეწყობა (ახალგაზრდებში ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერის პრიორიტეტი)
უპირატესობა მიენიჭება:
ა) პროექტებს მაღალმთიანი რეგიონებიდან;
ბ) სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს;
გ) სოციალური მეწარმეობის მიმართულებით წარმოდგენილ პროექტებს.
იაქტიურეთ, წარმოადგინეთ თქვენი საპროექტო წინადადებები და მიიღეთ ფონდის მხარდაჭერა!
იხილეთ ასევე: სტუდენტური ვაკანსია მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე
USAID-ის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის